ავტორი:

"ერთ საღამოს ბენდუქიძემ მომწერა: ეგებ მნახოთ... ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილება" - გიორგი კეკელიძე განვლილ რთულ გზასა და ამბიციურ გეგმებზე

"ერთ საღამოს ბენდუქიძემ მომწერა: ეგებ მნახოთ... ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილება" - გიორგი კეკელიძე განვლილ რთულ გზასა და ამბიციურ გეგმებზე

"ეროვნული ბიბლიოთეკა ჩემი სახლია, ნამდვილი და მთავარი სახლი. შესაბამისად, მისი ადგილის გამოცნობა ჩემს ცხოვრებაში რთული არ გახლავთ. ყველა სხვა დანარჩენი საქმე და ასეთი ბევრი - ერთი და ძირითადი დელტასავითაა, მისგან გამოდის და მასშივე ჩაედინება“ - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელიც საოცრად აქტიური, საქმისთვის თავდადებული და კარგი ამბების სათავეში მყოფი ადამიანია...

თანამდებობაზე ყოფნისას და ამის მიღმაც არაერთი სასარგებლო საქმე მიეწერება. როგორ ასწრებს ამდენს და ასე, ამასთან, იმასაც, იყოს წარმატებული მწერალი, ამაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემულ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში საუბრობს:

- სულ თავიდან რომ დავიწყოთ, როგორ ფიქრობ, რა მთავარი ნიშნის მიხედვით მოხდა, შენი ამ თანამდებობაზე შერჩევა და როგორ ჩანდა პირველ დღეებში საქმე, რომელიც წინ გელოდა?

- საკუთარ თავზე ასე საუბარი უხერხული მგონია, ისტორია კი კახა ბენდუქიძეს უკავშირდება: კახა ბენდუქიძე ძალიან უცნაურად გავიცანი. 2006 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა LIB.GE, რომელიც, რაღაც აზრით, საეტაპო პროექტადაც იქცა მაშინდელ ინტერნეტსივრცეში.

2009 წელს საიტი პოპულარობის ზენიტში იყო, ტოპ-20 ქართულ ელ-რესურსში შედიოდა. იმ წელს, ერთ საღამოს „ფეისბუკის“ მესენჯერში კახა ბენდუქიძემ მომწერა: "ეგებ მნახოთ“. ცოტა გასაკვირი ის იყო, რომ ღამის 11 საათზე დამითქვა შეხვედრა. დამხვდა მისი ლეგენდარული თანაშემწე, ჩემი მეგობარი ანა კვანჭილაშვილი და 12-ზე შევედი. მითხრა, რომ LIB.GE-ს ყიდვა და ახალ უნივერსიტეტში ინტეგრირება უნდოდა მთელი ადამიანური რესურსით. მე უარი ვუთხარი. გაუკვირდა, ოღონდ, არ სწყენია. ასე მომეჩვენა, ის ახალგაზრდული პრინციპულობა ცოტა გაუხარდა კიდეც...

მერე სხვა თემებზე გავაგრძელეთ საუბარი. სადღაც დილის 4 საათზე წამოვედით. თვეების მერე დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან თანამშრომლობა უნდოდა საუნივერსიტეტო კუთხით. ვუთხარი, რომ მყავს მეგობარი, ზაალ ჩხეიძე, ვინც ასევე საინტერესო კადრი იქნება ამ ამბიციურ პროექტში. მე და ზაალი მივედით ისევ შუაღამისას. დაგვხვდა კახა, ზაზა შათირიშვილი და ვახო მეგრელიშვილი. ამჯერად, დილის ექვსამდე ვისაუბრეთ. ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ერთი უდიდესი გამოცდილება.

მას მერე ხშირად ვხვდებოდით, თუმცა 2011 წლის ერთ საღამოს ისევ მომწერა: "ეგებ მნახოთ, ოღონდ, სასწრაფოდ". ავედი და მითხრა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილი იყო ვაკანტური და მეფიქრა. ვუთხარი, რომ კი, უნდა მეფიქრა. ნიუანსებს დიდ ყურადღებას აქცევდა და პირდაპირ რომ კი არ ვუთხარი 27 წლის ბიჭმა, მერე მივხვდი, ძალიან მოეწონა. ვიფიქრე, გეგმა გავწერე და შევხვდი. ვთხოვე, რომ ერთი რაც მინდოდა, პოლიტიკისგან დისტანცირებული მუშაობა იყო. დამპირდა, გეგმა წაიღო და რამდენიმე თვეში პარლამენტიდან დამირეკეს.

ამ გრძელი ამბით იმის მოყოლა მსურდა, რომ კახა ბენდუქიძეს, სხვა დანარჩენ უნარებთან ერთად, მეორე ადამიანის შემჩნევის ძალიან არაჩვენებური თვისება ჰქონდა. ცხადია, რთული ადამიანი გახლდათ. ჩვენ არასდროს გვიკამათია, მაგრამ ვხედავდი, როგორ გულწრფელად, მართლა გულის ამოგლეჯვამდე ედავებოდა მისთვის ყველაზე ახლობლებსაც კი. ძალიან კარგად იცოდა ისიც, რომ ადამიანი შეცდომების და სწორი ნაბიჯების, მარცხების და გამარჯვებების ჯამია. ამიტომ, არც წმინდანად მიაჩნდა თავი და რა გასაკვირია, რომ არც იუდა იყო.

მე მგონია, რომ ბოლოს ყველაზე ზუსტ "საკუთარ ადგილს" მიაგნო - უნივერსიტეტების მშენებლობისას მისი ვნება და შედეგები იოლად მიდასტურებს ამ აზრს. აკი, დაიბარა, ამ კაბინეტიდან გამომასვენეთო. და ისე მოხდა, რომ კაბინეტიდან კი არა, სხვა ქვეყნიდან ჩამოასვენეს.

ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი, რასაც არ უნდა მკარნახობდეს ირგვლივ გარემოება და "ხალხის აზრი". რაც მთავარია, მადლიერი არა პერსონალური განცდით, არამედ გაცილებით ზოგადად.

- როგორია უკვე ამ გადასახედიდან განვლილი გზა?

- განვლილი გზა ძალიან რთული იყო. უდიდესი გამოცდილების კვალად, ბევრი სიხარული და ტკივილი დაგროვდა. ამას ოდესმე უფრო წვრილად გავიხსენებ და შევაფასებ. ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური ბრენდი გახდა. ეს ჩვენი შესანიშნავი გუნდის დამსახურებაა და მეც მცირე წვლილი მიმიძღვის. სწორედ ამ ინერციით, დღეს სოფლად თუ ქალაქად არაერთი ახალი თანამედროვე ბიბლიოთეკა იხსნება.

სიტყვა ბიბლიოთეკა და წოდება ბიბლიოთეკარი პრესტიჟულად იქცა...

უმოკლესად მოგითხრობთ ჩვენი საქმეების შესახებ, ეს არის:

  • ინფრასტრუქტურული ევოლუცია - განახლებული კორპუსი ვახტანგ მეექვსე, მეორე კორპუსის რეაბილიტაცია, წიგნის მუზეუმი, დამოუკიდებლობის დარბაზი, ვაჟა-ფშაველას კომპლექსი, ჰრინევსკის ჯადოსნური დარბაზი, წიგნის ცენტრი იშხნის იატაკის ასლით, კავკასიის დეპოზიტარიუმი ქუთაისში, პირველი კორპუსის გამაგრება და რესტავრაციის დაწყება თუ სხვა უამრავი დარბაზი...
  • დიგიტალური რევოლუცია - ელ-ლაბორატორიები, საძიებო სისტემები, ბიბლიოვიკი, ლექსიკონები, ფოტომატიანე და სხვ.
  • ეკვილიბრიუმმა ათასი სოფელი მოიცვა - მოძრაობა გულისხმობს სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენასა და განახლებას - ახალი წიგნები, კომპიუტერები, ინტერნეტი, ტრენინგი, სკვერი-ბიბლიოთეკები, სამკითხველოები წისქვილებში. ასამდე უხოურ ქალაქში ქართული წიგნის კუთხე ან ბიბლიოთეკა გავხსენით. მგონი, ძალიან ცოტა არაა.

- მაგრამ მხოლოდ თანამდებობა არ არის გიორგი კეკელიძის ცხოვრებაში, არის პოეზია და პროზაც, რითაც ასევე კარგად გიცნობენ... როგორ ხდება ამ ორი დიდი საქმის ერთმანეთთან შეთავსება და თანამდებობისა და შემოქმედების თანაბარი წარმატებით მართვა?

- ჩემი ცხოვრების მთავარი საგარეო გამოწვევა სტერეოტიპების მსხვრევა თუ არა, დაბზარვა მაინცაა. შესაბამისად სულ ვცდილობ, ერთი შეხედვით შეუთავსებელი შევათავსო. ხან გამოდის, ხან - არა, ადამიანიც ხომ ამ მარცხების და გამარჯვებების ჯამია. ოღონდ, ეს "ჯამი" თქვენ უნდა შეაფასოთ.

- როგორ ფიქრობ, რა მოსწონთ შენში, როგორც მწერალში და კონკრეტულად ''გურულ დღიურებში'', რომელიც ბესტსელერია?

- მგონი, რომ ჯერაც უკეთესი პოეტი ვარ, ვიდრე პროზაიკოსი. პროზაში ჯერ მაინც ფრაგმენტულად ვვარჯიშობ და ვფიქრობ, დიდი მასშტაბით მას მოგვიანებით მივუბრუნდები. ახლა ლევან კოღუაშვილთან ერთად, მნიშვნელოვან კინოპროექტზე ვმუშაობ და ჩემი ახალი, დიდი ვნებაც აღმოვაჩინე.

ჩემი ტექსტები იმ დროის ამბებია, როცა ადამიანი საკუთარ თავს პირველად ხვდება, ანუ ბავშვობის. ალბათ იქ დაბრუნება თუ მოსწონთ.

ვაღიარებ, გადაჭარბებულად ბევრი გულშემატკივარი მყავს და საჯარო ბოდიშს ვუხდი ჩემს ზოგიერთ გულში განაწყენებულ კოლეგას ამის გამო.

- გამოირჩევი დროსთან მიმართებაში თამამი განცხადებებით, პოზიციის დაფიქსირებით. როგორც თანამდებობის პირისთვის არის თუ არა ეს გარკვეული რისკი და ოდესმე თუ მიგიღია ხელისუფლებისგან რაიმე მითითება, გაფრთხილება?

- პოლიტიკოსი არ გახლავართ და არც არასდროს ვიქნები. არც პოლიტიკური აქტივისტი ვარ კლასიკური აზრით. ეს ჩემი მოწოდება და სამოქმედო ველი არ არის. მაგრამ ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე, შესაბამისად პატრიოტი და სანამ საჯარო ცხოვრებით ვცხოვრობ, მაქვს გარდაუვალი ვალი - რაც არ მომწონს, ხმამაღლა ვთქვა.

რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ გააჩნია, საპირწონედ რა გვეგულება. თავისუფლება ჩემთვის არის ადამიანად ყოფნის უმაღლესი ნიშანი, რომელსაც ვერაფრით დავთმობ!

- ასევე მნიშვნელოვანია, რომ თურმე არასდროს გისარგებლია პრემიით, რომელიც სამსახურში გაწეული საქმიანობისთვის გეკუთვნის. რატომ?

- ვფიქრობ, სულ მცირე, უხერხულია ადამიანმა საკუთარ თავს გამოუწეროს ფინანსური წახალისება. ეს არც გმირობაა და არც განსაკუთრებული საქციელი, შესაბამისად, ვრცლად საუბარიც არ ღირს.

- წელს არაერთი კარგი საქმის სათავეში იყავი, თუმცა რას გამოყოფდი ჩვენთან სასაუბროდ, რაც ყველაზე მეტად გეამაყება და შენთვის წლის მიღწევაა?

- მოკლედ ჩამოვთვლი: ძალიან მნიშვნელოვანია ტაო-კლარჯეთის სოფლების საკვირაო სკოლებში სამკითხველოების მოწყობის დაწყება და ახალქალაქის სოფლის სკოლებში ბიბლიოთეკების შექმნა ევროკავშირის და GIPA-ს დახმარებით.

ეკვილიბრიუმის ფარგლებში მეათასე სოფელში (თხმორი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), ერთი მოსწავლისათვის მოეწყო ბიბლიოთეკა. გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, უშგულში, ამბორალაურში და ახალქალაქში ახალგაზრდული ბიბლიოთეკები გავხსენით. ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში სკვერი-სამკითხველოები მოვაწყვეთ.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით ქვინსის ბიბლიოთეკაში, ნიუ-იორკში, გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა, საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი გაიხსნა, რომლის იატაკზე იშხნის მონასტრის იატაკის ულამაზესი ასლი განთავსდა.

უახლოეს მომავალში გაიხსნება ფოლკლორის დარბაზი, ემიგრაციის მუზეუმი და კინობიბლიოთეკა... მგონი, ცოტა არ არის.

და კიდევ, 2019 წელს მგონი, საბოლოოდ დავაწესეთ წიგნის ჩუქების დღე 23 აპრილს, რომლის უმთავრესი მხარდამჭერი სწორედ თქვენი ჰოლდინგი - "პალიტრამედიაა". „გურული დღიურების“ ფონდს ჰყავს ექვსი ახალი სტიპენდიანტი რეგიონებიდან და თბილისიდან.

თუ პერსონალური საკითხია - ჩემი "თომას ზღაპრები" გამოვიდა ჩინურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. დავიწყე მასწავლებლობა თბილისში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, ახალქალაქის სოფლებში. ვატარებ ლექციებს. მაქვს რადიო და ტელერუბრიკები. მოკლედ შრომა, შრომა და შრომა მექცა უნებლიე ლოზუნგად.

- ლევილში ვიზიტიც გავიხსენოთ - რას ემსახურებოდა და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდი საფრანგეთიდან?

- ლევილში უკვე მეოთხედ ვიყავი. იქ დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს - გვინდა, დიდი ქართული ბიბლიოთეკა მოვაწყოთ

- როგორია შემოქმედებითი გეგმები? რის გაკეთებას აპირებ 2020 წელს და რა ვერ მოასწარი 2019-ში?

- 2019 წელს დაგეგმილი თითქმის ყველაფერი მოვასწარი გარდა ფეხბურთის მწვრთნელობის შესწავლისა. თუ მოვახერხე, ამ დანაკლისს გაისად ავინზაღაურებ. ეს ხუმრობაგაშვებით. ისე კი, მთავარი გამოწვევა ბიბლიოთეკის ლეგენდარული პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია და ფილმზე მუშაობის დაწყებაა.

თუმცა ადრე თუ გვიან, ცხადია, არა მომავალ წელს, მაშინ როცა დასახულ გეგმებს შევასრულებ, აუცილებლად გავდგები ჩრდილში და მხოლოდ რამდენიმე საქმით დავკავდები - ფოლკლორი, წერა, კინო, ხალხთან ერთად ყოფნა სოფლებში არის ჩემი მთავარი ვნებაც და მოწოდება. საჯაროობამ უკვე ძალიან დამღალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა

რაჭიდან ალავერდში სააღდგომო ლიტურგიაზე ორი მამაკაცი ტრაილერით ჩავიდა - "ნამყოფები არ ვიყავით და გვინდოდა აქ გვეზეიმა"

"საქართველო ძალიან მიყვარხარ" - პატრიარქი