ავტორი:

"ოჯახში საახალწლო ფუსფუსი იყო... 12 საათისკენ დამირეკეს, ძებნის ოპერაციაში დახმარება გვჭირდებაო" - პროფესიები, რომლებიც დღესასწაულს არ ცნობს

"ოჯახში საახალწლო ფუსფუსი იყო... 12 საათისკენ დამირეკეს, ძებნის ოპერაციაში დახმარება გვჭირდებაო" - პროფესიები, რომლებიც დღესასწაულს არ ცნობს

ეს ადამიანები უკვე შეჩვეული არიან, რომ რომელიმე დღესასწაულზე ან უბრალოდ, მნიშვნელოვან დღეს, შესაძლოა, ოჯახთან ერთად არ იყვნენ. როგორც თავად ამბობენ, ეს დიდი ხნის წინ, ფორმის ჩაცმისთანავე გააცნობიერეს...გთავაზობთ რამდენიმე მათგანის პროფესიულ ახალ წელს...

გიორგი გელაშვილი, მეხანძრე-მაშველი:

- მეოთხე წელია, რაც სამაშველო სამსახურში ვმუშაობ. პიროტექნიკის სროლას გამოძახებებიც მოჰყვება-ხოლმე. ეს ხდება 1-ლის 15 წუთზე. ახალი წლის დღეებში სახლების უმეტესობა დაკეტილია, რადგან ხალხი რაიონებში მიდის. მათი მეზობლად მცხოვრობლები კი, აივანზე ისვრიან პიროტექნიკას, ნაპერწკლებს კი ყურადღებას არ აქცევენ, ბავშვებს ვერც მოსთხოვ ყურადღებით იყონ, რათა სხვის აივნებზე ხანძარი არ გაჩნდეს... ასეთ დროს, თოკებით ჩავდივართ ზედა სართულიდან, თუ ისიც ჩაკეტილია, ქვემოდან კიბეებით ავდივართ. თან ყველაფერი ოპერატიულად უნდა მოხდეს, რადგან ცეცხლი ძალიან სწრაფად ვრცელდება...

ერთ ახალ წელს, დოლიძის ქუჩაზე მოგვიწია გასვლა, რადგან ქუჩები ვიწროა იქამდე მისვლა ძალიან გვიჭირს. იმ შემთხვევაში, ვიდრე მანქანა მიუდგებოდა, დრო რომ არ დაგვეკარგა, 200 მეტრი ფეხით გავიარეთ. მეშვიდე თუ მერვე სართული იყო და როგორც ზედა, ისე ქვედა სახლები ჩაკეტილი იყო. ძალიან ვიწვალეთ... თოკები და წყლის მილები გადავაბით და ამასობაში როგორღაც მანქანაც ამოვიდა. ჩვენ უკვე მზად დავახვედრეთ და პირდაპირ წყლის ამოქაჩვა დაიწყო... ბინაში გვერდიდან შევედით. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გამოძახება, თუმცა ცეცხლი ძალიან სწრაფად ჩავაქრეთ.

გიორგი გელაშვილი, მეხანძრე-მაშველი

ბექა მეშველაშვილი, მეხანძრე-მაშველი:

- ერთ-ერთ ახალ წელს, სტუდენტებს გადაუწყვიტიათ კერძო სახლი ექირავათ, რათა დღესასწაულს ერთად შეხვედროდნენ. ორსართულიანი სახლი იყო, მეორე სართულზე მისაღები იყო მოწყობილი და ბუხარი ენთო, ქვემოთ სუფრა ჰქონდათ გაშლილი და საქეიფოდ ემზადებოდნენ... ბუხრის გარშემო ერთი ფენა მეტლახი იყო დაგებული, მერე კი პარკეტი იყო. ეტყობა, ბუხრიდან ნაკვერჩხალი გამოვარდა და შიდა წვა დაიწყო. მეორე სართულებს შორის, მტვერი სადაც გროვდება, იქ მიდიოდა შიდა წვა. შემდეგ ფიცარზე გადავიდა, გარშემო კვამლიც იყო და სუნიც იდგა...

მერე კი ცეცხლის ალიც უკვე ალაგ-ალაგ პარკეტზეც ამოვარდა. 112-ზე კი დარეკეს, მაგრამ ჩვენს მოსვლამდე ახალგაზრდები პანიკაში ჩაცვივდნენ. მეპატრონემაც სწორედ მაშინ დააპირა თურმე მათი მონახულება, უფიქრია, ბავშვებს გადავხედავთ როგორი არიანო და შამპანიურით და ტკბილეულით აუყვა გზას მათკენ. იმ ქუჩაზე ისედაც ვიწრო გზაა. ჩვენი გავლა სულ პრობლემაა, ქუჩების სივიწროვის გამო...

მოკლედ, სახლის მეპატრონე კაცი მაინცდამაინც ჩვენ დაგვემთხვა, თავისთვის მშვიდად მიდიოდა მანქანით, ჩვენ კი უკან მივყვებოდით და არაერთგზის თხოვნა-მიმართვის მიუხედავად, გვერდზე არ გაწეულა... არადა, შეეძლო ბორდიულზე აწეულიყო. ასე ვსდიეთ უკან და როდესაც მოსახვევში შეუხვია, მხოლოდ მაშინ გადავასწარით. როგორც კი მივედით, თვითონაც რამდენიმე წუთში ამოვიდა... სახლის მთლიანი სტრუქტურა არ დარღვეულა, მხოლოდ იატაკი ამოვჭერით, რადგან შიდა წვა გრძელდებოდა. იატაკი მთლიანად ამოვყარეთ, რომ ხანძარი ჩაგვექრო, თან წყალს ვასხამდით, რომ ცეცხლის კერა არ დარჩენილიყო, რომელიც პირველ სართულზე გაშლილ სუფრაზე ისხმებოდა... ახალგაზრდებს ახალი წელი ჩაეშალათ. იქიდან დაკითხვაზე გადაიყვანეს. თუმცა, იმას ვინ ჩიოდა, მთავარია სახლი გადავარჩინეთო, ამბობდნენ. შემდეგ პატრონმაც აღიარა, თურმე ჩემი სახლი იწვოდა, მის ჩასაქრობად მოდიოდით და მე გზა არ დაგითმეთო...

ბექა მეშველაშვილი, მეხანძრე-მაშველი

გიორგი ირემაძე, მესაზღვრე-პოლიციელი, მაიორი:

- რაც თავი მახსოვს, თვალი გავახილე თუ არა, მესაზღვრეების გარემოცვაში ვტრიალებ, რადგან მამაც მესაზღვრეა და ძმაც... არაერთი სამახურებრივი ისტორიის გახსენება შემიძლია. სახელმწიფო საზღვარზე სამსახურის შესრულება რამდენადაც საამაყოა, იმდენად რთული და საპასუხიმსგებლოა. სამსახურის შესრულება ძალიან მკაცრ პირობებში გვიწევს. მესაზღვრე-პოლიციელებს 24 საათიან რეჟიმში, ნებისმიერ ამინდში გვიწევს სამსახურის შესრულება და არც დღესასწაულებზე დასვენებით ვართ განებივრებული. თუმცა, ნებისმიერი ჩვენგანი, როდესაც ფორმას იცვამს, ეს სირთულეები გაცნობიერებული აქვს.

ჩემი მეუღლე მეორე შვილს რომ ელოდებდა, სახელმწიფო საზღვარზე ვპატრულირებდი. მთელი ღამის განმავლობაში იქ მომიწია ყოფნა, თუმცა, სულითა და გულით მეუღლის გვერდით ვიყავი. 21 მარტი, ”მესაზღვრის დღე“ თენდებოდა და სწორედ ამ დღეს დაიბადა ჩემი შვილი, სანდრო. შესაძლოა, ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუმცა ჩემთვის სიმბოლურია, რომ სამყარომ მესაზღვრეს, თავის პროფესიულ დღეს შვილი აჩუქა... მას შემდეგ, ჩემი სამეგობრო და ახლობლები შვილის შეძენასა და მესაზღვრის დღეს ერთდროულად მილოცავენ. პროფესიულ დღეს თანამშრომლები ხშირად ვიკრიბებით და ჩვენთან ერთად, ამ დღეს და იუბილეს ჩემი ვაჟიც აღნიშნავს.

2014 წელი შემოდიოდა, ოჯახში საახალწლო ფუსფუსი იყო. 12 საათის შესრულებას წუთები აკლდა, როდესაც ხელმძღვანელმა დამირეკა, საზღვარზე დარღვევაა და სარფის სასაზღვრო სექტორზე ძებნის ოპერაციაში დახმარება გვჭირდებაო. იმ პერიოდში სარფის სასაზღვრო სექტორის უფროსი, ჩემი ძმა, სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გოჩა ირემაძე იყო. თავად სამსახურში იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალ წელს ოჯახში ვერ შეხვდებოდა. დავურეკე, შევეცდები, შენმა ოჯახმა უშენობას ვერ იგრძნოს, შენს ცოლ-შვილს ჩვენთან წამოვიყვან-მეთქი, მაგრამ ვერ შევუსრულე. იმდენად რთული სიტუაცია იყო. მეც მომიწია სამსახურში გასვლამ და მთელი ღამე ვეძებეთ სამართალდამრღვევი. ციოდა და ყინავდა, მაგრამ სამსახურმა ცუდი ამინდი არ იცის. მისი დაკავება მხოლოდ გამთენიას შევძელით.

გიორგი ირემაძე, მესაზღვრე-პოლიციელი

გიორგი დაუდოშვილი, შეიარაღებული ძალების სერჟანტი:

- ახლა წინა წლებთან შედარებით, ბაზა კეთილმოწყობილია, განწყობაც საახალწლო გვქონდა, ხალისიანი... თუმცა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მშვიდობიან გარემოში შევხვდით, მაგრამ წლების წინანდელ კურიოზული შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც არასდროს მავიწყდება. ჰელმანდის პროვინციაში, შუკვანის სახელობის ბაზაზე კარვებში ვცხოვრობდით. საკმაოდ გამძლე იყო, კარებიც კოდით იღებოდა, ერთადერთი ადგილი საიდანაც შემოძრომა შეიძლებოდა იყო კონდინციონერის მილი, საიდანაც კარავს ცივი და თბილი ჰაერი მიეწოდებოდა. მე მასთან ახლოს ვიწექი. ღამე 3 საათი იქნებოდა, რომ დავწექი, მაგრამ ვერ ვიძინებდი. რამდენიმე წუთში ხმაური შემომესმა, მილში ვიღაც მოძვრებოდა... ჩუმად წამოვხტი და იარაღის კონდახი დავუშინე... იქიდან ვიღაც აყვირდა, სანტა ვარ, ბიჭო, სანტა... თურმე წინ ქართველი მოძვრებოდა, უკან კი ამერიკელი მოჰყვებოდა...

გიორგი დაუდოშვილი, შეიარაღებული ძალების სერჟანტი

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში

როგორ გამოიყურება ბინა ვაკეში, რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს (ფოტო)