ავტორი:

"სანამ ბავშვს სპორტზე შეიყვანთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეთ" - ექიმი-ფიზიოთერაპევტის რეკომენდაციები მშობლებს

"სანამ ბავშვს სპორტზე შეიყვანთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეთ" - ექიმი-ფიზიოთერაპევტის რეკომენდაციები მშობლებს

დღეს თითქმის ყველა მშობელი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში შეიყვანს შვილს სპორტის სხვადასხვა სახეობაზე, მით უფრო ჯანმრთელი გაიზრდება ბავშვი და "ტანსაც აიყრის".

თუმცა, ექიმები ხშირად გასცემენ რეკომენდაციებს, რომ ბავშვის ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა ადრეულ ასაკში სულაც არ არის კარგი, მშობლები კი იმით იმართლებენ თავს რომ, "ბავშვს უნდა", "საერთოდ არ იღლება", „ჩემი შვილის მტერი ხომ არ ვარ?" და ა.შ.

რა ასაკიდან უნდა მიიყვანოთ ბავშვი სპორტისა ხელოვნების წრეებზე და რა სირთულეები შეიძლება ახლდეს ბავშვისთვის ფიზიკურ დატვირთვას - ამ თემებზე სასაუბროდ AMBEBI.GE-მ ექიმ-ფიზიოთერაპევტს, ფიზიკურ რეაბილიტოლოგ დიმიტრი ბაგრამოვს მიმართა:

- ბატონო დიმიტრი, გასულ კვირას, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ცეკვის სტუდიაში ბავშვებს ქორეოგრაფმა, დასჯის მიზნით 200-მდე ბუქნი გააკეთებინა. რამდენად ნორმალურია ასეთი დატვირთვა 10-11 წლის ბავშვებისთვის?

- რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის, თან როდესაც ეს დასჯის გამო ხდება. აქვე ყურადსაღებია ბავშვის ასაკი და ფიზიკური მონაცემები, ხომ არ აქვს ბავშვს რაიმე სახის დაავადება ან ფიზიკური ტრავმა.

ზოგადად, ერთი და იგივე ასაკში სხვადასხვა ბავშვს განსხვავებული ფიზიკური დატვირთვის ატანა შეუძლია. ასეთმა მძიმე დატვირთვამ შეიძლება კუნთების დაჭიმულობა გამოიწვიოს. ცოტა უცნაურია, რომ ერთიანად მოხდა ამდენი ბუქნის გაკეთება, რადგან შეიძლება ოლიმპიურ ჩემპიონსაც კი გაუჭირდეს ამხელა დატვირთვის ატანა.

- ცეკვას ძირითადად რა სახის ტრავმები ახლავს თან?

- ცალ ფეხზე ტრიალის დროს შეიძლება მოცეკვავემ კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღოს. ასევე ტრავმის მიღება შესაძლებელია დახტომის დროს. მაგალითად, ავიღოთ სპორტის ორი სახეობა - ფეხბურთი და რაგბი, როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო ტრავმულია? - რატომღაც ყველას ჰგონია რაგბი, რეალურად კი ფეხბურთი უფრო მეტად.

რაგბის თამაშისას მორაგბე უფრო მომზადებულია, მაგალითად, შერკინებისას და ტრავმაც ნაკლებია. ფეხბურთი კი სპორტის ყველაზე სწრაფი სახეობაა და ამ დროს დიდია ფიზიკური დაზიანებების ალბათობა.

- რატომ არის ფეხბურთი უფრო ტრავმული სპორტი?

- იმიტომ რომ ფეხბურთში ყველაზე სწრაფი მოძრაობებია. არასოდეს იცი, მოწინააღმდეგე საით გაიქცევა. ფეხბურთელი მოედანზე დიდი სისწრაფით რომ მირბის და ამ დროს, ვიღაც ფეხს დაუდებს, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ტრავმასთან არის დაკავშირებული? ასევე მძიმეა, როდესაც შეჯახებისას ფეხს ჩაარტყამენ ხოლმე, მძიმეა ძელთან შეჯახებაც.

საერთოდ, პროფესიული სპორტი ბევრ ვარჯიშს მოითხოვს. მითუმეტეს, დღევანდელ სპორტში ბევრი თუ არ ივარჯიშე, კარგი სპორტსმენი ვერ გახდები.

ამიტომ ჩემი რეკომენდაცია მშობლებისთვის ასეთია: სანამ ბავშვს სპორტის მძიმე სახეობებზე შეიყვანენ, რომლებიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, უკეთესია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმონ

შეიძლება ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს, არც იცოდეს, ტრამვის მიღების დროს გამომჟღავნდეს და საკმაოდ მძიმე შედეგით დასრულდეს, სამწუხაროდ, ამის მაგალითებიც ვიცით...

- ხელოვნების კუთხით რომ შევხედოთ, ყველაზე ტრავმული მაინც რომელი სახეობაა?

- ყველაზე ნაკლებად შეიძლება დაზიანდეს ახალგაზრდა სამეჯლისო ცეკვებისას. რაც შეეხება ფიგურულ სრიალს, ძალიან ცუდ ტრავმებს იწვევს ყინულზე დავარდნა. ასევე ტრავმულია გიმნასტიკა, განსაკუთრებულად, როდესაც ღერძზე ტრიალებენ, ასევე ორი-სამი მეტრიდან ჩამოვარდნა და ფიცარნაგიდან ხტომა.

ნაკლებად ტრავმულია ბალეტი - ვთქვთ, ბალერონების ვარჯიშს თუ დააკვირდებით, ჯერ კარგად ხურდებიან და შემდეგ იწყებენ.

- ცურვაზე რას გვეტყვით და ბოლო დროს საკმაოდ მოდურ სპორტზე - ფარიკაობაზე?

- ფარიკაობისას ვფიქრობ, სპორტსმენები უფრო დაცულები არიან და არ მგონია, ამ დროს ტრავმა მიიღონ. ასევე ცურვის დროს, რა უნდა მოხდეს, ერთმანეთს არც ეხებიან, წყალბურთს თუ არ ჩავთვლით. ცურვისას მაქსიმუმ მხრის კუნთის დაჭიმვას მოხდეს, სერიოზული ტრავმები ნაკლებია. ზოგადად მუხლის ტრავმები ნებისმიერი სპორტის თანმდევია, ამას ვერ ასცდებიან.

- რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი ცეკვაზე და სპორტზე? არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს სტუდიაში 4-5 წლის ბავშვები დაჰყავთ...

- ცეკვაზეც და სპორტზეც, როდესაც ბავშვი 4-5 წლის ასაკში მიჰყავს მშობელს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დატვირთვებს. ხანდახან მწვრთნელები არ ითვალისწინებენ ბავშვის ასაკს და შეიძლება 7-8 წლის ბავშვები ისე დატვირთონ, როგორც 11-12 წლის. საქართველოში ამ კუთხით ნამდვილად გვიჭირს, და ცუდი ვარჯიში ბავშვს კუნთებსა და სახსრებს არასწორად უვითარებს.

სპორტი ასევე მოქმედებს მხედველობაზე, ამ დროსაც, არასწორ დატვირთვას და ვარჯიშს ვგულისხმობ. ზოგადად, ბავშვის ფიზიკური დატვირთვა გარდატეხის ასაკში უნდა დაიწყოს. შტანგის აწევა 7-8 წლის ბავშვს რომ დავაწყებინოთ, არასწორია, თუმცა ბალეტზე შეყვანისას სახსრები რომ სწორად განუვითარდეს, ძალიან არ უნდა დავაგვიანოთ, ამიტომ ნაადრევ ასაკში ჯობია, სანამ სახსარი ჩაიკეტება.

- რამდენად ხშირია პაციენტების მომართვიანობა სპორტის დროს მიყენებული ტრამვებით?

- საკმაოდ ხშირია და ამას აღმზრდელების, მასწავლებლების და ტრენერების პრობლემა იწვევს. იმიტომ ვერ ვითარდება ქართული სპორტი. რაღაც დონემდე მიდიან, წარმატებებს აღწევენ და შემდეგ ჩერდებიან.

ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვებს აქვთ ხერხემლის პრობლემები, ამას კი არასწორი დატვირთვა იწვევს. ასეთ დროს ვითარდება მალთაშორის დისკის თიაქარი. ამ დროს ეფექტური ხერხემლის დაჭიმვა (DRX-9000 TM აპარატით) და ფიზიოთერაპიაა.

რაც შეეხება ქორეოგრაფებს, მკაცრი დისციპლინის ნაცვლად, სასურველია უფრო მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ ბავშვის სწორ ფიზიკურ განვითარებას.

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე