ავტორი:

მე ვარ მუსიკალური პროვოკატორი და მგონია, რომ რეიტინგს სწორედ ეს "წერს“ - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულსა" და მის კონკურსანტებზე

მე ვარ მუსიკალური პროვოკატორი და მგონია, რომ რეიტინგს სწორედ ეს "წერს“ - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულსა" და მის კონკურსანტებზე

მეგაშოუ „მხოლოდ ქართულის“ ლაივკონცერტები ნელ-ნელა ძალებს იკრებს, კონკურსანტებს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში უწევთ თავის გამოცდა. მათთვის მუსიკალური ნომრების, სიმღერების მორგება-შერჩევა წელს მარინა ბერიძემ ჩაიბარა, ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მუსიკალურ პროექტებს მხოლოდ ჟიურის სავარძლიდან აფასებდა...

როგორია მისთვის ამ პოზიციაში ყოფნა - კონკურსანტებთან უშაუალოდ მუშაობა, რას ფიქრობს ზოგადად „მხოლოდ ქართული 3“-ზე და რა პროგნოზები აქვს პროექტის ამ სეზონთან დაკავშირებით, ამ თემაზე გაეცანით მის ინტერვიუს, რომელიც AMBEBI.GE-ს მისცა.

- ჩემი სათქმელი ჟიურიში უკვე რამდენი წელია ვთქვი. თავიდან პროექტში ჟიური რომ გამოჩნდა, სიახლე იყო და ამ მიმართულებით ერთგვარად, „პირველი მერცხლებიც“ ვიყავით. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ხალხი უნდა შეჩვეოდა ჯანსაღ კრიტიკას...

მივესალმები ისეთ კრიტიკას, რომელიც კონკურსანტს წაადგება, მაგრამ მხარს არ დავუჭერ კრიტიკას, რომელიც რეპერტუარში ქექვაა მხოლოდ, რადგანაც პატივი უნდა ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მიმართულებით შრომობენ. ეს ძალიან დიდი შრომაა.

აქამდე ამ საქმეში რა კვალიც დავტოვე, მგონი, უკვე გასაგებია, მაგრამ ახლა პროექტი მზადდება და გადის „მთავარი არხის“ ეთერით. ეს სრულიად ახალი ტელევიზიაა, რომელიც ძალიან თამამი, მებრძოლი, პროგრესული ადამიანების მიერაა შექმნილი. ყველაფერი რთულად მოდის ტექნიკური მხარით, შენობით დაწყებული... კი, რთულია, რადგანაც გასულ წლებში მანამდე უზარმაზარი „ქარხანა“ გვქონდა, სადაც არაერთი საინტერესო პროდუქტი იქმნებოდა. იმის მერე ასე შეზღუდულ პირობებში საქმიანობა, ძნელია. ამიტომ, საჭირო გახდა ძალების მობილიზაცია. ამიტომ, მე და ნიკა გვარამიამ გადავწყვიტეთ, პროდიუსინგში გადამენაცვლა, სადაც მეტად ვჭირდებოდი პროექტს, ვიდრე ჟიურიში.

- ამის გამოცდილება მანამდეც გქონდათ...

- კი, 10 წელი როგორც ჟიურის შემადგენლობაში, ასევე პროდიუსინგშიც ვიყავი - მუსიკალური პროდიუსერი გახლდით, მაგრამ ახლა ჟიურის შემადგენლობაში ყოფნა და ამასთან, მუსიკალური პროდიუსერობაც აღარ შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიკერძოებულობა არასდროს შემიძლია. ჩემი შვილი და შვილიშვლიც რომ მღეროდეს, მათთანაც ვერ ვიქნები მიკერძოებული. მიკერძოებული მხოლოდ ნიჭთან ვარ.

