ავტორი:

კორონაროგრაფია - კვლევის საუკეთესო მეთოდი ინფარქტის პრევენციისთვის

კორონაროგრაფია - კვლევის საუკეთესო მეთოდი ინფარქტის პრევენციისთვის

ათეროსკლეროზული დავადება ძირითადად ასაკოვან პირებში გვხვდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გულის კორონარულ არტერიებში პათოლოგიური ცვლილებები გამოვლინდეს ახალგაზრდა ასაკშიც.განსაკუთრებით სარისკოა ასაკისა და სტრესის თანხვედრა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს. ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადება, მათ შორის ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, მისი კიდევ ერთი რისკ-ფაქტორია ცხოველური ცხიმის ჭარბი მიღება.როგორია ათეროსკლეროზის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი და რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა ასეთი პათოლოგიის შემთხვევაში – ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის რადიოლოგი ნინო ბატიაშვილი გვესაუბრება.

- როგორ ვითარდება ათეროსკლეროზი და რამდენად საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის?

- ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სისხლძარღვის სანათურში წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება, რაც უკვე მის შევიწროებას იწვევს და, შესაბამისად, გულის კუნთს საკმარისი რაოდენობის სისხლი ვეღარ მიეწოდება. ეს პროცესი საბოლოოდ იწვევს გულის კუნთის იშემიას და ინფარქტის განვითარებას. ეს რომ არ მოხდეს, დაავადება ადრეულ ეტაპზე უნდა გამოვლინდეს, რათა მას ან მედიკამენტურად ვუმკურნალოთ. მაღალი ხარისხის შევიწროების შემთხვევაში კი სტენტირებით აღვადგინოთ სისხლის მიწოდება. დაავადების ძირითად ჩივილად გულ-მკერდის არეში ტკივილი ითვლება. ძირითადად, პაციენტები სწორედ ტკივილის საფუძველზე მიმართავენ ექიმს.

- როგორია დაავადების დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდი?

- კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კორონაროგრაფია არის ათეროსკლეროზის დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდი, რომლის დროსაც ინტრავენურად შეყვანილი საკონტრასტო ნივთიერების საშუალებით შეგვიძლია გამოვიკვლიოთ გულის სისხლძარღვები, იგივე კორონარული არტერიები. კვლევის დროს შესაძლებელია სისხლძარღვის სანათურში ათეროსკლეროზული პროცესის გამოვლენა, სტენოზის ხარისხის შეფასება, სტენტის ან შუნტის არსებობის შემთხვევაში, მათი მდგომარეობის შეფასება და ასევე, თანდაყოლილი სხვადასხვა ანომალიების განვითარების გამოვლენა.

ეს არის არაინვაზიური კვლევა, რომელიც დაახლოებით 10 წუთი გრძელდება, არის უსაფრთხო და კვლევის შემდეგ პაციენტი უპრობლემოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. გართულება და უკუჩვენება, ფაქტობრივად, არ აქვს.

- რა შემთხვევაში ინიშნება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კორონაროგრაფია?

- კვლევა ტარდება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს აქვს ჩივილი - ტკივილი გულ-მკერდის არეში და იმყოფება დაბალი ან საშუალო რისკის ჯგუფში, ვისაც შესაძლოა, ჰქონდეს კორონარული სისხლძარღვების დაავადება. რისკის ჯგუფში შედიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი ქოლესტერინი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, აქტიურად მოიხმარენ თამბაქოს, აქვთ შაქრიანი დიაბეტი და, ასევე, მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი წინაპირობა.

ყველა ასეთ პაციენტში დიდია კორონარული არტერიების პათოლოგიების განვითარების რისკი. ამიტომ, პრევენციის მიზნითაც მიზანშეწონილია აღნიშნული კვლევის ჩატარება.

ძალიან მნიშვნელოვანია, დაავადება გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია.

- რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა ასეთი პათოლოგიის მკურნალობის პერიოდში?

- მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ცხოვრების სტილი შეიცვალოს. ამაში იგულისხმება ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, თამბაქოზე უარის თქმა. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ძალიან უწყობს ხელს ათეროსკლეროზული პროცესების შეჩერებას.

NS

„წარმატება საქმის სიყვარულს მოაქვს, პირობების არქონა კი ხელს ვერ შემიშლის” - ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტის ისტორია

"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს

"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" -  ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის