ავტორი:

"ყველას გაუკვირდა, შენ ამას როგორ თამაშობო?" - ვინ არის "ინტრიგანი ჟურნალისტი" ჩცდ-დან და როგორია მისი რეალური ცხოვრება

"ყველას გაუკვირდა, შენ ამას როგორ თამაშობო?" - ვინ არის "ინტრიგანი ჟურნალისტი" ჩცდ-დან და როგორია მისი რეალური ცხოვრება

"სერიალში ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი შევქმენი და რადგან ეს გოგო ადამიანებს აღიზიანებს, ე.ი. გამომივიდა", - ამბობს მსახიობი თათია შეთეკაური. რატომ გააიგივეს პერსონაჟთან და რას წერდნენ სოციალურ ქსელში, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რას ვერ გააკეთებს ვერანაირი თანხის სანაცვლოდ და რა როლი ითამაშა ფშაველმა ბებიამ მის ცხოვრებაში? - ამ ყველაფერს თათიას მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ..მსახიობი. სულ ეს სურვილი მქონდა, ფშავში ბებიას მონოსპექტაკლებს ვუდგამდი.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...ეპიზოდური როლი ადრეც შევასრულე, მაშინაც ჟურნალისტი ვიყავი, პატარა ჩართვა მქონდა. შემდეგ გავიგე, რომ კასტინგი ტარდებოდა, ხელმეორედ მივედი. მალე დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე ვიყავი დამტკიცებული, ძალიან გამიხარდა.

- ჩემი პერსონაჟი...

- ...ინტრიგანი გოგოა. ყველას გაუკვირდა, შენ ამას როგორ თამაშობ? უარყოფით როლს რატომ დათანხმდიო? ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი შევქმენი და რადგან ეს გოგო ადამიანებს აღიზიანებს, ე.ი. გამომივიდა. ამ ყველაფერში ცუდი ის არის, რომ საოცრებებს მწერდნენ: "ბავშვს რას ასწავლი", "რომ გნახავ, თმით გითრევ", "ეს ცხოვრებაშიც ასეთი იქნება, ისე ვერ ითამაშებდა", "შენ შენს შვილებსაც ასე გაზრდი"... მსგავსი წინადადება ბევრი იყო. ამ ყველაფერზე რეაქცია საერთოდ არ მქონდა. ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები კი მართლა ნერვიულობდნენ, მირეკავდნენ არ წაიკითხოო.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ძალიან მიმნდობი და გულუბრყვილო. მართლა ასეთი ვარ. ეშმაკობა, თვალთმაქცობა არ შემიძლია, ამას ვერც ვისწავლი. ის ადამიანი არ ვარ, რომელსაც სხვისი ცუდი უხარია ან უნდა. ასეთი აზრები თავში საერთოდ არ მომდის. როცა სხვა გულს მტკენს ან მატყუებს, ვერაფრით ვხვდები, ამას რატომ აკეთებს, ამით რა სიამოვნებას იღებს? ყველას ვენდობი. არ მესმის, ვინმემ ცუდი რატომ უნდა გამიკეთოს? მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევა არაერთხელ მქონია, მაინც ასეთად დავრჩი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ჩემი შვილებისა და პროფესიის გარდა, ბევრ რამეს შევცვლიდი. გარკვეულ ნაბიჯებს აღარ გადავდგამდი, განათლების მიღებას მეტ დროს დავუთმობდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დავდიოდი და იქ სპექტაკლში ვითამაშე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს. უტა 18 წლის არის, გოგო 11-ისაა, მას ბებიაჩემის სახელი - დედუკა დავარქვი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...შევძლო ადამიანებს უფრო მეტი გავუკეთო, ვიდრე - ვაკეთებ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...სიყვარულისა და სითბოს გამოხატვა შემიძლია. მომწონს ის, რომ ბოროტი არ ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ხანდახან სიზარმაცე მძლევს, დილით ადრე გაღვიძება მიჭირს.

- ვრისკავ....

- ...ხშირად. სულ ვრისკავ, ფრთხილი ნაკლებად ვარ. ბევრჯერ გაუაზრებელ რისკზეც წავსულვარ, ისეთ გვირაბშიც არაერთხელ შევსულვარ, ბოლოში სინათლე რომ არ ჩანდა. ალბათ გენეტიკა თავისას შვრება, ამასთან ერთად ზოდიაქოთი ლომი ვარ, შესაბამისად - უშიშარიც.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...სულ ვნანობ, განვიცდი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ყველაფერი. ცხოვრება ვისწავლე.

- პატიება შემიძლია...

- ...რთულად. არის საკითხები, რომლის პატიებაც მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ბოღმა არ ვარ. როცა ადამიანი ჩემთან ისეთ შეცდომას უშვებს, რომელიც ჩემთვის მიუღებელია და მისი დანახვისას მუდმივად მემახსოვრება, ასეთთან ურთიერთობას ვწყვეტ, არ მინდა, ვერ ვითამაშებ. ის ადამიანი კარგად თუ იქნება, გამიხარდება, მაგრამ ჩემთან - არა, თავისთვის იყოს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ჩემი თავი წარმომიდგენია ფშავში, ლამაზ სახლში, წიგნებთან, შვილებთან, შვილიშვილებთან, ბუხართან და შინაურ ცხოველებთან ერთად. ეს ჩემი ოცნებაა. ფშავთან დაკავშირებით ჩემი გეგმები მაქვს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან ემოციური და თბილი ვარ, ბაღის ასაკში შემიყვარდა ჩემი ჯგუფელი. ყველასთან ვამბობდი, რომ ძალიან მიყვარდა. სამწუხაროდ, ის ბავშვი დენის დარტყმით გარდაიცვალა და ეს ამბავი ძალიან განვიცადე.

- მიკვირს...

- ...ძალიან ბევრი რამ. მიკვირს ადამიანების დამოკიდებულება რიგი საკითხებისადმი. მიკვირს ადამიანების ცხვირაწეულობა, ამპარტავნება... სულ მაქვს განცდა, რომ დღეს ვარ, ხვალ არ ვიქნები და მინდა, ისე ვიცხოვრო, ყველასთვის მისაღები ვიყო. ამას ძალიან გულწრფელად ვამბობ, არ ვთამაშობ...წაიკითხეთ სრულად

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამას ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

"მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან, დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ..." - მიტროპოლიტი გრიგოლი