ავტორი:

Postindustrial Kids: 11 ახალგაზრდა საქართველოდან, რომელთა ისტორიები შთაგაგონებთ

Postindustrial Kids: 11 ახალგაზრდა საქართველოდან, რომელთა ისტორიები შთაგაგონებთ

„მინდა, რომ ვიყო თავისუფალი ადამიანი“, - 15 წლის დემეტრე ფარჯიანი თავის ოცნებას ერთი წინადადებით აღწერს.

სვანეთის ერთერთ საჯარო სკოლაში, სადაც დემეტრე სწავლობს, წიგნები არ მოიპოვება. თუ როგორ შეძლო მოზარდმა ამ პრობლემის გადაწყვეტა, დემეტრე ონლაინ გამოცემა Sova-ს სპეციალური პროექტში Postindustrial kids-ში ყვება. ეს მოკლე ფილმების სერიაა, რომელიც 11 ახალგაზრდას საქართველოს 10 ქალაქიდან გაგაცნობთ.

პროექტი პოსტინდურსტრიულ სივრცეში მცხოვრებ ბავშვებზეა, რომლებიც თავის ქალაქებში და სოფლებში გარემოს განვითარებით უსწრებენ და მის შეცვლას სირთულეების მიუხედავად ცდილობენ.

ერთადერთმა დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა მედიამ საქართველოში - Sova-მ პროექტი Creative Content Support Fund-ს მხარდაჭერით მოამზადა. მთელი ზაფხული გადამღები ჯგუფი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობდა იმისთვის, რომ ახალი თაობის ხმა საზოგაოებისთვის მიეწვდინა.

10 დოკუმენტური ფილმი თბილისიდან მესტიამდე განსხვავებულ ისტორიას მოგვითხრობს.

„ძალიან მიყვარს მეცნიერება, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია, მსოფლიო უკეთესი გახადო, ხალხს ცხოვრება გაუმარტივო და გადაჭრა ყველა პრობლემა“, - ასე იწყებს თავის ისტორიას 15 წლის სოფო ჩიხლაძე. ის გამომგონებელია თბილისიდან.

სოფომ თანატოლებთან ერთად შექმნა დანადგარი, რომელიც მედიკამენტების ცხოველებზე დატესტვის მავნე პრაქტიკას არ საჭიროებს და სხვა ხანგრძლივ პროცედურებს ამარტივებს. მან გამომგონებელთა კონკურსში გაიმარჯვა და ზაფხულ შეერთებულ შტატებში, NASA-ში გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საბჭოთა პერიოდის გავლენებისგან გათავისუფლებას ცდილობს, სოფოს აზრით, საზოგადოების ნაწილი სიახლეებისთვის მზად ბოლომდე არ არის.

„თბილისს რომ ვუყურებ, ვხედავ გარკვეულ ქაოსს. ვფიქრობ, ხალხი ჯერ მზად არ არის ასეთი რევოლუციონერობისათვის, რომელთა დიდ ნაწილსაც ახალგაზრდობა წარმოადგენს“.

საზოგადოების შესწავლას მომავალში გეგმავს გოგა ენდელაძე ქუთაისიდან. მოზარდი აპირებს სოციოლოგიას დაეუფლოს.

მანამდე კი თანატოლებს იაპონურს ასწავლის, აზიურ კულტურას ეცნობა და მუსიკით არის გატაცებული. გოგამ რთული ეტაპიც გადალახა, ის სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო, თუმცა თავის თავში ძალა მოძებნა და პრობლემას გაუმკლავდა.

„საკუთარ თავზე მუშაობამ და ბევრმა წვალებამ გამხადა დამოუკიდებელი და ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით“, - ამბობს გოგა.

გამოცემა Sova-ს დამფუძნებელი მართა არდაშელია მიიჩნევს, რომ ძირითადი მედია საშუალებები და პოლიტიკოსები იშვიათად ინტერესდებიან ბავშვების პრობლემებით, მშობლებს, რომლებსაც მუშაობა დღე და ღამე უწევთ იშვიათად რჩებათ ძალა ჰკითხონ: „როგორ ხარ?“. ამიტომ გადავწყვიტეთ მეტი ყურადღება მიგვექცია საზოგადოების ამ ნაწილისთვის, მოგვესმინა მათი აზრი და პრობლემები“.

Sova თითქმის 5 წლის წინ დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა დააფუძნეს. გამოცემის მიზანი რუსულ ენაზე საქართველოს შესახებ აუდიტორიისთვის უტყუარი ინფორმაციის მიწოდება იყო. გამოცემას აქტიურად კითხულობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთსა და უკრაინაში.

„გამოქვეყნების შემდეგ, ეს მასალები Creative Content Support Fund ბიბლიოთეკაში განთავსდება და მისი გამოყენება ფონდის ყველა წევრს შეეძლება. ესენი არიან დამოუკიდებელი მედია საშუალებები ბალტიის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ბელარუსიდან. ყველა ის მედია, რომელიც საკუთარ კონტენტს კრემლის გავლენის გვერდით ავლით აწარმოებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფილმის გმირებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიცნობენ“, - განმარტავს მართა არდაშელია.

2017 წელს, სწორედ ობიექტური ინფორმაციის გავრცლების გამო, Sova რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდა. შედეგად გამოცემა რუსეთის ტერიტორიაზე დროებით დაიბლოკა. ეს გადაწყვეტილება „როსკომნადზორმა“ მიიღო, რომელიც რუსეთის ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 2008 წელს ინტერნეტის მაკონტროლებელ ორგანოდ დააფუძნა.

მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, მართა არდაშელიას თქმით, საქართველოს შემდეგ, რუსეთიდან აუდიტორია Sova-ს ყველაზე მეტად კითხულობს. გამოცემას სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები აფინანსებენ, რომლებიც დამოუკიდებელი მედიის განვითარებას უჭერენ მხარს.

საზოგადოებამ PostIndustrial Kids-ის ხმა პირველად 11 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ პროექტის პრემიერაზე გაიგო. მოკლე ფილმების სერიას გამოცემის ვებ-გვერდზეც ნახავთ.

"ორიონ ტოკენი" - ვირტუალური ფული ორიონ ჯგუფისგან

ნინო მუსერიძე - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" თვის ექიმი, რომლის ფონდმაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება დაიწყო

“Holiday Factory" არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს!