ავტორი:

რატომ არის წლევანდელი ზამთარი უჩვეულოდ თბილი - "შეიძლება იანვარ-თებერვალში, დასავლეთში ტემპერატურამ 20 გრადუსსაც გადააჭარბოს"

რატომ არის წლევანდელი ზამთარი უჩვეულოდ თბილი - "შეიძლება იანვარ-თებერვალში, დასავლეთში ტემპერატურამ 20 გრადუსსაც გადააჭარბოს"

წელს საკმაოდ თბილი და უნალექო ზამთარი გვაქვს, რამაც საქართველოს მოსახლეობა ცოტათი შეაწუხა და შეაშფოთა კიდეც. არადა, ახალი წელი კარს მოგვადგა, რომელსაც ოდნავ სიცივე და თოვლიც უხდება.

განსაკუთრებით თბილა დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, ბათუმში ძალიან მაღალი ტემპერატურა - 23-25 გრადუსი ფიქსირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ხეები გაიკვირტა.

"დეკემბერი სრულად უნდა გავიდეს, რომ შევაფასოთ, როგორი იყო ის კლიმატურად" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე.

მისივე თქმით, დეკემბრის საბოლოო შედეგები როდესაც დაჯამდება, სავარაუდოდ, საშუალო მრავალწლიურ კლიმატურ ნორმასთან შედარებით ტემპერატურის დიდი ცვლილება დაფიქსირდება.

სვეტლანა ნიორაძე გვეუბნება, რომ 2010 წელს, ბათუმში +28 გრადუსი დაფიქსირდა და მსგავსი მანამდეც დაფიქსირებულა. დეკემბრისთვის ყველაზე უჩვეულო კი ის არის, რომ წელს ზამთრის ეს თვე ძალიან მშრალია.

"ყოველთვის, ნოემბრის ბოლოს მაღალმთიან რეგიოებში თოვლი დევს. შარშანაც ამ დროს მაღალმთიან რეგიონებში უკვე გახსნილი იყო საკურორტო სეზონი. წინა წლებშიც ასევე იყო. წელს რაც ხდება, ეს მართლა იშვიათობაა - თოვლის საფარი მაღალმთიან რეგიონებში არსად ფიქსირდება.

ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. ჯერ ერთი - გლობალური დათბობით, რაც მხოლოდ ჩვენზე არ მოქმედებს, ასეა ევროპის რიგი ქვეყნები, სადაც წვიმს. წვიმს მოსკოვშიც, ახალი წლის წინ ასეთი ტემპერატურა იქ არ ახსოვთ. მოკლედ, ჩვენც ჩართულები ვართ ამ გლობალურ ქსელში, მაგრამ ასეთი გამონაკლისები ხდება და ვიმეორებ, მთლად უჩვეულო არ არის".

- რა იწვევს ამ მოვლენებს?

- ნომბერ-დეკემბერში ე.წ. ციმბირის ანტიციკლონი (მაღალი წნევის არე), რომელიც ზამთრის პერიოდში მის ცენტრში გამყარდება, იწვევს ძალიან მშრალ და ცივ ამინდს, ხოლო მის პერიფერიაზე არც ისე ცივა, რაც ჩვენზე მოქმედებს. კავკასიის მთლიანი რეგიონი უკვე მეორე თვეა, მაღალი წნევის არეში მდებარეობს. ახლა ცოტა კი შესუსტდა ამ მაღალი წნევის მოქმედება, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით გადაინაცვლა და უახლოეს დღეებში ამინდის ცვლილებას დასავლეთში ველოდებით, რადგან იქ, როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ დათბა.

დათბა აღმოსავლეთ საქართველოშიც - 17 გრადუსამდე მოიმატა ტემპერატურამ აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, თბილა მთაში, მაღალ მთაში, მიუხედავად იმისა, რომ ღამით შედარებით დაბალი ტემპერატურაა.

მოკლედ, 27 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის დაკლებას ველოდებით, მაგრამ ისე არა, რომ მოთოვოს. იქ უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოშიც იწვიმებს, ხოლო ბარში და მაღალ მთაში მოთოვს.

- 31 დეკემბერს როგორი ამინდია მოსალოდნელი?

- სავარაუდოდ, უნალექო ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს, დღევანდელი მონაცემებით, რასაც ვუყურებთ, არც დასავლეთში და არც აღმოსავლთში ნალექი არ უნდა იყოს, მაგრამ ცოტა დრო კიდევ არის და შეიძლება პროგნოზი შეიცვალოს. თუმცა, ტემპერატურა 27 დეკემბრის შემდეგ ცოტ-ცოტა ორივეგან (დასავლეთი, აღმოსავლეთი) დაიკლებს.

- რაც შეეხება იანვარს, რას უნდა ველოდოთ?

- თვის პროგნოზითაც და სეზონის პროგნოზით გამოგვივიდა ერთი გრადუსით მაღალი, სეზონის პროგნოზით უკვე მერამდენე წელია, საშუალო კლიმატურ ნორმაზე გადახრაა, ერთი გრადუსით მაღალია (აქ საუბარია თვის საშუალო ტემპერატურაზე).

შეიძლება თვის ცალკეულ დღეებში, იანვარ-თებერვალში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსსაც გადააჭარბოს. იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, ყინვებიც მოსალოდნელია, როგორც დასავლეთში, ისე - აღმოსავლეთში.

"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტიდან 4 პირი არასრულწლოვანია

"მარტოა გამოკეტილი ოთახში, პანიკაშია..." - გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომღერალს კორონავირუსი დაუდგინდა