ავტორი:

"ზაზას პანაშვიდზე ვერ მოვიდოდნენ ის ადამიანები, ვინც ინტრიგები ხლართა და გული ატკინა..." - რას ყვება ზაზა ურუშაძის შესახებ რეჟისორის თანაშემწე

"ზაზას პანაშვიდზე ვერ მოვიდოდნენ ის ადამიანები, ვინც ინტრიგები ხლართა და გული ატკინა..." - რას ყვება ზაზა ურუშაძის შესახებ რეჟისორის თანაშემწე

8 დეკემბერს, 53 წლის ასაკში ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ურუშაძის ახლობლები და კოლეგები რამდენიმე თვის წინ გადატანილ სტრესს უკავშირებენ მის ნაადრევ გარდაცვალებას.

წლების განმავლობაში ზაზა ურუშაძე კინოაკადემიის პრეზიდენტი გახლდათ, თუმცა აგვისტოში გამართულ არჩევნებზე, მის გადადგომას რამდენიმე მხარე ითხოვდა. მათ შორის: მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, რეჟისორი ბუბა ხოტივარი, რომელიც დღეს კინოაკადემიას ხელძღვანელობს და ასევე პროცესებში ჩართული იყო მსახიობი გიორგი გურგულია (იხილეთ ვიდეო)

სკანდალურად განვითარებული მოვლენების ფონზე, საბოლოოდ ზაზა ურუშაძემ უარი თქვა მეორედ ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე. რეჟისორის თანაშემწე ლიკუნა რევიშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ "ოსკარის" ნომინანტი რეჟისორისთვის კინოაკადემიიდან წასვლა ახალი გეგმების დასაწყისი იყო, თუმცა, არ დასცალდა...

- მამაჩემი, გიორგი რევიშვილი და ზაზა ურუშაძე თეატრალური უნივერსიტეტიდან მეგობრობდნენ. ზაზა ლანა ღოღობერიძის ჯგუფში სწავლობდა კინო-სარეჟისორო ფაკულტეტზე, მამა კი ერლომ ახვლედიანის ჯგუფში კინო-სასცენარო ფაკულტეტზე. ზაზამ მოგვიანებით მიამბო, პირველივე შეხვედრიდან საუკეთესო მეგობრები გავხდითო. მამა თბილისის ომის დროს დაიღუპა, 27 წლის ასაკში. მე მხოლოდ გადმოცემით მახსოვს ის, დედასგან და მამის მეგობრებისგან...

ზაზა მთელი ბავშვობა იყო ჩემს ცხოვრებაში. სტუდენტი რომ გავხდი, მე და ზაზას შვილი, ასევე რეჟისორი ანა ურუშაძე, კინო-სარეჟისორო ფაკულტეტზე ერთად ვსწავლობდით. 2018 წლის დეკემბერში მუშაობა ზაზასთან კინოაკადემიაში დავიწყე. მისთვის პირადი ნაცნობობა არაფერს ნიშნავდა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ამიყვანა, კინოპროექტების მენეჯერის შტატი იყო და გამოსაცდელი პერიოდი მომცა. კარგად ვიმუშავე და შემდეგ თანაშემწეობაც შევითავსე.

ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან მე ვნახე რას ნიშნავდა გუნდური მუშაობა.

- ზაზა ურუშაძის რომელიმე ფილმზე თუ გიმუშავიათ?

- "ბოლო გასეირნების" (მესამე ფილმი კინოტრილოგიიდან, რომელშიც შედის გასეირნება ყარაბაღში და კონფლიქტის ზონა, ავტ.) გადაღებისას სტუდენტი ვიყავი და გადაღებებზე დავყვებოდი. ბოლო სცენა მამაჩემის საფლავზე გადაიღო...

2013 წელს, როდესაც ზაზა "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" ნომინანტი გახდა, შესთავაზეს, რომ კინოკავშირის თავჯდომარე გამხდარიყო. ძალიან არ უყვარდა ეს სიტყვა, საბჭოთა კავშირთან ასოცირდებაო. ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელსაც არჩევისას ერთი მოწინააღმდეგეც არ ჰყოლია. პირველი რაც გააკეთა, შეცვალა წესდება და კინოკავშირი გადააქცია კინოაკადემიად.

უნდოდა დაეწესებინა ქართული „ოსკარი“, ჯილდოსთვის ფიგურა თამარ კვესიტაძეს შეუკვეთა. ერთადერთი პრობლემა იყო, რომ არ არსებობდა დიდი დარბაზი დაჯილდოებისთვის და მაგის გაკეთებასაც აპირებდა, ვერ მოასწრო... საზოგადოებამ იცის, რომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა კინოაკადემიაში, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე შინაარსით. მაგრამ არ დასცალდა ბევრი რამის გაკეთება, იქ არ იყო ჯანსაღი სიტუაცია.

- რამდენიმე დღის წინ "პალიტრავიდეოზე" კინოაკადემიის ბოლო კენჭისყრის საკმაოდ მძიმე კადრები გავრცელდა... შეგიძლიათ გვითხრათ რა მოხდა რეალურად?

- ზაზამ კინოააკადემიას თავისი კეთილი სული შთაბერა და სწორედ ამან გააღიზიანა კინოაკადემიის წევრები. იფიქრეს, ამან თუ გააკეთა, ჩვენ რატომ ვერ გავაგრძელებთო და უკვე გამზადებულზე მოუნდათ დაპატრონება და არაჯანსაღი გარემო შეიქმნა.

- კინოაკადემიაში მომხდარ სკანდალზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, რატომ თქვა უარი ზაზამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე?

- ბუბა ხოტივარი, გიორგი გურგულია, ლევან ანჯაფარიძე, ზაზას ბავშვობის მეგობარი დათო ცინცაძე - ისინი იყვნენ გამგეობის წევრები, რომლებმაც საოცარი რაღაცები ჩაიდინეს... რაც შეეხება სოსო ჯაჭვლიანს, მოგვიანებით შეხვდა ზაზას და უთხრა, რომ მისგან დამოუკიდებლად ჩაერთო ამ პროცესებში.

მოგიყვებით, გამგეობის სხდომის შესახებ, რომელიც 14 ივნისს ჩატარდა. რამდენიმე დღით ადრე, გამგეობის წევრების ნაწილმა ზაზას გამოუგზავნა წერილი, სადაც წერდნენ, მის მოადგილეზე, რეჟისორ გიო მგელაძეზე. მას შემდეგ რაც, მგელაძემ ხმამაღლა დაიწყო საუბარი გასხვისებულ ტერიტორიაზე, რომლის დაკარგვის საფრთხეში ახლაც არის კინოს სახლი, ზაზა ურუშაძეს მოსთხოვეს სასწრაფოდ გაეთავისუფლებინა მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ის ძალა, რომელიც დღეს არის კინოაკადემიის მმართველობაში, ამ ამბავს მალავდა, ზაზა კი დიპლომატიურად ცდილობდა მოგვარებას.

ზაზას არ მოსწონდა სკანდალები და ხმაური, ის ყოველთვის ჩუმად აკეთებდა ყველა მნიშვნელოვან საქმეს. სწორედ ამ თემის განხილვით დაიწყო სხდომა, ზაზამ თქვა, რა არის ხალხნო, 1937 წელი მგონია, რა წერილებს მიგზავნითო. საბჭოთა დრო ხომ არ არის, ადამიანის დასახვეტრად ხელმოწერებს აგროვებდნენო?! ამაზე საშინლად გაღიზიანდნენ. ბუბა ხოტივარმა დაიწყო დაუჯერებელი ტყუილების თქმა. ყვიროდნენ, ქაოსს ქმნიდნენ, ჩუმად ვიდეობს იღებდნენ.

ყველაფრის მიუხედავად ზაზა იმდენად ღირსეული ადამიანი იყო, ბუბასთვის არასოდეს არაფერი უკადრებია, პირიქით, სხვებს აჩუმებდა. როდესაც ზაზა ოთახიდან გავიდა, ჩოჩქოლი ატყდა, ამ დროს, კინომცოდნე დოდო ოკუჯავა მეცა, თმაზე მომქაჩა და დამარტყა. ძალაუფლებისკენ მიდრეკილი, მოძალადეები არიან!

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუბა ხოტივარს მხარს უჭერდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატი...

- გურგულიამ და ხოტივარმა იმ პერიოდში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თუ ბუბა ხოტივარი დაინიშნებოდა, ბიძინა ივანიშვილი აკადემიის პენსიონერ წევრებს დამატებით პენსიებს დაუნიშნავდა. რეკავდნენ ასაკოვან ხალხთან და ამას ეუბნებოდნენ მიზნის მისაღწევად. დიახ, ერთ-ერთ დეპუტატზეც უთხრეს ზაზას რომ ხოტივარს ლობირებდა. ის ვერ გაითვალისწინეს, რომ დამოუკიდებელ ორგანიზაციაში ასეთი რამ არ და ვერ ხდება, დაუშვებელია!

საბოლოოდ, ზაზამ მოხსნა კანდიდატურა. ეს გადაწყვეტილება არ იყო ის, რომ ბრძოლის ველიდან გავიდა ზაზა, ეს იყო გამარჯვება, რომ არ სურდა, ვერ ჩაებმებოდა ასეთ სიბინძურეებში, საერთოდ სხვა ღირებულებების მატარებელი იყო, ეს მის ფილმებსაც ეტყობა.

ის ვერასოდეს მიიღებდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ქონების მოხვეჭაზე იყვნენ გადასულები. დიახ, ძალიან ჩუმად წამოვიდა. არაფერს საუბრობდა ამ თემაზე. არ წამოსულა იქიდან ბედნიერი...

- ამ სტრესმა რამდენად იმოქმედა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

- აკადემია რომ დატოვა, ამბობდა, დავმშვიდდი, მივხვდი რომ რაღაც ჯადო მოვიშორეო. ბოლო პერიოდში ზაზა საერთოდ სხვანაირი იყო, ახალ ფილმზე ჰქონდა დაწყებული მუშაობა. უბედნიერესი იყო, სცენარზე მუშაობდა, გადაღებები გვქონდა დაგეგმილი. სიცოცხლით სავსე და ბედნიერი იყო, ბრწყინავდა. არ მსიამოვნებს, როცა ვიღაცები წერენ და კონკრეტულ ადამიანებს მიმართავენ ზაზა ურუშაძის მკვლელებოო. ზაზა იმდენად ძლიერი ადამიანი იყო, რომ ამ ყველაფერზე მაღლა იდგა.

- რეჟისორის პანაშვიდზე თუ მოვიდნენ კინოაკადემიის წევრები?

- იქ ვერ მოვიდოდა ბუბა ხოტივარი და ვერც სხვა ის ადამიანები, ვინც ზაზას დაუპირისპირდნენ, ინტრიგები ხლართეს და გული ატკინეს. მართლა მთელ საქართველოს ვუსამძირებ ზაზას გარდაცვალებას. ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ. იმ არაჯანსაღ ადამიანებს კი ვეტყვი, რომ ბედნიერი ვარ, საზოგადოება რომ აღარ ეგუება უსამართლობას და ყველაფერს თავის სახელს არქმევს.ზაზა ჩვენთვის, ახლობლებისთვის არ მომკვდარა. ვისაც იმის ბედნირება გვქონდა რომ პირადად გვცნობოდა, ყველაზე უბედურები ვართ, მაგრამ ვთვლით, რომ მხოლოდ ზაზას სხეულს განვეშორეთ. ჩვენ ყველაფერი კარგად გვახოვს, მათ კი სანამ დაიძინებენ, ღამე, თვალს დახუჭავენ, დაფიქრდნენ და საკუთარ თავთან იყვნენ მართლები.

- ზაზა ურუშაძეს ხელისუფლებიდან ვინმესთან თუ ჰქონდა ურთიერთიერთობა ან მხარდაჭერა?

- ზაზა იყო ძალიან პატრიოტი ადამიანი, როდესაც რუსეთიდან დაურეკეს და რამდენიმე მილიონი შესთავაზეს ფილმის გადასაღებად, უთხრა, თქვენი ტანკები გაიყვანეთ, სამაჩაბლო და აფხაზეთი დაგვიბრუნეთ და მერე ჩამოვალ, ყოველთვე უფასოდ გადაგიღებთო ფილმებსო.

როდესაც "ოსკარიდან" დაბრუნდა, მაშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახლათ. პირადად შეხვდა ზაზას, მადლობა გადაუხადა, მას და გიორგი ოვაშვილს, რომლის ფილმიც ასევე სიაში მოხვდა, ღარიბაშვილმა გარკვეული ფულადი ჯილდოც გადასცა. ამ თანხით გადაიღო „აღსარება“ ურუშაძემ. ყველაფერი კინოსთვის უნდოდა.

ახლაც, მისი გარდაცვალებისას, რაღაც პრობლემები შეგვექმნა და ირაკლი ღარიბაშვილი ისევ გვერდში დაგვიდგა. ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა უმრავლლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან. დაახლოებით ერთი თვის წინ ვიმყოფებოდი მათთან ერთად შეხვედრაზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 155-მდე გა­ი­ზარ­და

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - ქალი ქმრისგან დაინფიცირდა

"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"