ავტორი:

ქართული ვისკი ქვევრში და ქალი, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის საქმეს აგრძელებს - "მის ოცნებას ვახორციელებ და დაბადების დღისთვის "ვაჩუქებ"

ქართული ვისკი ქვევრში და ქალი, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის საქმეს აგრძელებს - "მის ოცნებას ვახორციელებ და დაბადების დღისთვის "ვაჩუქებ"

პირველი ქართველი, რომელმაც ქვევრში ქართული ვისკი გამოხადა ალექსანდრე კვერნაძე გახლავთ. საკუთარი გამოგონების წყალობით, მან ქვევრი გამოიყენა, როგორც დისტილაციის აპარატი.

არაერთ სფეროში დიდი დამსახურების მქონე ალექსანდრე კვერნაძე, სამწუხაროდ, 10 თვის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა... ამ საინტერესო საქმეს - ქართული ვისკის წარმოებას კი, ამჟამად, მისი მეუღლე, ნია ნაცვლიშვილი უდგას სათავეში.

"ამ ყველაფერში რაღაც დოზით ეგოიზმი, თავის გადარჩენაც დევს... ალეკომ ყველაზე კარგად იცოდა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. საოცრად ვზოგავდით ერთმანეთს... "შემატოვა" ურთულეს პრობლემებს და არ დამიტოვა არჩევანი... არადა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ერთად დავბერდებოდით. ასე რომ, არ "დავიკავო" თავი, შეიძლება გავგიჟდე... თუმცა ამ რეჟიმში როდემდე გავძლებ, არ ვიცი.

ალეკოს არასოდეს უღალატია სიტყვისთვის. დაგვპირდა ჩამოვალო, ძალიან უნდოდა, მაგრამ ასე ვერ მოხდა... ბოლოს აეროპორტში ვნახე, გაღიმებულმა რომ გამაცილა და ხელი დამიქნია... ბავშვებთან გერმანიაში დღე-ნახევრის წასული ვიყავი და "გამეპარა", პირველად ვერ შემისრულა დანაპირები... 10 დღეში უნდა ჩამოსულიყო, იქიდან ერთად დაბრუნებულებს უამრავი ჩანაფიქრი გვქონდა,“ - გვიყვება ქალბატონი ნია.

საყვარელი მეუღლის საყვარელ საქმეს ნია ნაცვლიშვილი დიდი გულმოდგინებით და თავდადებით აგრძელებს. ჩვენთან საუბარში იხსენებს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ქმარს მის მიმართ:

"ერთხელ ჩვენთან მოსულმა სტუმარმა ჩემზე ჰკითხა - ვინ არის? როგორც ჩანს, ჩემი აურა მძაფრად შეიგრძნო... ალეკომ უპასუხა: ნია? ნია მოვლენაა... იცით, რა არის? ჭექა-ქუხილი, ელვა, სეტყვა, ცისარტყელა! არასოდეს არ იცი, რას იზამს... კარგი გოგოა, დანარჩენს თვითონ მიხვდიო" - იხსენებს ნია ნაცვლიშვილი.

მისივე ნაამბობიდან ვიგებთ, რომ ალექსანდრე კვერნაძის ძირითადი საქმიანობა იყო - პატენტრწმუნებული, მუშაობდა უცხოურ გამოგონებებზე და სასაქონლო ნიშნებზე. ვისკის იდეა თბილისში გაუჩნდა და პირველი ნაბიჯები სოფელ ალექსეევკაში, აგარაკზე გადაიდგა...

"ნელ-ნელა თბილისში გასაკეთებელ საქმეებს იქ 4 დღეში ვასწრებდით... ხანდახან ყოფილა, აუცილებლად წამოსასვლელი იყო თბილისში და ერთ დღეში წასულა და წამოსულა. ვისკის შექმნის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ექსპერიმენტის შემოწმება იყო დიდ ქვევრზე, მანამდე მცირე ზომისაში კეთდებოდა. მას უხაროდა და აინტერესებდა ეს ყველაფერი. მიხაროდა მისი სიხარული და ხელს ვუწყობდი.

ერთადერთი, ვისაც სჯეროდა, რომ ეს საქმე გამოვიდოდა, მე ვიყავი. ზოგს ახირება ეგონა, როცა დარწმუნდნენ, რომ ამას საფუძვლად ნამდვილი კვლევა ედო (პარამეტრები, დიაგრამები, მრუდები) დაიჯერეს, ოღონდ, ყველაფერს დრო დასჭირდა... ვიმეორებ, ეს იყო ფიქრი, დაკვირვება და შედეგის მოლოდინი. ყველაფერი დინამიკურად ვითარდებოდა. თან, საჭირო გახდა ლაბორატორიის მოწყობა, გარკვეული პირობების შექმნა, აშენება, დახვეწა, ამ ყველაფერმა ნელ- ნელა "ჩაგვითრია"... ერთად ბევრ რამეს ვაკეთებდით.

პარალელურად მე ეზოს მოწყობაზე ვზრუნავდი. გაჩნდა ახალი ინტერესები. იყო საერთო საფიქრალი. ვქმნიდით ახალს, რაც ძალიან გვაინტერესებდა. მერე კი ეს ყველაფერი ბიზნესში გადაიზარდა.

- მეუღლის დაწყებული საქმის გაგრძელება თქვენ შეძელით. რა გაძლევთ ამ ენერგიას, რწმენას, იმედს, ეს ყველაფერი უკვე მარტომ აკეთოთ?

- ალეკოს ეს ისე უყვარდა, ისე ზრუნავდა, იმდენ დროს და ფიქრს უძღვნიდა, ვერ ვუღალატებდი... ეს ჩვენს ურთიერთობაში ჩემგან მისი ღალატი იქნებოდა, რასაც ვერ დავუშვებდი... ძალიან მიჭირდა, მაგრამ ორმოციც არ იყო გასული, რომ გავხსენი კომპიუტერი და დავიწყე დეტალურად გარჩევა, შესწავლა ფიზიკა-ქიმიის დონეზე, ტერმინოლოგიის, ჩვენი და კლაისკური მეთოდის განსხვავებები, ზოგადად, ვისკიზე უამრავი მასალა წავიკითხე, დეტალურად გავერკვიე...

ამ ყველაფერს უკვე ჩემი ხასიათი და პასუხისმგებლობა დაემატა... თავს ვერ ვაკადრებდი, რომ მესაუბრა იმაზე, რაშიც დარწმუნებული არ ვიყავი. ამას ვერც ალეკოს ვაკადრებდი...

პროფესიით ნეიროფიზიოლოგი ვარ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომები შესრულებული და დაცული მაქვს მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ სამი გამოგონების და პატენტის მფლობელი (რუსეთის), ორი თეორიულ მედიცინაში და ერთი პრაქტიკულ მედიცინაში... 18 წლის ლექტორობის გამოცდილება მაქვს მოსკოვსა და თბილისში.

- დღეს საქმიანობაში ვინმე თუ გეხმარებათ?

- უშუალოდ ვისკის გამოხდას ანუ ტექნიკურ მხარეს, ალეკოს ნათესავი ასრულებს, რომელსაც მანვე ასწავლა ეს ტექნოლოგია... დანარჩენი გონებრივი, ტექნიკური, ფინანსური საკითხები, შეხვედრები, მიღება, გამასპინძლება, დაგეგმვა - ყველაფერს მე ვასრულებ... ახლა ვებგვერდისთვის ვწერ ტექსტებს და კიდევ დასასრულებელ საპატენტო საქმიანობასაც. აქაც ბევრი ვალდებულება...

- მოგვიყევით სოფელ ალექსეევკაზე, რომელშიც ამ საქმეებს ჩაეყარა საფუძველი და სადაც უმეტეს დროს ატარებთ...

- ადრე ალექსეევკა დასახლებული იყო ძირითადად ოსებით, მაგრამ 90-იან წლებში სახლები გაყიდეს და წავიდნენ... შემდეგ სვანები თავისი სურვილით ჩამოსახლდნენ და დღეს იქ 90% სვანი მოსახლეობაა... ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ. ჰყავთ ძროხა, ღორი. ამზადებენ სულგუნს...

