ავტორი:

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა

25-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს (The 34th International Young Physicists’ Tournament 2021) კვლავ საქართველო, კონკრეტულად კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

8 ივლისს, ტურნირი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა. ჩემპიონატში წელს, 27 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან 15 ქვეყნის გუნდი ქუთაისს უკვე ეწვია, ეს ქვეყნებია: ავსტრია, ჩეხეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უკრაინა, რუსეთი პაკისტანი, შვეიცარია, ხორვატია, უნგრეთი, ბელარუსი, პოლონეთი, ირანი. შემდეგი ქვეყნების გუნდები კი, ონლაინ რეჟიმში ერთვებიან ჩემპიონატში: ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, გერმანია, ინდოეთი, კორეა, მაკაო, ახალი ზელანდია, სინგაპური, შვედეთი, ტაილანდი, ტაივანი და ჩინეთი. ახალგაზრდებს რამდენიმე დღის მანძილზე, შესაძლებლობა აქვთ საკუთარი უნარები ფიზიკის ღია ტურნირში გამოცადონ.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრი ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. გახსნის ცერემონიას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე თევზაძე, KIU-ს კანცლერი, მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი, ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის თავმჯდომარე, მარტინ პლეში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, დავით ერემეიშვილი, ჟიურის წევრები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს. ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ტურნირი, რომელშიც ტრადიციულად, წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყანა და მიმდინარეობს საინტერესო შეჯიბრებები. წელს, პანდემიის მიუხედავად, მოხერხდა რომ 15 ქვეყნის გუნდი ადგილზე ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო 12 ქვეყანა ონლაინ ერთვება უცხოეთიდან. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ტურნირის მასპინძლად 25 წლის შემდეგ, კვლავ სქართველო იქნა შერჩეული და ამ შემთხვევაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ხშირად „ფიზიკის მსოფლიო თასს“ (“Physics World Cup”) უწოდებენ, ყოვეწლიურად ტარდება და მნიშვნელოვან ინტელექტუალურ კონკურსს წარმოადგენს საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის. ტურნირის მიზანია, წარმოაჩინოს მონაწილეთა უნარები - წარმატებით გადაჭრან ფიზიკაში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.

„მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ტურნირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება და ჩვენი გუნდები ამ მეტად პრესტიჟულ უნივერსიტეტში იასპარეზებენ. ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის აერთიანებს ნიჭიერ ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წარმატებები მინდა ვუსურვო მონაწილე გუნდებს“, - განაცხადა ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის თავმჯდომარმ მარტინ პლეშიმ.

ტურნირის მრავალწლიან ისტორიაში საქართველოს ნაკრებებს სხვადასხვა წელს მოპოვებული აქვთ გუნდური ბრინჯაოს - 8, ვერცხლის - 3 და ოქროს 1 მედალი.აღსანიშნავია, რომ 1996 წელს, საქართველოში, წყალტუბოში ჩატარდა ახალგაზრდა ფიზიკოსთა მე-9 საერთაშორისო ტურნირი, სადაც მსოფლიოს 18 ქვეყნის გუნდი იღებდა მონაწილეობას. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს საქართველო მასპინძლობს. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეების მეტად დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, განუვითარებს მათ მკვლევარისთვის აუცილებელ თვისებებს, პრობლემის გადაწყვეტისათვის საკუთარი კონცეფციის გამომუშავებისა და წარმოჩენის უნარებს. ამ პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება კი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მსოფლიო საზოგადოების მხრიდან საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.IYPT.org

NS

წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოშია - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო უწყება?

“ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, დედასაც არ ველაპარაკებოდი… დამეწყო პანიკა, რომ აღარ დავორსულდებოდი” - ნინო ჩხეიძე მისი ცხობრების ორ მძიმე ეპიზოდზე

პარლამენტთან "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