ავტორი:

"ყველას არ შეუძლია იმ ჯოჯოხეთის გამოვლა, "კარანტინიდან" უმეტესობა წავიდა" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ამერიკულ ჯარში მსახურობს

"ყველას არ შეუძლია იმ ჯოჯოხეთის გამოვლა, "კარანტინიდან" უმეტესობა წავიდა" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ამერიკულ ჯარში მსახურობს

26 წლის ქართველი გოგონა ქეთა ოთარაშვილი სამხედრო ფორმის ჩაცმაზე ყოველთვის ოცნებობდა. თუმცა, სამშობლოში ცხოვრებისას ამის რეალიზება ვერ შეძლო. ერთხელაც ამერიკაში წავიდა და სამშობლოდან გაყოლილი ოცნებაც იქ აისრულა. მას საწყისი საბრძოლო მომზადების 70 დღიანი კურსის გავლის შემდეგ ამერიკაში ინტერნეტით ვესაუბრეთ:

- პირველი ქართველი გოგო ვარ, ვინც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის ასევე ძლიერ არმიაში უნდა იმსახუროს. ყოველთვის მინდოდა ჯარში მემსახურა. აქ რომ ჩამოვედი, ეს ინტერესი გამიღრმავდა. ერთ დღესაც, ისევე, როგორც ამერიკაში წამოსვლა გადავწყვიტე მარტომ, ასევე მივიღე ჯარში წასვლის გადაწყვეტილებაც და დავიწყე ფიქრი, როგორ მოვხვედრილიყავი ამერიკის არმიაში. ეს ჩემი ოცნების ქვეყანაა. თუმცა, საქართველოში ძალიან კარგად მქონდა ყველაფერი აწყობილი. ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ვმუშაობდი. მუდმივი კავშირი მქონდა სპორტსმენებთან, ვხედავდი, როგორ იბრძოდნენ ისინი ყოველდღიურად, როგორ ემზადებოდნენ მედლისთვის და ეს ერთგვარი მოტივაცია გახდა ჩემთვის. დაახლოებით იგივე გზის გავლა მიწევს, ოღონდ სამხედრო კარიერისთვის.

ერთი სიტყვით, ყველა შტატში არსებობს სპეციალური რეკრუიტერები, რომლებიც პროცედურების გავლაში გეხმარებიან, ანუ გაკვალიანებენ, გასწავლიან და გიხსნიან ყველა ეტაპს. ჩემს ახლოს, ნიუ-რიოკში მდებარე შტაბს მივაშურე, სადაც ამიხსნეს, თუ რა სახის მომზადება უნდა გამევლო. არმიაში სამსახურისთვის ინგლისურ ენაზე გამოცდის ჩაბარებამაც მომიწია, რაც არც ისე ადვილი ჩასაბარებელი იყო.

იმავდროულად, მოგვამზადეს სირბილში, რომელიც ფიზიკური მომზადების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. გოგონებს ცოტა შეღავათი გვაქვს, სრული ეკიპირებით, დაახლოებით 17 წუთში 3,4 კმ უნდა დაგვეფარა. ეს ყოველდღიური ვარჯიშია, რომელსაც ხან ეკიპირებით, ხანაც ისე ვაბარებთ. ამას უკვე უშუალოდ ბაზაზე ინსტრუქტორი წყვეტდა. ასევე, მოწმდება ფიზიკური ძალა, შესაძლებლობები, გამძლეობა და კარდიო-რესპირატორული სისტემის ფუნქციონირება. ფიზიკურად ყოველთვის კარგ ფორმაში ვიყავი, სპორტი ბავშვობიდან მაინტერესებდა, ოღონდ ქალისთვის შედარებით არატრადიციული სახეობები, კარატე და კრივი მომწონდა.

რაც შეეხება, შემდეგ ნაბიჯებს - სხვა საგნებში მომზადებაც დამჭირდა. 10 საგნისგან - ინგლისური, მათემატიკა, ქიმია და სხვა ტექნიკური საგნებისგან შედგენილი სპეციალური ტესტი ჩავაბარე. აუცილებელი იყო, წაკითხულის გააზრებაც... ტერმინოლოგია ინგლისურად არის და ლამის ადგილობრივებსაც კი უჭირთ. უნარები ცალკე საგნად არ არის, მაგრამ ათივე საგანში მისი ელემენტებია შეტანილი. ერთი სიტყვით, გამსვლელ 31 ქულას თუ აიღებ, ჩაბარებული გაქვს, მაგრამ რაც მეტს აიღებ, შემდეგში პერსპექტივის თვალსაზრისით უკეთესია.

- ალბათ მკაცრი სამედიცინო შემოწმება გაიარეთ...

- დიახ, ორივეჯერ ნიუ-იორკში. ძალიან მკაცრი შემოწმება იყო. თხემიდან ფეხის ფრჩხილამდე დეტალურად შეგვამოწმეს, ყველა მალა შეგვმოწმეს, მოტეხილობა ხომ არ გვქონდა, ასევე, ქირურგიული ჩარევა ხომ არ მოგვიწია... შეგვამოწმეს ტატუზეც. ისეთ ადგილას არ უნდა გქონდეს, ფორმიდან გამოჩნდეს.

- კონტრაქტი რამდენხნიანია?

- 3 წელი და 20 კვირაა... შეერთებული შტატების არმიაში 150-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ტიპის სამსახურია. მე პირველი კონტრაქტით, ლოჯისტიკის სფერო, ანუ ქვედანაყოფის მომარაგების სპეციალობა ვარჩიე. საქართველოში მაგისტრატურა მქონდა დამთავრებული, დიპლომი აქ გადავათარგმნინე, დამიმოწმეს და სპეციალისტის რანგი E-4 (სულ 9 რანგია) მომანიჭეს, რაც საკმაოდ მაღალ ხარისხად მიიჩნევა... შესაძლოა, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, მათ შორის, ცხელ წერტილებში აღმოვჩნდე - ყველგან სადაც ამერიკის ჯარი დგას. ამას კონტრაქტი ითვალისწინებს და მზად ვარ. სარისკოა, მაგრამ ძალიან საინტერესო... ამერიკა, მხოლოდ ჩემი ოცნების ქვეყანა კი არა, უკვე ჩემი მეორე სამშობლო გახდა.

- საწყისი მომზადების კურსზეც გვიამბე, რთული იყო?

- რთული და ხანგრძლივი - 70 დღე გვქონდა კარანტინი. გახსენებაც მიჭირს. განსაკუთრებით რთული იყო პირველი კვირა, რომელსაც "წითელ ფაზას" ვეძახდით. ტელეფონები ჩამოგვართვეს და გარესამყაროსთან ყველანაირი კავშირი გავწყვიტეთ, რაც ძალიან რთული იყო. მთელი დღის განმალობაში, ოთახში თითქმის არ შევდიოდით, 16 საათი გარეთ ვიყავით და ამ დროის განმავლობაში გვიწევდა ფიზიკური და მენტალური ვარჯიშები... ერთს თუ შეგვეშლებოდა, იმას კი არა, მთელ გუნდს გვსჯიდნენ. მაგალითად, ეს ეხებოდა მოწყობაზე თუნდაც რამდენიმე წამით დაგვიანებას, ან არასწორად დგომას, ან რაღაც დროის განმავლობაში ერთ ადგილზე უმოძრაოდ ყოფნა და სხვა დავალებები... ახლა რომ ვიხსენებ, თითქოს შეუძლებელიც არაფერი იყო, უბრალოდ მიუჩვევლები ვიყავით და ვცდილობდით იოლად გამოვსულიყავით, რაც არასწორი მიდგომა იყო, მაგრამ თავიდან ვერ ვხვდებოდით... არადა, ყველაფერს გვიხსნიდნენ, რათა შემდეგ ყველაფერი პრაქტიკაში გადაგვეტანა. ფიზიკურზე მეტად, ფსიქოლოგიური სტრესი გვქონდა. "ჯარისკაცის ფიცში" გვიწერია კიდეც, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ერთნაირად ძლიერები უნდა ვიყოთ. ანუ თუ მენტალურად ძლიერი ხარ, ფიზიკურს გადალახავ... ძალიან მძიმე იყო, ბოლო ორი კვირაც. ფიზიკურ ვარჯიშებს უკვე შეჩვეული ვიყავით, მაგრამ ფსიქოლოგიური დატვირთვა სულ უფრო რთულდებოდა, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ ოდესმე ეს ყველაფერი დასრულდებოდა...

- ალბათ ვიღაცებმა ვერ გაუძლეს. ხომ?

- ბევრმა ვერ გაუძლო... უმეტესად, გოგონები წავიდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც რაღაც სახით ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ზოგმა მენტალურად ვერ გაუძლო. ზოგს შვილი ენატრებოდა, ზოგს ოჯახის წევრები, ახლობლები. ამას ემატებოდა უთენია, ყვირილით და ჩხუბით გაღვიძება, რადგან გაჩვევენ დისკომფორტს, დასჯას... თავდასხმას, თავდაცვას, ალყის გაკეთებას, მოხსნას ვსწავლობდით. საერთოდ, საბრძოლო ხელოვნების ყველა სტადია გავიარეთ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ერთ კვირაში წავიდნენ. ამ დროს ჯარისკაცები ასე ვამბობთ - არ დანებდე!.. ვინც დანებდა, ვერ შეძლო... თუმცა, არც ვამტყუნებ. ყველას არ შეუძლია იმ ჯოჯოხეთის გამოვლა. რაღაცები ფრაგმენტულად მახსოვს. თუ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას არ ჩავთვლით, ძალიან კარგი პირობები გვქონდა, სამჯერადი კვებით, ყველანაირი აუცილებელი ნივთიერებით გაჯერებული პროდუქტებით, ხილით, დესერტით... მეთაურობა საითითაოდ ამოწმებდა, ჩვენი ულუფა სრულად მივირთვით თუ არა. მადლიერების დღის წინა დღეს დავდეთ ფიცი და როდესაც მეთაურობამ მოგვმართა, ჯარისკაცო! - მივხვდი, რომ ამ ერთი სიტყვისთვის ღირდა ის 70-დღიანი ტანჯვა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი უკან მოვიტოვე და ახალი ფურცელი გადავშალე... მანამდე "გასაწვრთნელებს" გვეძახდნენ და ეს რაღაცნაირად მეხამუშებოდა.

- ახლა რა ეტაპზე ხართ?

- უკვე სამსახურის ტრენინგს გავდივართ, ანუ მოსამზადებელი პერიოდი დავიწყეთ, თუმცა ვარჯიში იგივეა. ისევ დილით ადრე ვიღვიძებთ, მოწყობზე ვდგებით და შემდეგ ვვარჯიშობთ. კვების შემდეგ, მივდივართ კოლეჯში და ვმეცადინეობთ, შემდეგ ისევ ვარჯიში... საღამოს 9 საათზე ყველაფერი დამთავრებულია და ყაზარმაში შუქი ქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძილის დროა... საქართველოსთან დროის 9 საათიან განსხვავებას კარგად ვიყენებ, ამ დროს ჩემი ოჯახის წევრებს ვეკონტაქტები. სხვა რამისთვის, კითხვისთვის ან სულაც გართობისთვის, დრო ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა, ბევრი ადამიანი გავიცანი, სხვა ჯარისკაცებსაც დავუმეგობრდი, ზოგი წინასწარი საბრძოლო მომზადებიდან, ბევრიც შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ადგილებში გაგვანაწილეს, ერთმანეთთან იტერნეტით და სატელეფონო კონტაქტს არ ვწყვეტთ.

- თქვენს გარდა, ბევრი უცხოელია?

- ჩემს ბაზაზე მხოლოდ მე ვიყავი ევროპელი. ჩემს გვარს თითქმის ვერავინ გამოთქვამს. არაერთხელ უკითხავს კაპიტანს, ხუმრობით - თავად როგორ წარმოთქვამ შენს გვარსო, რომ გითხრათ, მაინც ვერ გაიმეორებთ-მეთქი, ვეუბნები... თავიდან რომ ვეტყოდი, ჯორჯიიდან ვარ-მეთქი, ჯორჯიის შტატი ეგონათ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მდეობარეობას ავუხსნიდი, ადრე რუსეთის ნაწილი ხომ იყავით, მკითხავდა ზოგი... ეგ მეტჯერ არასდროს მაკადრო, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ-მეთქი, ვეუბნებოდი. თუმცა, ჩვენდა საამაყოდ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც საქართველოს შესახებ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჰქონდა მოსმენილი, ქართველ ბიჭებს იქიდან იცნობდა. ძალიან კარგად მომზადებული ჯარი გყავთ, მოტივირებული, მიზანსწრაფული და მამაცი ბიჭებით, რომლებსაც საქმისა და მეგობრისთვის თავის გაწირვა შეუძლიათო... ჩემს მიმართაც პატივისცემით იყვნენ განწყობილი.

- რა არის ის, რითაც ამერიკული ჯარი გამორჩეულია?

- წესრიგი და დისციპლინა. შეიძლება ადამიანს ფიზიკურ და ფსიქოლოგიური მონაცემები არ ჰქონდეს ძლიერი, სიმაღლიდან ვერ გადმოხტე, ამტანი არ იყო, მაგრამ მის გამომუშავებაში გეხმარებიან, გასწავლიან, თუმცა თუ არ გაქვს შინაგანი დისციპლინა, ამერიკულ ჯარში ვერ მოხვდები.

- ვიცი, რომ ოჯახის წევრები გგულშემატკივრობდნენ. ახლა როგორია მათი ემოცია?

- ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდათ, ამიტომ სანამ ყველა მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით არ გავიარე, კონტრაქტი არ გამიფორმეს, არავისთვის მითქვამს რას ვაპირებდი. შემდეგ, სახლში რომ დავრეკე და ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ შევატყობინე, შოკი ჰქონდათ... განსაკუთრებით მამამ ინერვიულა, რა გინდა ჯარში გოგოს, თან ამერიკის ჯარშიო, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და ძალიან რთული გზის ერთი ეტაპიც გავლილი და ბოლოს შეეგუვნენ...

ე.წ. კარანტინში ყოფნისას წერილებს მწერდნენ. რასაც მეთაურობა ოპერატიულად გვაწვდიდა. დედა ხშირად მწერდა. ერთხელ მამამაც მომწერა. ეს იყო ჩემთვის უდიდესი მოტივაცია. მივხვდი, რომ უკანდახევისა და დანებების უფლება არ მქონდა.

- რა გევალება?

- ლოგისტიკაში ვარ, თუმცა, დეტალების გამხელის უფლება არ გაქვს. ჯერჯერობით სამხედრო ბაზაზე ვცხოვრობთ. შემდეგ უკვე სხვა ბაზებზე გადავნაწილდებით. ვაპირებთ, კონტრაქტით მსახურების კვალდაკვალ, სწავლის გაგრძელებას. სწავლის გადასახადს მთლინად შეიარაღებული ძალები მიფარავს... ზოგადად, აქ სამხედრო სამსახური ძალიან პრივილეგირებულია. როდესაც ქუჩაში ფორმით გადიხარ, საზოგადოებისგან უდიდეს პატივისცემას ვგრძნობთ და მაშინ ვფიქრობ, ამისთვის ღირა იმ ტანჯვის გამოვლა და ფორმის ჩაცმა. დიახ, მე ჩემი ქვეყნის სტრატეგიული და ყველაზე საიმედო მეგობარი სახელმწიფოს, ამერიკის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი!..

"მეგი პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს, მაგრამ მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებენ" - ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი გოგონა?

ექიმი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - მიღწეულია სტაბილურობა, მაგრამ მძიმეა მდგომარეობა

პეტრე ყუფარაძე არის ცოტნეს ძალიან ახლო მეგობარი - გამორიცხულია, თავდასხმის მონაწილე ყოფილიყო, ის დაეხმარებოდა ცოტნეს - ცოტნე გამსახურდიას მეუღლე