ავტორი:

პროსტიტუცია ონლაინ - ვინ უნდა გააკონტროლოს ინტერნეტსაიტები, რომლებიც მსურველებს სექს-მომსახურებას სთავაზობენ

პროსტიტუცია ონლაინ - ვინ უნდა გააკონტროლოს ინტერნეტსაიტები, რომლებიც მსურველებს სექს-მომსახურებას სთავაზობენ

თანამედროვე ტენოლოგიების განვითარებასთან ერთად, პროსტიტუციამ ქუჩებიდან ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. AMBEBI.GE-მ ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში გამოავლინა რამდენიმე საიტი ქართული მისამართებით, რომლებიც პროსტიტუციას უწევენ პროპაგანდას და ქართველი თუ უცხოელი სექსმუშაკების "კლიენტებთან" დაკავშირებას უზრუნველყოფენ.

ე.წ. ონლაინ ბორდელები საქართველოში სრულიად უკონტროლოა და ამ ტიპის საიტებზე არასრულწლოვნებსაც უპრობლემოდ აქვთ წვდომა. ერთ-ერთი ქართული საიტი, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ, დაინტერესებულ პირებს ქართველი და უცხოელი გოგონების შესახებ პირად და საკონტაქტო ინფორმაციას სთავაზობს.

საიტზე განთავსებულია გოგონების შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და საიტის ვიზიტორების მიერ მინიჭებული რეიტინგები. ასევე მობილურის ნომრები და ფიზიკური მონაცემები.

მოცემული ფოტოები აღებულია საიტიდან და დაფარულია ყველა პირადი მონაცემი, მათ შორის ტელეფონის ნომრები

ჩვენ ჩავატარეთ ჟურნალისტური ექსპერიმენტი, რომლითაც დადასტურდა, რომ ეს მართლაც სექსმუშაკების საკონტაქტო მონაცემებია, თუმცა არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ საიტზე ნებისმიერი ადამიანის ფოტო და საკონტაქტო ინფორმაცია მოხვდეს, რადგან როგორც ვებ-საიტზეა მითითებული, საიტის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს ინფორმაციის ნამდვილობაზე, არ ამოწმებს მას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა ჩვენს მიერ მოკვლეული საიტი. ორგანიზაციის იურისტის, შორენა ლოლაძის განმარტებით, სახეზეა სამართალდარღვევები სხვადასხვა მიმართულებით:

"პირველი საფრთხე ის არის, რომ ეს საჯარო სივრცეა და მასზე ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს წვდომა და იქედან გარკვეული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. შეიცავს სერიოზულ რისკებს არასრულწლოვნების მიმართულებითაც, რადგან ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ამ საიტზე შესვლა.

აღსანიშნავია, რომ საიტის გახსნის დროს გამოდის შეკითხვის გრაფა - "ხარ თუ არა სრულწლოვანი?" და თუნდაც არასრულწლოვანი იყო, თუ მონიშნავ გრაფას და მიუთითებ, რომ ხარ სრულწლოვანი, უპრობლემოდ შედიხარ საიტზე.

მოგეხსენებათ, ქვეყნები პროსტიტუციასთან მიმართებით სხვადასხვა კატეგორიებად იყოფიან: ზოგან სრულად აკრძალულია პროსტიტუცია, ზოგან ნახევრად აკრძალული და ზოგანაც - დაშვებული. ჩვენი კანონმდებლობა, ადმინიტრაციული სამართლადარღვევათა კოდექსი, პროსტიტუციას კრძალავს და იგი შესაბამის სანქციებსაც ითვალისწინებს. ადამიანი ღია ცის ქვეშ ეწევა სექსმომსახურებას თუ ონლაინსივრცეში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შინაარსობრივად იგივეა, უბრალოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებზეა მორგებული" - განმარტავს შორენა ლოლაძე.

იურისტის თქმით, ცალკე განსჯის საგანია ისიც, შეიცავს თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს საიტის ამ ფორმით არსებობა, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობით, პროსტისტუციისთვის ადგილის დათმობა სისხლის სამართლის დანაშაულია. შინაარსობრივად და ლოგიკურად კი, ონლაინსივრცის დათმობა პროსტისტუციის მიზნებისთვის, ესადაგება სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლს.

