ავტორი:

"ჩვენ აქ უწამლობით, უშუქობით და შიმშილით, ჩუმად ვიხოცებით..." - ახალგორელების ბლოკადა გრძელდება

"ჩვენ აქ უწამლობით, უშუქობით და შიმშილით, ჩუმად ვიხოცებით..." - ახალგორელების ბლოკადა გრძელდება

ოკუპირებულ ახალგორში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი 25 დეკემბრიდან 5 დღით გაიხსნება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შესაძლოა, მძიმე ავადმყოფებსა და პენსიონერებს გადაადგილების უფლება ორივე მიმართულებით მისცენ.

"ინფორმაცია დაბაში გავრცელდა, დაბიდან კი წეროვანში მცხოვრებმა ახალგორელებმაც გაიგეს. ნანა ჩქარეული სამოქალაქო აქტივისტია და მას მუდმივი კონტაქტი აქვს დაბაში დარჩენილებთან, მათ შორის სასულიერო პირებთან, რომლებიც ახლა ახალგორში იმყოფებიან. სწორედ მათგან შეიტყო ამ სიახლის შესახებ.

ჩვენი წყაროების ცნობით, ახლა ახალგორის საავადმყოფოში იმ პაციენტების აღრიცხვა მიმდინარეობს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ თბილისის კლინიკებში. ეს ძირითადად ონკოლოგიურ ავადმყოფებს ეხებათ. გარდა ამისა, იმ პენსიონერების სიაც დგება, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიერ დანიშნული პენსიით სარგებლობს" - იუწყება გამოცემა.

ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრობ, რომ ჯერჯერობით არავინ იცის როდის გაიხსნება გზა. მისივე თქმით, როდესაც ეს მოხდება, რაიონის დაცარიელება გარდაუვალი იქნება.

"აქ იმაზე ბევრად უარესი ვითარებაა, ვიდრე შორიდან ჩანს... სამ თვეზე მეტია, იზოლაციაში ვართ... როცა გაიხსნება, მაშინაც ასეთი ვითარება იქნება. პენსიონერებს გადადგილების უფლება ორ თვეში ერთხელ ექნებათ, რაც დიდი ვერაფერი შეღავათია, ისევე, როგორც ის, რომ ერთმა ადამიანმა შეძლო სამედიცინო მომსახურებისთვის ქართულ მხარეს გადმოსვლა...

თუ გზა გაიხსნა, ის ადამიანები, ვისაც გადარჩენისთვის რეგულარული სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, მაგალითად, ონკოპაციენტები, უკან აღარ დაბრუნდებიან, უბრალოდ, ოჯახის წევრები არ გამოუშვებენ და ვერც ვერავინ გაამტყუნებს. სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია" - ეუბნება AMBEBI.GE-ს მეარაყიშვილი.

მისივე თქმით, ის, რომ ახალგორის საავადმყოფოს 600-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა და მათგან 347 მათგანს სტაციონალური დახმარება გაუწიეს, სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე, როგორც დაბაში 15-ზე მეტი ექიმი მუშაობს, მთლანობაში კი, რაიონის საავადმყოფოში 65 ადამიანი მუშაობს.

ახალგორელების თქმით, რაიონში ჰუმანიტარული კრიზისია და არავის გაუკვირდეს, რომ წასულები უკან არ დაბრუნდებიან, რადგან ფაქტობრივად, “პურის ფულის გარეშე” დარჩნენ.

“ერთმანეთის დახმარების რესურსიც ამოგვეწურა. ეს ყველაზე უარესი ყოფილა, როდესაც იცი, რომ ხსნა, იმედი, არსაიდან ჩანს... ერთ დღეს დადგება დღე, როდესაც მაღაზიაში პურსა და პირველადი მოხმარების სასიცოცხლო ნივთებსაც ვეღარ ვიყიდით, შაქარს, მარილს, საპონს... არადა, 90-იანი წლების შემდეგ აქედან ფეხი არ მოგვიცვლია. ახლა არსაიდან არაფრის იმედი არ ჩანს, ვალერიანის წვეთებს ვერ ვყიდულობთ, ექიმი არ არის, არაფერი არ არის...” - ამბობს დარიკო კახიშვილი.

ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ ულტიმატუმი უცვლელია და წნელისის საგუშაგოს აღებამდე არაფერი შეიცვლება. ადგილობრივების თქმით, გზის თუნდაც დროებითი გახსნა, მათთვის შეღავათი ვერ იქნება, რადგან მკურნალობის გარეშე დარჩენილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ დამოუკიდებლად ვერც გადაადგილდებიან.

“საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ ურჩიეს ჩვენს ხელისუფლებას, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, რადგან ჩვენი უფლებები ასე არაადამიანურად ილახება, თუმცა, ამაზე თავს იკავებენ... ამასობაში, ჩვენ აქ უწამლობით, უდენობით, შიმშილით ჩუმად ვიხოცებით...“ - ამბობს ერთ-ერთი ახალგორელი.

მთავარი ფოტო: AFP/GETTY IMAGES

რა კომენტარს აკეთებს ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე

ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ არავინ შემხვედრია, არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან -  დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს  ერეკლე კუხიანიძე

სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა დააკავეს