აქამდე დიდი გუნდი მყავდა, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მოვდიოდით, მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ სრულიად ახალი ხალხი, პედაგოგები გახდა ასაყვანი... ჩემთან რატომღაც ასე ხდება ხოლმე - გამოვზრდი ადამიანებს, საქმეში გამოიწრთობიან, მერე ვიღაც მეტ თანხას შესთავაზებს და მიდიან, მაგრამ ეს არის ცხოვრება, რასაც შევეგუე.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტზე ვიყვანდით ერთ ბენდს და ახლა მივხვდით, რომ საჭირო იყო ბენდის ცვლა. წელს ასე იქნება...

როგორც ჟიურის წევრებმა ჩემზე თქვეს, - პროვოკატორიაო. დიახ, მე ვარ მუსიკალური პროვოკატორი და მგონია, რომ რეიტინგს სწორედ ეს „წერს“, რაც ადგება მომღერალს, რადგანაც ექსტრემალურ პირობებშია და თავისი მაქსიმუმის ჩენება უწევს, რაც ზოგს გამოსდის, ზოგს - არა.

- და კონკურსიც ალბათ ეს არის...

- დიახ და ასევე კონკურსის დანიშნულებაა, ერთი მომღერალი მაინც დარჩეს პროექტიდან დიდ სცენას. „მხოლოდ ქართულს“ უკვე გვყავს ერთი ასეთი კაშკაშა ვარსკვლავი სოფო ბათილაშვილის სახით. მგონია, რომ ეს „მხოლოდ ქართულიც“ ერთ, ან ორს ადამიანს აღმოაჩენს - ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ უნდა ვცვალოთ ჟანრები იმისთვის, რომ ბავშვებმა ყველაფერი მოიცვან, მოირგონ. ბოლოს კი უნდა აირჩიონ ერთი რომელიღაც მიმართულება, რომელშიც ყველაზე კომფორტულად იგრძნობენ თავს.

ძალიან ადვილია პროექტი ავთენტური მუსიკით გააკეთო, რომელიც შესანიშნავად ვიცი, რადგანაც ცნობილი სიმღერების უმეტესობა ჩემს სახლშია დაწერილი. მათი (გოგი ცაბაძე, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი და კიდევ არა ერთი) ავთენტური მუსიკის კეთებაში ვალი მოხდილი მაქვს.

ახლა საქმე გვაქვს სხვა, ინტერნეტის თაობასთან, რომელმაც უნდა გაითავისოს ყოველი ქართული სიმღერა. არ გვჭირდება არც მეორე ნანი, მეორე გოგი დოლიძე და ა.შ. სოფო ბათილაშვილი არ ჰგავს არავის, თავისი გვარი და სახელი აქვს. ასევეა ჩემი ყველა „ჯეოსტარელი“. რომ არ მოხვედრილიყვნენ ჩვენთან იმ პირობებში, ყველა ჟანრი არ მოეცვათ, ისინი ვერ შედგებოდნენ როგორც მომღერლები.

რთულია ეს, მაგრამ აუცილებლად უნდა გეჭიროს პულსზე ხელი, ვინ რა მუსიკას უსმენს, ეს უნდა იცოდე, თორემ სულ ვამბობ, მოცარტზე მეტად არავინ მიყვარს...

- კონკურსანტები ამბობენ, რომ მარინა ბერიძე ჩვენთან ერთად ძალიან განიცდის, ბევრს ფიქრობს ჩვენზე, რეპერტუარის შერჩევაზე, ვის რომელი სიმღერა მოერგება. ამაზე ღამეებსაც კი ათენებსო... ეს საქმიანობა ჟიურის სავარძელში მუშაობისგან ბევრად განსხვავდება და ბევრად შრომატევადია...

- ჟიურის სავარძელში ჯდომა ძალიან ადვილია, უბრალოდ კარგად უნდა მოიფიქრო, რა ჩაიცვა, როგორ გამოიყურებოდე, ჩაჯდე სავარძელში და კონკურსანტის ნამღერი კეთილგანწყობილად მოისმინო, მას ის შენიშვნა მისცე, რომელიც გამოადგება. უთხრა სიმღერაში რა ჯობდა, რომ გაეკეთებინა, ცოტა უკეთესი ნამღერი რომ გამოსვლოდა. ყური ყურია და უნდა დაიჭირო ის მთავარი, რაც აქვს მომღერალს, მაგრამ მართლაც, ის სხვა სამუშაოა, რასაც დღეს ვატარებ.

