ავტორი:

როგორ გადაარჩინა ქართველმა სამხედრომ ავარიაში მოყოლილი მოხუცი - "რომ დაგვინახა სიხარულისგან ატირდა: შვილებო, ინსულტი მაქვს გადატანილიო..."

როგორ გადაარჩინა ქართველმა სამხედრომ ავარიაში მოყოლილი მოხუცი - "რომ დაგვინახა სიხარულისგან ატირდა: შვილებო, ინსულტი მაქვს გადატანილიო..."

ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე ახალქალაქის ბაზაზე მიდიოდა, როდესაც მოძრაობის საპირისპირო მხარეს, სანიაღვრე არხში გადავარდნილი მანქანა შენიშნა. მძღოლი უგონო მდგომარეობაში იყო... ელგუჯამ და მისმა თანამშრომელმა დაზარალებული ავტომანქანიდან გადმოიყვანეს და პირველადი დახმარებაც აღმოუჩინეს.

ვიცე-პოლკოვნიკი AMBEBI.GE-ს შემთხვევის შესახებ უყვება:

"კრწანისის სასწავლო ცენტრიდან ახალქალაქის პირველ ბაზაზე, კოჯორის გავლით მივდიოდით. დასახლებულ პუნქტში რომ შევედით, სერჟანტთა აკადემიასთან ახლოს, სანიაღვრე არხში გადავარდნილი მანქანა შევნიშნეთ, ამოყირავებული იყო... ადგილზე მისულებმა შევნიშნეთ, რომ საჭესთან მჯდომი 80 წლამდე მამაკაცი უგონოდ იყო. ფერი დაკარგული ჰქონდა, თუმცა, სასიცოცხლო ნიშნები ეტყობოდა.

ავტომანქანაში მარტო იყო... მე და ჩემმა მძღოლმა გარეგნული დათვალიერების შემდეგ, სასწრაფოდ მანქანიდან გადმოვიყვანეთ და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ, რის შემდეგაც, გონზე მოვიდა. დაგვინახა თუ არა, სიხარულისგან ატირდა: შვილებო, დახმარება მჭირდება, ინსულტი მაქვს გადატანილიო... სახელსაც ვერ გვეუბნებოდა. ენა დაბუჟებულივით ჰქონდა, მაგრამ მადლობის გადახდას ცდილობდა - თქვენ გადამარჩინეთო.

გვითხრა, რომ ცალ ხელსა და ფეხს ვერ გრძნობდა... სუსტად იყო. გარეგნული დაზიანებები, გარდა იმისა, რომ ხელის მტევანი ჰქონდა დაშავებული, არაფერი ეტყობოდა. გონებაზე რამდენიმე წუთით მოვიდა და ისევ დაკარგა. სავარაუდოდ, ინსულტი გაუმეორდა...

ამასობაში გამვლელებიც შემოგვიერთდნენ, მანქანა არხიდან ამოვიყვანეთ და უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ. დაზარალებული გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამედიცინო პუნქტში გადავიყვანეთ, სადაც 112-ის სამსახურში დავრეკეთ, პოლიციაც მოვიდა.

- ოჯახს აცნობეთ?

- მოხუცს ტელეფონი არ ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, მისმა მეზობელმა გამოიარა, მანქანა იცნო, დაუკავშირდა ახლობლებს და მოვიდნენ.

შემდეგ დავრეკე ამბის გასარკვევად და მითხრეს, რომ თავს უკვე სტაბილურად გრძნობს და ახლობლებმა ოჯახში წაიყვანეს. მოგვიანებით, მისი ოჯახის წევრებმაც დამირეკეს მადლობის გადასახდელად. ძალიან გამიხარდა. საბედნიეროდ, მართლაც დროულად აღმოვჩნდით იქ... არ ვთვლი, რომ რამე განსაკუთრებული საქმე გავაკეთე, თუმცა, მიხარია, რომ მე და ჩემმა თანამშრომელმა ერთი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენა შევძელით.

"სიკვდილის წინ, გულისჯიბიდან მეუღლის და შვილის ფოტოები ამოუღია..." - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი ისტორიები

ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა - ირანული მედია

"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