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- ძალიან რთულად გამოიყურება... წარმოებისთვის რაღაცის შეძენა - ბოთლი, საცობი, ქერი, სიმინდი, ფერმენტი, შემდეგ სატელეფონო საუბრები, მუდმივი წერა-კითხვა, თუ იქ ვარ, მშენებლობის ორგანიზება (ევროკავშირის გრანტის ბენეფიციარები ვართ)... კვება, ეზო, ყვავილი, სტუმარი, საუბრები ტექნოლოგიაზე, ისტორიაზე - ყველაფერზე... ბევრი ისეთი რამ, რაზეც ადრე არც მიფიქრია, რომ ჩემი საფიქრალი იქნებოდა...

ეს მოგებული გრანტიც ჩემი გადასაწყვეტი იყო, შევეჭიდებოდი თუ არა. ალეკომ დაწყება მოასწრო, სულ პირველი მარტივი ნაბიჯები, დანარჩენი - ჰაერში იყო. მერე ღრმად ჩავისუნთქე და საქმეს ისე შევეჭიდე.

ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით გეგმებზე. ვიცი, მისი სურვილები და ინტერესები. ჯერ იმ ეტაპზე ვარ, რომ შევინარჩუნო მისი დაწყებული და ახალფეხადგმული საქმე... უამრავი რამ დამიტოვა უკვე მოგვარებული, ვიფიქრებ, მხოლოდ განვითარებაზე... მის ერთ ოცნებას უკვე ვახორციელებ და დაბადების დღისთვის "ვაჩუქებ"...

უალეკოობა ძნელია... დანარჩენი მეტ-ნაკლებად დაძლევადი. ხელის ჩაქნევა ადვილი გამოსავალია, მე ამჯერადაც რთული გზა ავირჩიე, თორემ შვილი, სიძე და შვილიშვილები მყავს გერმანიაში და წავიდოდი... ქალიშვილი იქ ერთ-ერთ კლინიკაში გინეკოლოგიური განყოფილების გამგეა... აქ მხოლოდ შვებულებით ჩამოდის... თუ რამის გაკეთება გინდა, აუცილებლად გააკეთებ, თუ არა, ყოველთვის არის მიზეზი, რატომ არ გააკეთე...

- ე.ი. მყარად და გულდაგულ აგრძელებთ მის დაწყებულ საქმეს.

- აუცილებლად ისევ ვაგრძელებ და ისე, როგორც მას უნდოდა და მიაჩნდა... ახირება არაფერში იცოდა, ყველა დეტალი გააზრებული და ნაფიქრი ჰქონდა... რაღაც ასე რომ იყო, ე.ი. ტყუილად არ იყო ასე... ბევრს კითხულობდა და აზრს ხვეწდა... მე მხოლოდ ლაბორატორიის ინტერიერი „შევცვალე“, დავამატე მისი ჯილდოები, ფოტოები, ხელნაწერები, პირველი ექსპერიმენტების „პასპორტები“...

ალეკოს იდეიდან არანაირად არ ვაპირებ გადახვევას, არა იმიტომ, რომ ბრმად მივდევ, არამედ იმიტომ, რომ ის მისი აზრია და მე მისი იდეის შემნარჩუნებელი და იმ ხარისხში გამკეთებელი ვარ... ამას ხომ მისთვის ვაკეთებ...

ამასთან, მხოლოდ ვისკი არ გვაქვს, არის კიდევ ორი დასახელების ღვინო, რომელსაც ანალოგი არ აქვს. გაფორმებულია ხელნაკეთი ეტიკეტებით, ინდივიდუალურად თითოეული ბოთლისთვის კეთდება, ბოთლები დანომრილია და ეტიკეტი არ მეორდება, რადგან მათ მე ვხატავ. ასე რომ, ალეკოს ვუკეთებ იმას, რაც ძალიან უყარდა...

მგონია, რომ უნდა მოვიდეს და უნდა დავახვედრო თავაწეულმა არგაჩერებული მისი ნაფერებ-ნალოლიავები და არა ათასი, ან თუნდაც ერთი მიზეზით ახსნილი - რატომ ვერ... მისთვის მხოლოდ რომ მეთქვა - დავიღალე და ვერ შევძელი, - ესეც საკმარისი იქნებოდა... ზუსტად ვიცი, რა უნდოდა და ზუსტად ვიცი, რომ არდავიწყების ღირსია.

ნახეთ ვრცლად "კვირის პალიტრაზე"

პარლამენტთან "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა

"დანის პირზე დავდივართ... თუ ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება" - ამირან გამყრელიძე