პროექტი გია ყანჩელის ტურით დავიწყეთ. დიახ, თუ რომელიმეს უნდა, რომ იყოს მომღერალი, ძალიან უნდა შეიყვაროს გია ყანჩელი, ეს ადამიანს უხსნის ინტელექტს, შინაგან სამყაროს და მზად არის ყველაფერი დანარჩენის მისაღებად, დასაძლევად. ეს ხსნის იმ სიჩუმის ხიბლს, რაც გია ყანჩელს აქვს, რაც ყველას ერთად, ნამდვილად გამოგვივიდა.

ყანჩელის შემდეგ ბავშვები უნდა გამხიარულებულიყვნენ და რთული იყო მის მერე რომელიმე კომპოზიტორის დაყენება, რადგანაც შედარება წავიდოდა. დიახ, მეორე ტური უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ არავის არაფერთან შეედარებინა.

- ვფიქრობ, რთული ტური იყო...

- ვერ ვიტყვი. თუ კონკურსანტებს ლაღად დახვდებოდი, ისინი არ დაითრგუნებოდნენ. მთავარია, ეს თაობა იყოს ლაღი და არ დაითრგუნოს. ვფიქრობ, რომ ბავშვები ჟიურის შეფასებებისგან დაითრგუნენ. ასეთი შეფასებებით ცუდ შედეგს ვიღებთ ხოლმე. მოკლედ, ლაღები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ სილაღე არ გამოვიდა, - მიმაჩნია, რომ ჟიური ძალიან მკაცრი იყო.

როგორ შეიძლება რთული ტური იყოს, სიმღერები, რომელიც ვანიკო თარხნიშვილს აქვს მორგებული, თავის ქარიზმით და ყველაფრით?! უბრალოდ, ვიღაცამ შეძლო, ვიღაცამ - ვერა.

ჩემთვის მნიშვნელოვანი ბენდია, „გამოუვალი მდგომარეობა“, დღეს უკვე „მარტივი გამოსავალი“. გარდა იმისა, რომ კარგი მუსიკოსები არიან¸ გადაყვნენ ბავშვებს. ამასთან, ეს ადამიანები ქვეყნის სადარაჯოზე დგანან. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მესამე ტური იქნება ჯაზფოლკი, დათო მალაზონია და „ირიაოს“ ბაზაზე ვმუშაობთ. სურვილი მაქვს, როგორც უკვე ვთქვი, სულ ვცვალო მუსიკალური ჟანრები.

- ზვიად ბოლქვაძეს ამჯერად თუ ვიხილავთ „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე?

- ზვიადს, წელს ვასვენებ. ზვიად ბოლქვაძემ დიდი ტრავმა მიიღო ამ კონკურსით, ძალიან გაილანძღა, მის ვერსიებს მძიმედ იღებდნენ... ექსპერიმენტზე თუ არ წახვედი, ვერც ქვეყანას ააშენებ. ზვიადი ძალიან დაიღალა და ამასთან, ახლა ძალიან საინტერესო ნაწარმოებზე მუშაობს, ის დიდი მუსიკოსი და კომპოზიტორია...

მოკლედ, წინ საინტერესო ტურები გველოდება, მაგრამ პირობას ვიძლევი, როგორც ავთენტური მუსიკით დავიწყე „მხოლოდ ქართული 3“, ისე ავთენტურით მუსიკით დავამთავრებ.

აჩი ფურცელაძემ სტამბოლში ოპერაცია გაიკეთა - "ვერ ვსუნთქავდი..."

"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა

ვინ არის ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული და როგორი გოგონები მოსწონს - ნახეთ ფოტოები