გარდა ამისა, შორენა ლოლაძე მიიჩნევს, რომ ასეთი მოცემულობით საიტის არსებობა ქმნის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების მაღალ რისკს, რომელმაც შეიძლება ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვა გამოიწვიოს.

საქართველოში ვებ-გვერდების დომენებს 13 კომპანია გასცემს, რომელთაც უფლებამოსილება დომენების გამცემი საერთაშორისო ორგანიზაციისგან აქვთ მინიჭებული. საიტების შინაარსის მონიტორინგი და არამართლზომიერი მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთა კი მარეგულირებელ კომისიას ევალება. უწყებას AMBEBI.GE-მ მიმართა კითხვით - როგორ მოხდა, რომ უკვე ერთ წელზე მეტია ქართული დომეინით ფუნქციონირებს საიტი, რომელიც მარეგულირებელი კომისიის რეგლამენტით დაუშვებელ კონტენტს იყენებს და შესაბამისად, არღვევს კანონს?

მარეგულირებელ კომისიაში განგვიმარტეს, რომ მათ არ აქვთ ასეთი სამართალდარღვევების აღმოჩენის, მონიტორინგის მექანიზმები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, თუ მათ ვინმე მიაწვდის დარღვევების შესახებ ინფორმაციას:

"ამაზე რეაგირებას მოახდენს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. მაგრამ თუ ვინმე მოგვმართავს, იმ შემთხვევაში. ჩვენ არ გვაქვს მონიტორინგის მექანიზმი, რომ თავად გამოვავლინოთ. წარმოიდგინეთ, ათასობით დომენია, ყველას ვერ გავაკონტროლებთ. ჩვენი პრაქტიკიდან ასეა: თუ კი მოგვმართავენ კონკრეტულ დარღვევაზე, სპეციალური კომისია შეიკრიბება და შეისწავლის. დარღვევის შემთხვევაში გაატარებს სანქციებს.

პირველ ეტაპზე გაფრთხილებას იღებენ ასეთი საიტები, შემდეგ ჯერზე კი ჯარიმას. მაქსიმალური სანქცია ჯარიმაა. ჩვენ არ გვაქვს ამ საიტების გათიშვის მექანიზმები. ეს კონტენტი არის დაუშვებელი პროდუქცია მარეგულირებელი კომისიის რეგლამენტის მიხედვით, ამიტომ ამ საკითხს კომისია განიხილავს და მიიღებს შესაბამის ზომებს" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს მარეგულირებელ კომისიაში.

ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებას მივმართეთ კითხვებით: შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს ამ შინაარსის საიტების არსებობა ქართულ ინტერნეტსივრცეში და აქვთ თუ არა მსგავი ტიპის საქმეებზე მუშაობის გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს კონკრეტული 254-ე მუხლი - პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა, უწყებაში განგვიცხადეს, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მათი კომპეტენცია არ არის და კვლავ მარეგულირებელ კომისიასთან გადაგვამისამართეს.

შსს-ს პრესსამსხურში განგვიმარტეს, რომ კანონი კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენას და დასჯას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, რადგან არ არის გამოკვეთილი კონკრეტული პირი, შსს საკითხს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში არ მოიაზრებს.

ე.წ ონლაინ-ბორდელის არსებობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც, რომლის მანდატის ძირითადი არსი სწორედ მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დაცვის საკითხებია.

უწყებაში გვითხრეს, რომ აქამდე ამ საიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ, თუმცა, თუკი ვინმე მიმართავს განცხადებით და მოითხოვს, შესწავლილ იქნას, როგორც პირადი ინფორმაციის გამჟღავნების მაღალი რისკის მატარებელი საიტი, ისინი მოკვლევას დაიწყებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც კრძლავს პროსტიტუციას, პროსტიტუციის ხელშეწყობას და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას, თუმცა როგორც პრაქტიკიდან იკვეთება, შესაბამისი უწყებები ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებენ, რადგან არ გააჩნიათ მონიტორინგის მექანიზმები.

ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში სანქციად მხოლოდ ჯარიმა განიხილება, რაც ცხადია, ვერც დანაშაულის პრევენცია იქნება და ვერც მისი აღკვეთის შესაძლებლობა.

წვიმა და თოვლი 14 იანვრამდე - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

როგორია "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს მონასტერში გაგზავნიან