ავტორი:

რატომ გააუქმა "ფეისბუქმა" ათობით ქართული გვერდი - ვინ გადაურჩა და ვინ ვერ გადაურჩა "ფეისბუქ წმენდას"

რატომ გააუქმა "ფეისბუქმა" ათობით ქართული გვერდი - ვინ გადაურჩა და ვინ ვერ გადაურჩა "ფეისბუქ წმენდას"

39 ქართული "ფეისბუქ" ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი, 22 "ინსტაგრამ" ანგარიში და ეს მხოლოდ დასაწყისია - სოციალურ ქსელ Facebook- ის ადმინისტრაცია გაცხადებულად აგრძელებს ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი და მადესკრიდიტირებელი გვერდებისა და ანგარიშების წინააღმდეგ კამპანიას.

"მუდმივად ვმუშაობთ, რათა აღმოვაჩინოთ და შევაჩეროთ მსგავსი ტიპის აქტივობა სოციალურ ქსელში, რადგან არ გვსურს, რომ ჩვენი სერვისი ადამიანებით მანიპულაციისთვის იყოს გამოყენებული. ვაუქმებთ აღნიშნულ გვერდებს, ჯგუფებსა და ანგარიშებს მათი ქცევიდან და არა იმ კონტენტიდან გამომდინარე, რასაც ისინი ავრცელებენ.

ყველა ამ შემთხვევაში აღნიშნული აქტივობის მიღმა მყოფი ადამიანები ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ და ფეიკ ანგარიშებს იყენებდნენ თავისი ვინაობის დასამალად და სწორედ ეს გახდა ჩვენი ქმედებების საფუძველი.

ჩვენ გვაქვს პროგრესი სოციალური ქსელის ბოროტად გამოყენების აღმოფხვრის მიმართულებით, თუმცა, ეს ხანგრძლივი გამოწვევაა. ჩვენ გავაუმჯობესებთ უნარებს, რათა მუდამ წინ ვიყოთ - ეს იმას ნიშნავს, რომ შევქმნით უკეთეს ტექნოლოგიებს, დავიქირავებთ უფრო მეტ თანამშრომელს და მჭიდროდ ვიმუშავებთ სამართალდამცველ, უსაფრთხოების სამსახურებთან და სხვა ექპერტებთან“ - ნათქვამია Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დისკრედიტაციული გვერდების აღმოჩენასა და მონიტორინგს Facebook-ის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა და დაკვირვების შედეგებს სოციალური ქსელის წარმომადგენლებსაც უზიარებდა.

ერთ-ერთი ასეთია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება". ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ "ფეისბუქის" მიერ გაუქმებულ გვერდებსა და ანგარიშებს შორის ისეთებიც იყო, რომლებსაც ორგანიზაცია უწევდა მონიტორინგს.

"საარჩევნო პერიოდში დავიწყეთ სოციალური მედიის მონიტორინგი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიგნება იყო დისკრედიტაციული კამპანიები, რომლებიც მიმდინარეობდა საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მაგრამ არჩევნების შემდეგაც აქტიურად გაგრძელდა.

მეორე მიგნება იყო ე.წ პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება, რომლებიც ღირებულებით საკითხებზე ცდილობდა საზოგადოების გახლეჩას.

ესენი იყო ნაციონალისტური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ისლამოფობიური, ანტილიბერალური და ანტიდასავლური გზავნილები

ამის შესახებ ჩვენ არაერთი ანგარიში გამოვაქვეყნეთ. გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო "ფეისბუქთან" კომუნიკაცია, ვფიქრობდით, რომ პოტენციური პარტნიორი ან ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე კარგი გზა იქნებოდა თავად სოციალური ქსელის ადმინისტრაციასთან გავლა გარკვეული საკითხების, უბრალოდ ჩვენ მათ ვაწვდიდით ინფორმაციას.

ეს იყო ჩვენი როლი ამ პროცესში - ანგარიშების მიწოდება, რაზეც მათი რეაქცია იყო რომ დაიწყებდნენ შესწავლას“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ. მისივე განმარტებით, იმაზე ბევრი გვერდია გაუქმებული, ვიდრე მათ ანგარიშში იყო მოხვედრილი, თუმცა ჯერ კიდევ არის დარჩენილი ათეულობით ანგარიში და გვერდი, რომლებიც სოციალური ქსელის წმენდას გადაურჩნენ.

AMBEBI.GE-მ სათითაოდ შეამოწმა ის ანგარიშები, რომლებიც სავარაუდოდ "ქართულ ოცნებასთან" იყო დაკავშირებული. 25 გვერდიდან 12 ჯერ კიდევ არსებობს (წითლად აღნიშნულია გაუქმებული გვერდები):

არის ისეთი ცნობილი გვერდებიც, რომლებიც წმენდას ვერ გადაურჩა მაგრამ, მალევე ახლიდან შეიქმნა. ასეთია, ცნობილი ფბ-გვერდი მიხეილ უკრაინოლოგი, რომელიც გაუქმებიდან მალევე, ისევ აღადგინეს.

მიხეილ ბენიძე მსგავს გვერდებთან დაკავშირებით კიდევ ერთ ტენდენციაზე საუბრობს და განმარტავს:

"ამ ორი დღის განმავლობაში, პარასკევიდან მოყოლებული, პერიოდულად ქრება ზოგიერთი დისკრედიტაციული გვერდი, რომელიც გადაურჩა "ფეისბუქის" წმენდას. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ისინი თვითონ აუქმებენ გვერდებს ან დროებით დეაქტივაციას აკეთებენ.

არ ვიცი, რა მიზანი შეიძლება იყოს, ან რაიმე კონტენტის წაშლა უნდათ, ან არ სურთ, დროებით გამოჩნდნენ. ასეთი იყო მაგალითად „ბიძინა ივანიშვილი და მედია“. ეს გვერდი გამქრალი იყო დაახლოებით 24 საათის განმავლობაში და შემდეგ ისევ გაჩნდა“ - განმარტა მიხეილ ბენიძემ.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა განმარტა, რომ "ფეისბუქის წმენდა" შეეხო არა იმდენად ანგარიშებს, რამდენადაც კონკრეტულ გვერდებს:

"თუ დააკვირდებით, გაუქმებულია 344 გვერდი და 39 ანგარიში. როგორც "ფეისბუქის" წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ეს ანგარიში ეკუთვნით პერსონებს, ვინც ამ გვერდებისა და ჯგუფების ადმინისტრირებით იყვნენ დაკავებულნი, ანუ შესაძლოა, იქ "ტროლებიც" იყვნენ, მაგრამ ზოგიერთი რეალური ანგარიშებიც იყოს" - ამბობს ბენიძე.

"ფეისბუქის" ადმინისტრაციამ განცხადებაში დაასახელა ორი ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყო ჩართული - ერთი მათგანი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, მეორე კი სარეკლამო სააგენტო „პანდა“.

რეპ-შემოქმედებით ცნობილმა "პანდამ", რომელმაც მოგვიანებით სარეკლამო სააგენტო გააკეთა, გუშინ ბრალდების საპასუხო ვიდეო გამოაქვეყნა სახელწოდებით "ცილისწამებით დამარხვა", სადაც გაუქმებულ გვერდებთან კავშირი უარყვეს.

"არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენზე და ჩვენს ოჯახებზე ფსიქოლოგიურად იძალადა. ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში, შესაბამისად არაერთი შემოთავაზება გვქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

არასოდეს არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა ჩვენს პრინციპებზე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მთავარი ის ღირებულებებია, რისიც გვწამს. ჩვენ გვქონია შემოთავაზება „მთავარი არხისგან“ და „ფორმულა კრეატივისგან“, მათ ვერ მოახერხეს ჩვენი რესურსების სათავისოდ გამოყენება და ორი დღეა ჩვენზე პროპაგანდისტული შტურმი მოაწყვეს, რომელიც საჯარო ცილისწამებიდან მათთვის ნაცნობ და ტრადიციულ ბულინგში გადაიზარდა“ - ნათქვამია „პანდას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულის საპასუხოდ, ტელეკომპანიებმა „მთავარი" და "ფორმულა", ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან განაცხადეს, რომ "პანდას" მიერ გავრცელებული განცხადების ეს ნაწილი, ტყუილია.

რაც შეეხება რეკლამას, "ფეისბუქის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" ამ გვერდების რეკლამისთვის, დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი დაიხარჯა.

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?

მეუფე ნიკოლოზი: "დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს"

"ჭავჭავაძეზე გვაქვს ე.წ. სმარტურნები, რომელთაც აქვთ უნარი, რომ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს" - მაია ბითაძე