ავტორი:

"ასე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი: კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?" - 15 წლის ლუკა სირაძის დედა ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა

"ასე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი: კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?" - 15 წლის ლუკა სირაძის დედა ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა

15 წლის ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ გადაცემა "პოლიტმეტრში" პირველად ისაუბრა ტრაგედიაზე, რომელიც მის ოჯახს 7 თვის წინ დაატყდა თავს. დედის თქმით, მის არასრულწლოვან შვილზე პოლიციის განყოფილებაში არამხოლოდ გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა, არამედ სხვა პოლიციელებმაც იძალადეს.

ჩხიტუნიძე დაკითხვის დღეს და იმ განწყობას იხსენებს, რაც მას და მის შვილს პოლიციის განყოფილებაში დახვდათ:

"პოლიციის პირველი განყოფილებიდან დამირეკეს, მოიყვანეთ თქვენი შვილი და მოდით განყოფილებაში. ჯერ რომ მე მოვიდე და მერე ბავშვი-მეთქი? შენ რაში მჭირდები, იკითხე განყოფილებაში მარიანა ჩოლოიანი და მოდი ჩემთანო. 5 საათი სრულდებოდა, რომ შევედით განყოფილებაში.

იცით რაზე ხართ დაბარებული, არც შენ არ იცი ვაჟბატონოო? არც მე არ ვიციო ლუკამ. არ იცი კედლები ვინ მოხატა, ჟურნალი ვინ გააფუჭა? მე ვიდეო მასალა მაქვს, სკოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ შენ გააფუჭე, მოსწავლეებმაც შენ დაგასახელესო. არ გამიფუჭებია, მე არავის დაუნახივარ და როგორ იტყვიანო. მე მყავს მოწმეებიო, აღიარეო ახლა, რომ გეუბნები, ლუკამ შენ გინდა რომ ეს საქმე მე დამაბრალოო. ისე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი - კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერი, იწვევდა ძალიან, გაბრაზდა ლუკა.

მე ჩემი შვილის გაბრაზება ვერ მოვითმინე და ვეხვეწებოდი: დაწყნარდი დედა, თუ შენი დაწერილია, დაწერე აღიარებითი ჩვენება-მეთქი. ცდილობდა მარიანა რომ ბავშვი გაეღიზიანებინა, მდგომარეობიდან გამოეყვანა, მოახერხა კიდევაც - ბავშვი ჭკუაზე აღარ იყო. შენი საქციელით, შენი გადახოტრილი თავით, კაპიშონით, ზუსტად შენ ხარ გამკეთებელიო. შენ იცი სად გიკრავ თავს? სადაც საჭიროა და იქ მოგხედავენო.

შენ ძმას იცი რას უზამენო (გორში სწავლობს ბექა, სამხედრო აკადემიაში) გამოაგდებენ, საქმეს გაუფუჭებენ, ვერსად ვეღარ იმუშავებს. ამაზე ბავშვი სულ გაგიჟდა ადგილს ვეღარ პოულობდა", - ყვება ლუკა სირაძის დედა.

დედის თქმით, მარიანა ჩოლოიანი მოზარდს აშანტაჟებდა, რათა მისგან აღიარებითი ჩვენება მოეპოვებინა.

"შენი ტელეფონით მიმოწერა მაქვს, რომ მეგობარს წერ - „არ გაამხილო მე რომ გავაფუჭე, თორე თავს მოგაჭრიო“. ლუკამ უარყო. შანტაჟი იყო, არა მარტო მარიანასგან, არამედ იქ მყოფი 4-5 პიროვნებისგან. ვინც გაივლიდა, ყველა ეუბნებოდა, ჩაალაგოს შენმა ძმამ ჩემოდანი, უკვე დროა, იქიდან გამოაგდებენო. საქმე გაუფუჭდება, ვერსად ვერ იმუშავებს. შე საცოდაო, რა იცი რა მოელის შენ გამო შენს ძმასო.

გავიდოდა მარიანა, მითითებას აიღებდა - მოწმეები მყავსო და მოვიდნენ "მწვანე სკოლის" მეგობრები. ამ შანტაჟის მერე, ჩვენთან ერთად დააჯინა დედა-შვილი და ეუბნება ამ ბავშვს - შენ ხომ თქვი, რომ ლუკამ დაწერა ეს ყველაფერიო? არ დამინახავს როგორ ვიტყოდიო... ეს ბავშვი გახდა ისე ცუდად, სულ კანკალებდა, ადგა დედამისი გაბრაზებული, როგორ ელაპარაკებიო, ამას რომ რამე დაემართოს, მერე რა უნდა ვქნაო და მარიანამ, ქალბატონო დაბრძანდი, თორემ შენ გარეთ გაგაბრძანებენ, სოციალური სამსახურიდან ვინმეს მოვიყვანთ და მაინც დაიკითხება ეს ბავშვიო.

მერე ამ გოგოს ეუბნება, მე შენი და ლუკას მიმოწერა მაქვს, გინდა ვაჩვენო დედაშენს რა წერიაო? არაფერი არ წერია, რა უნდა აჩვენოო - უპასუხა მეგობარმა. ასე საათნახევარი იყო ჭიდილი.

უკვე 4 საათია და დაუწყო ისევ თავიდან შანტაჟი ჩოლოიანმა, შენ დაგადეს ხელი, შენ გონია არ თქვეს, რომ შენ იყავიო. ვერ იტყოდნენ, არ დაუნახივარო. ამასობაში ლუკამაც რომ ცოტა ხმამაღლა თქვა, მილიციის ერთ-ერთი თანამშრომელი წამოვიდა უკანა მხრიდან და დაგვიწყო გინება - "ვიღაცამ ჩვენ ძაღლებად მოგვიხსენია და იმის დედაცო"... ყველა მხრიდან გინება, შანტაჟი იყო", - იხსენებს ელიკო ჩხიტუნიძე "პოლიტმეტრთან".

ელიკო ჩხიტუნიძეს თქმით, ხმაურზე პოლიციის უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისი შემოვიდა, რომელმაც ლუკა სირაძე ცალკე ოთახში გაიყვანა.

"ხმაურზე გამოვიდა პოლიციის უფროსის მოადგილე, რევაზ მამასახლისი და შეიყვანა ლუკა კაბინეტში. მე ვერ მივხვდი, უნდა გავყოლოდი თუ არა... დაახლოებით 7 წუთი იყო იმ ოთახში ლუკა, გამოვიდა და სახე ჰქონდა ალეწილი, თვალები წყლიანი, ტიროდა. დედი დაგარტყა-მეთქი? არ მომეწონა სახე, ნამდვილად ვიტყვი, რომ ბავშვს გარტყმული ჰქონდა სახეში, მაგრამ არ თქვა, დაჯდა ტირილით - კაპეზეთი დამემუქრაო. ერთად ორგანიზებულმა ამ ყველაფერმა ქნა ის, რომ მიაღწიეს, ბავშვი წაშლილიყო ყველანაირად" - ამბობს გარდაცვლილი ლუკა სირაძის დედა.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სირაძის საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჩოლოიანი ჩვენების იძულებით მიცემის ბრალდებით დააკავეს.

კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან, 6 ე.წ. დონას კლასტერია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს - მარინა ეზუგბაია

"მდგომარეობა მძიმეა" - რას ამბობს ექიმი 8 წლის ბავშვზე, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლი დაეჯახა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა