ავტორი:

27 წლის ქართველი რეჟისორი, რომელმაც "არატრადიციული ქართული ფილმი" გადაიღო - ანა ურუშაძის "საშიში დედა"

27 წლის ქართველი რეჟისორი, რომელმაც "არატრადიციული ქართული ფილმი" გადაიღო - ანა ურუშაძის "საშიში დედა"

რამდენიმე წლის წინ, როდესაც რეჟისორი ზაზა ურუშაძე ფილმზე "მანდარინები" მუშაობდა, ინტერვიუში შვილებზე ვკითხე: რეჟისორობა მათაც ხომ არ აინტერესებთ-მეთქი, "ანას უნდა, მაგრამ მე ეს დიდად არ მომწონსო", - მიპასუხა თითქმის 5 წლის წინ...

ფაქტია, ანა ურუშაძის სურვილმა გაიმარჯვა, ბიზნესის მიმართულებით სწავლას თავი დაანება და სარეჟისოროზე გააგრძელა - ლევან თუთბერიძის ჯგუფი დაამთავრა. იმის გამო, რომ კინოს გადაღება ძალიან უნდოდა, სცენარებს წერდა, კინოცენტრში შეჰქონდა, მაგრამ კონკურსში ვერ იმარჯვებდა. ბოლო სცენარმა - "საშიში დედა" წინამორბედების ბედი აღარ გაიზიარა და ანამ ფილმის გადაღების უფლება მოიპოვა. თავიდან როგორი იქნებოდა ფილმი, ამაზე არ ფიქრობდა, რადგანაც მიაჩნია, რომ ცუდია, როცა ადამიანი წინასწარ გეგმავს და რაღაცებს წარმოიდგენს. ამიტომ, არაფერზე ფიქრობდა გარდა ერთისა - ემუშავა და გადაეღო კინო.

"თუ იმ კონკრეტულ მომენტში კონცენტრირებული ხარ საქმეზე, მაქსიმალურად აკეთებ იმას, რაც შეგიძლია, შედეგს მიიღებ" - ამბობს ახალგაზრდა და უკვე წარმატებული რეჟისორი.

"საშიში დედა" 27 წლის ანას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. სურათს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის - "ოქროს ლეოპარდი" (ლოკარნოს კინოფესტივალი), სარაევოს კინოფესტივალის გრანპრი და Asia Pacific Screen AWARDS - "აზიური ოსკარი". "საშიში დედა" საქართველოდან "ოსკარის" ნომინანტი ფილმიც გახდა. "საშიში დედა" აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. 50 წლის ქალი - მანანა, ოჯახის დედა, დიასახლისი დილემის წინაშე დგას, არჩევანის გაკეთება უწევს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. ცხოვრების აზრს წიგნის წერაში პოულობს.

"საშიში დედა" 29 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის, ფილმის ოფიციალურ პრემიერამდე, მისი შეფასების შესაძლებლობა მედიის წარმომადგენლებს მოგვეცა. კინოთეატრ "ამირანში" სპეციალური ჩვენება გაიმართა. პირადად მე კრიტიკულად განწყობილი მაყურებლი გახლდით, მაგრამ ანას ნაფიქრმა და ნამუშევარმა მაჯობა - შეიძლება ითქვას, გასაკრიტიკებელი ვერაფერი მოვუძებნე. ამასთან, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ტრადიციული ქართული კინო და მოაზროვნე ახალგაზრდა რეჟისორმა არაჩვეულებრივი მსახიობების დახმარებით, ეს შეძლო. მთავარ როლს ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს, მასთან ერთად, დიმა ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთო მახარაძე.

ნატო მურვანიძე, მსახიობი:

"თავიდან, როდესაც მასალებს გავეცანი და ფიქრი დავიწყე, ვის შეიძლებოდა ჩემი პერსონაჟი დამსგავსებოდა, რითი შეიძლება მისი გამდიდრება. ჩემთვის დამატებითი ინსპირაციის წყარო ჯავახიშვილის "კურდღელის" პერსონაჟი ქალი აღმოჩნდა, რომელიც გმირის შეკვრაში ძალიან დამეხმარა. მანანა ქალია, რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული, პრობლემები ჰქონდა, ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც სტრესმა ის გმირი დაამსხვრია და გარდაქმნა ახალ პერსონაჟად, ამისკენ გარემოებამ უბიძგა. მას ყველა შეთხვევაში თანავუგრძნობ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ვითამაშებდი და მაშინ მისი მსაჯული ვიქნებოდი. ანასთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო. მნიშვნელოვანი იყო ჩვენ შორის ასაკში განსხვავებაც. მისი სრულიად სხვა ხედვა და რიტმი, ენერგეტიკა - ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. საინტერესო ადამიანია, რომელიც ამ პერსონაჟის შექმნაში, როგორც რეჟისორი, დამეხმარა.

ჯერჯერობით ახალი ნამუშევარია და არ ვიცი, ეს როლი ჩემს შემოქმედებაში რა ადგილს დაიკავებს. საერთოდ, კინოპერსონაჟების მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს - ვინაიდან ვიღებ და იქ მთავრდება. რატომღაც ისეთი დამოკიდებულება მაქვს, თითქოს მე არ ვარ და გმირები თავისით ცხოვრობენ... იდეალური ნამუშევრისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე და არაფერი აკეთო. პარტნიორებშიც იღბლიანი ვარ, მყავდა ისეთი პარტნიორები, როგორებიც არიან: დიმა ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთო მახარაძე, ჩემი შვილები - ტასო ჭანტურაია, ლაშა გაბუნია, ასევე ლილი და ნანა ხურითები (მნიშვნელოვანი ეპიზოდია ფილმში მათი გამოჩენა)...

ანა ურუშაძე, რეჟისორი:

"სანამ ამ ფილმისთვის სცენარს დავწერდი, მანამდეც მქონდა რამდენიმე სცენარი, რომლებიც შემქონდა კინოცენტრში, მაგრამ კონკურსში ვერ გავდიოდი. როგორც კი ვერ გავდიოდი, სურვილი იქვე მიქრებოდა. მაგრამ ამ ფილმის სცენარის მოკლე ვერსია (მოკლემეტრაჟიანისთვის მქონდა დაწერილი) რომ ვერ გავიდა, სურვილი არ გამიქრა, პირიქით, უფრო გავაქტიურდი, მუშაობა გავაძლიერე. მერე ისე მოხდა, რომ დამაფინანსეს და გადავიღე. რატომ "საშიში დედა"? რაც მომაფიქრდა, ეს იყო და ასე დარჩა. ცოტა ირონიული სახელია და ამიტომ დავტოვე. ეს ფილმი მაყურებლის თვალით თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთხელ ვნახე კინოთეატრში (მონტაჟის პროცესს არ ვგულისხმობ) და როგორც მაყურებელს მიჭირს შეფასება, სხვა დეტალებზე ვკონცენტრირდები და მიჭირს, რომ ერთი ჩამოყალიბებული აზრი გამიჩნდეს.

- სცენარის წერა რატომ დაიწყე?

- ყველაფერი ალბათ იქიდან დაიწყო, რომ ერთი პერიოდი დედა წერდა და მიკვირდა, რადგანაც ფსიქოლოგია. თითქოს ფსიქოლოგს არ შეიძლებოდა, რომ ეწერა. მერე ამაზე სერიოზულად დავფიქრდი.

- როგორ გგონია, ფილმს როგორ მიიღებს ქართული საზოგადოება?

- არ ვიცი... თუმცა როგორც ხდება ხოლმე - ზოგს მოეწონება და ზოგს – არა.

- მსახიობები როგორ შეარჩიე?

- ნატოს დიდი ხანია, ვიცნობ, ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია. მუშაობას რომ ვიწყებდი, მაშინვე ნატო გამახსენდა. დიმა ტატიშვილი კი ასე აღმოვაჩინე - მამაჩემთან გადასაღებ მოედანზე ფოტოგრაფად ვმუშაობდი. იმ ფილმში დიმა და ნატო იყვნენ დაკავებული, კადრში ერთად რომ დავინახე, იდეა გამიჩნდა, რომ ცოლ-ქმრის როლს ისინი ითამაშებდნენ. რამაზ იოსელიანის ფოტო რომ ვნახე, განწყობა მოვიდა, რაღაცნაირად ვიგრძენი და მივხვდი, რომ ის შექმნიდა იმ პერსონაჟს, რომელიც შექმნა. საშინლად გამიმართლა, რომ ასეთი კარგი მსახიობები დამთანხმდნენ. მადლობა გენიალურ მსახიობ ავთო მახარაძეს.

- რომ არ ყოფილიყავი რეჟისორის შვილი, ფილმს თუ გადაიღებდი?

- წარმოდგენა არ აქვს. ფაქტია, რომ რეჟისორობა ძალიან ადრეული წლებიდან მინდოდა. ზაზას ახლა მგონი, ჩემზე მეტად უხარია, თუმცა მანამდე არ იყო ასე განწყობილი. მოკლედ, გადაღებას ისევ ვაპირებ, გადასაღები მოედანი და პროცესი მომენატრა.

დიმა ტატიშვილი, მსახიობი:

"სცენარს რომ გავეცანით, თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არ არის ქართული სცენარი და სურათიც არ არის ტრადიციული ქართული ფილმი. ამიტომ მომეწონა და დავთანხმდი, სანამ ამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, არც ისე დიდი ხანი იყო გასული, რაც სხვა ფილმზე მქონდა მუშაობა დასრულებული. ანრი ჩემთვის აბსოლუტურად განსხვავებული როლია, კარდინალურად განსხვავებული ადამიანი უნდა მეთამაშა. წინა ფილმში ნათამაშევიდან უნდა გამოვსულიყავი და ცოტა სხვა, ახალი რაღაც შემექმნა. ამასთან, მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს, რას თამაშობ. თუ როგორ თამაშობ, ამაში გამოცდილება და პროფესიონალიზმი გეხმარება. როდესაც გადსაღებ მოედანზე მუშაობ, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ხარ. ანას ესმოდა ჩვენი, ჩვენ - მისი.

ლაშა ხალვაში, ფილმის პროდიუსერი:

- ფილმი არის ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა. ამჟამად სერიოზულ საფესტივალო მოგზაურობაშია, უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში იყო, ყველგან სხვადასხვა მნიშვნელობის პრიზი მოიპოვა. 2018 წლის განრიგი ბოლომდეა შევსებული და 2019-შიც გვაქვს ფესტივალები, სადაც ფილმს ელოდებიან. სამწუხაროდ, ქართულ კინოს ძალიან დაბალი ბიუჯეტი აქვს. 300 000 ლარი იყო კინოცენტრის მიერ გამოყოფილი თანხა, შესაბამისად, ბევრ რამეზე უარის თქმა მოგვიხდა, უფრო ნაკლები ჯგუფით მუშაობა. ესტონეთისგან მივიღეთ კოპროდუქციის სერვისი, რომელიც დაახლოებით, 80 000 ევრო იყო.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, როცა სარაევოს კინოფესტივალზე, ფილმმა გრანპრი მოიპოვა, ჟიურის თავმჯდომარე, ცნობილი რეჟისორი მიხეილ ფრანკო ჩვენთან მოვიდა და გვითხრა: ფილმი რომ დაიწყო, კრიტიკულად ვუყურებდი, თქვენი ნამუშევარი ზღვარზე გადიოდა, მეგონა, ახლა გაუფუჭდებათ საქმე და ახლა გაუფუჭდებათ-მეთქი. ისე დამთავრდა, არაფერი გაფუჭებულა. ნაკლი ვერ ვუპოვე, ძალიან მომეწონაო. რთული იყო იმ ბალანსის შენარჩუნება, რაც ანამ, არაჩვეულებრივი მსახიობების დახმარებით შეძლო. თქვენი ფილმი საუკეთესოაო".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს