ავტორი:

"როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მიმძიმს ამაზე საუბარი" - რას წერს "მწვანე სკოლის" დირექტორი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე

"როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მიმძიმს ამაზე საუბარი" - რას წერს "მწვანე სკოლის" დირექტორი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე

"მწვანე სკოლის" თანადამფუძვნებელი და ერთ-ერთი დირექტორი ბაკურ სულაკაური 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეს ეხმაურება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით საზოგადოების ნაწილის კრიტიკას პასუხობს:

"მე ვარ „მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი. მინდა, გამოვეხმაურო საზოგადოებაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს, რომელშიც „მწვანე სკოლაც“ ფიგურირებს.

იმ დროს, როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, ძალიან მიმძიმს ამ ყველაფერზე საუბარი. მესმის და ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის გულისწყრომას და ბრაზს, რომელიც სამართლიანად შეძრულია ამ ფაქტის გამო. ახლა, მხოლოდ ბავშვის გადარჩენა და გამოჯანმრთელებაა უმთავრესი - დანარჩენი ყველაფერი მეასეხარისხოვანია.

ამავდროულად, როგორც სკოლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, პასუხისმგებლობა მაკისრია, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ვუპასუხო ან რიგ შემთხვევებში არასწორად აღქმული ამბის ნამდვილი ვერსია მოგიყვეთ.

ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ შეფასებების გაკეთებისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი:

* შემთხვევა მოხდა ღამით. დილით სკოლაში შესულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თანამშრომლებს დახვდათ წითელი საღებავით დაზიანებული კედლები, კარადები, ნახატები, ვიდეოკამერები და სხვ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმ ერთ წარწერაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ვიდოკამერების ჩანაწერებით ჩვენ ვერ მოვახერხეთ სკოლის ტერიტორიაზე ღამის საათებში შემოსული პირის იდენტიფიცირება. თუმცა დანამდვილებით დავადგინეთ, რომ შემოსული პირი სკოლის არც ერთი მოსწავლე, მასწავლებელი ან თანამშრომელი არ იყო. ამის შემდეგ სკოლამ იმოქმედა კანონის შესაბამისად. სკოლის დაცვის სამსახურს კანონი და სკოლის შინაგანაწესი ავალდებულებს, რომ ასეთ სიტუაციებში საპატრულო პოლიციას მიმართოს. ეს არა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაბიჯი, არამედ სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების და თანამშრომლების ნაწილის სურვილი იყო, სკოლას კი ამის არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც - უფლებამოსილება.

* ზოგიერთი გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ არ გამოვიძახეთ სოციალური სამსახური და ფსიქოლოგიური დახმარება არ გავუწიეთ მოზარდს. სკოლამ ვერ დაადგინა სკოლის ტერიტორიაზე შემოსული პირის ვინაობა და ბუნებრივია, ვერც იმას მიხვდებოდა, ეს პირი სრულწლოვანი იყო თუ არასწრულწლოვანი, სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა ფსიქოლოგიური დახმარება. მას შემდეგ, რაც შემდგომი მოკვლევით პოლიციამ დაადგინა პირის ვინაობა, აღმოჩნდა, რომ ის მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

* სოციალურ ქსელებში „მწვანე სკოლას“ საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში „ჩაუშვა“. სინამდვილეში სკოლამ იმოქმედა კანონისა და მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად. კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება „ჩაშვება“ არ არის.

* კიდევ ერთი არასწორი აღქმა, რაც ამ ორ დღეში ჩამოყალიბდა, იყო ის, თითქოს მოზარდი „სკოლიდან გააგდეს“, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ბავშვი მართლაც სწავლობდა მწვანე სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში და სექტემბერში, მშობლის განცხადების საფუძველზე და მათივე სურვილით გადაიყვანეს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: სკოლამ საპატრულო პოლიციას მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც რამდენიმესაათიანი მცდელობის შედეგად დაადგინა, რომ სკოლაში ღამით შემოსული პირი ნამდვილად არ იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე. სკოლას არ შეეძლო ეს საქმე გამოუძიებელი დაეტოვებინა. ჩვენთვის უმთავრესი მოსწავლეების უსაფრთხოებაა.

კიდევ ბევრი კითხვა და დაუსაბუთებელი აღქმა წავიკითხე და მოვისმინე ამ დღეებში. ბუნებრივია, ყველას ამ ერთი პოსტით ვერ ვუპასუხებ. მაგრამ ამ პოსტის შემდეგ კითხვები თუ კიდევ დარჩება, მზად ვარ, შევაჯამო და დამატებით გიპასუხოთ, აგიხსნათ და განგიმარტოთ.

ისევ დავუბრუნდები ყველაზე მთავარს - ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამაზე მნიშვნელოვანი ამ წუთას არაფერია" - წერს სულაკაური.

გუშინ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არასრუწლოვანის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, მეათეკლასელი მოზარდის სუიციდის მცდელობის მიზეზი სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა და მუქარა გახდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 15 წლის ბიჭს პოლიცია კერძო სკოლა "მწვანე სკოლის" კედლების პულივიზატორით მოხატვაში სდებდა ბრალს.

"არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება" - განაცხადეს საიაში. ორგანიზაციის იურისტის განმარტებით, მოზარდი დანაშაულს არ აღიარებდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

"ასე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი: კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?" - 15 წლის ლუკა სირაძის დედა ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ათასს გადააჭარბა - ახალი მონაცემები STOPGOV.GE-დან

"მე ის იუბილარი ანა გაბეჩავა ვარ. მინდა, მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია", - რაზე ესაუბრა ანა გაბეჩავა ელისო კილაძეს