ავტორი:

10 ცნობილი ქართველი, რომლებსაც პოპულარობით შვილებმა აჯობეს

10 ცნობილი ქართველი, რომლებსაც პოპულარობით შვილებმა აჯობეს

ალბათ იშვიათია შემთხვევა, როდესაც წარმატებულ მშობელს არ უნდა მისი შვილიც საზოგადოებამ გაიცნოს. მართალია, მშობლები შვილებს იშვიათად ურჩევენ, რომ მის პროფესიას გაჰყვნენ, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც მსახიობის შვილი მსახიობი ხდება, მომღერლის-მომღერალი და ექიმის-ექიმი. ხშირად შვილებს უჭირთ მშობლების ჩრდილიდან გამოსვლა, მაგრამ არიან გამონაკლისებიც. ამჯერად გაგაცნობთ ქართველი ვარსკვლავების შვილებს, რომლებმაც მშობლებზე არანაკლებ წარმატებას მიაღწიეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი და მარიამ გეგუჩაძე

ნანუკას მარიამს საზოგადოება ძირითადად დედის ინტერვიუებიდან იცნობდა, შემდეგ "ნანუკას შოუში" საკუთარი რუბრიკა ჰქონდა, სადაც საინტერესო თინეიჯერების შესახებ გვიყვებოდა. თუმცა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შემდეგ მარიამი აქტიურად ჩაერთო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში. გიგა მაქარაშვილთან და რამდენიმე აქტივისტთან ერთად #სირცხვილიას ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ. ყველას ახსოვს ცნობილი კადრი, სადაც პარლამენტთან გამართულ აქცია-პერფორმანსზე მარიამი ცხვრით მივიდა.

შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე

შორენა პოპულარობის პირველივე დღეებიდან ხშირად ჩნდებოდა პატარა ევასთან ერთად. შეგახსენებთ სკანდალს, როდესაც მსახიობი არასრულწლოვან შვილთან ერთად იმ ფილმის პრემიერაზე მივიდა, სადაც თავად თამაშობდა სექსის სცენას. თუმცა ევა მთელმა საქართველომ სამი წლის წინ გაიცნო, როდესაც გოგონა ფანჯრიდან გადმოვარდა და მძიმე ტრავმებით სიკვდილს ებრძოდა. საბედნიეროდ ევა გადარჩა და ამჯერად ერთ-ერთი მოთხოვნადი "ინფლუენსერია" მოდისა და სილამაზის ბაზარზე. ის ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის გადაღებებში.

ნინო ცქიტიშვილი - ვატო ნაცვლიშვილი და თაკო ნაცვლიშვილი

მოდელი ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი ალბათ მხოლოდ ოცნებაში წარმოიდგენდა, რომ მათი უფროსი ქალიშვილი მშობლებზე დიდ პოპულარობას მიაღწევდა. მოდელ თაკო ნაცვლიშვილს მსოფლიო მოდის ბაზარზე უკვე იცნობენ. თაკომ ითანამშრომლა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა "დოლჩე და გაბანა", "ვერსაჩე", "ელი სააბი...". მოდელი ორი წელია რაც "ვიქტორია სიკრეტის" ყოველწლიურ შესარჩევ ქასტინგში მონაწილეობს.

ხათუნა ჟორდანია და ნინი ქარსელაძე

ხათუნა ქართულ შოუ-ბიზნესში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ქართველი პოპ-მომღერლები პოპულარობის პიკში იყვნენ. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როდესაც ქვეყანაში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, მოსახლეობამ ყველა მომღერლის სახელი და გვარი ზეპირად იცოდა. ხათუნასთან ერთად გამოჩნდა მისი პატარა გოგონაც - ნინი ქარსელაძე, რომლის დუეტიც "ქუჩის ბიჭებთან" პოპულარული გახდა. ნინიმ სიმღერა გააგრძელა, თუმცა ბოლო დროს ყურადღების ცენტრში პოლიტიკური მოვლენების შეფასებითა და სხვადასხვა პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმული სიმპატიებით მოექცა და არაერთხელ გაეხვა სკანდალში.

ეკა კახიანი - ნინი ბადურაშვილი

ეკამ წლების წინ მამას აჯობა პოპულარობით და ცნობილი მსახიობის იმედა კახიანის ქალიშვილზე 90-იან წლებში მთელი საქართველო ალაპარაკდა. მისი გმირი ლელა დეკანოსიძე სერიალიდან „ძილის წინ“, ერთ-ერთი გასართობი იყო, მშიერი და ძირითადად სიბნელეში მყოფი ქვეყნისთვის. თუმცა სცენაზე მალე გამოჩნდა ეკას ქალიშვილი ნინი ბადურაშვილი და მალე ეკა ნინის დედად იქცა. მართალია ლელა დეკანოსიძეც მხოლოდ 90-იანი წლების თაობას გვახსოვს, მაგრამ ეკა კახიანს სამსახიობო კარიერა არ შეუწყვეტია და ასევე ხშირად არის დაკავებული სხვადასხვა ტიპის პროექტებში. თუმცა ნინი ბადურაშვილის გარშემო არსებულმა სკანდალებმა და პირადი ცხოვრების დეტალებმა დედის პოპულარობა მაინც გადაფარა.

ნათია ბანძელაძე-გიორგი გოგიჩაიშვილი - ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები

ჟურნალისტისა და მსახიობის ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში დიდი ხნის მანძილზე იყვნენ. ბავშვებისთვის საყვარელი "გოგიჩა" ტელეშოუების საყვარელი სტუმარი გახლდათ. ამასობაში შვილები გაიზარდნენ. ნანუკა გოგიჩაიშვილი სხვადასხვა სილამაზის კონკურსებში მონაწილეობდა, მას იღებდნენ ფოტოსესიებში და იყო დილის გადაცემის ჟურნალისტიც. ახლახანს გათხოვდა მილიონერ ნიკა ნაყოფიაზე და ერთ-ერთ ტელეშოუში მეუღლის ბიზნესის სახეა. მისი და ნინი გოგიჩაიშვილი კი "მის საქართველო 2019" გახდა და ამ სტატუსით "მის მსოფლიოს" კონკურსშიც მონაწილეობდა. თუმცა, ქართველი მონაწილე პრიზის გარეშე დაბრუნდა სამშობლოში.

თამრიკო ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი

რამდენიმე წლის წინ საზოგადოებისთვის შოკი იყო ქართველი წარმატებული ქალის სახისა და იდეალური დიასახლისის, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გია როინიშვილის განქორწინება. მიუხედავად იმისა, რომ კარიერაში ორივე წარმატებული იყო, წლების მანძილზე მედიაში მხოლოდ იმაზე იწერებოდა, თუ რატომ დაშორდა წყვილი. შვილები გაიზარდნენ და დღეს მარიამ როინიშვილი წარმატებული მომღერალია, ვაჟი-კოკო როინიშვილი კი თეატრის მსახიობი.

მაია ჯაბუა და ლიზა ყენია

"მზიურის ბავშვების" ერთ-ერთმა პოპულარულმა ბავშვმა ცხოვრება ზრდასრულ ასაკშიც სიმღერას დაუკავშირა. მაია ჯაბუა ყოველთვის სცენაზე იდგა და აქტუალურობას არ კარგავდა. ერთ დღეს, ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში სცენაზე დადგა მისი ქალიშვილიც - ლიზა ყენია. ლიზას თავბრუდამხვევი პოპულარობა მხოლოდ მის ვოკალს არ გამოუწვევია, გარეგნობა, სექსუალური ფოტოსესიები, გამორჩეული "ლავსთორები", მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

თამარ მაყაშვილი - ნუცა და რუსკა მაყაშვილები

მსახიობი თამარ მაყაშვილი ენერგიას არასოდეს უჩიოდა და სატელევიზიო გადაცემების ხშირი სტუმარი გახლდათ, სადაც დიდი ენთუზიაზმით ყვებოდა ყოველ დილას ცოცხით, როგორ გვიდა მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს. წარმატებული მსახიობი პოპულარული გამორჩეული იუმორის გრძნობითაც გახდა, მისი სტუმრობა გადაცემებში საზოგადოებას დღემდე ძალიან უყვარს. თამარის ორივე შვილმა დედის გზა აირჩიეს და მსახიობები გახდნენ. რუსკა და ნინი მაყაშვილებიც არაერთხელ მოექცნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირადი ცხოვრების გამო, რაც ცხადია ნებისმიერი ცნობილი ადამიანის პოპულარობას განსაკუთრებულად ზრდის.

ეკა მიშველაძე და მაკო კვიტაიშვილი

ეკა მიშველაძე წლებია, რაც ტელევიზიის ჟურნალისტია, თუმცა ბოლო დროს ეკრანებიდან გაქრა, ამის მიზეზი კი გათხოვება გახდა. "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" სწორედ იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ პოლიტიკოს ბუკა პეტრიაშვილს გაჰყვა ცოლად. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ერთ-ერთ მუსიკალურ შოუში მისი ერთ-ერთი ქალიშვილი მაკო კვიტაიშვილი, რომელმაც სიმღერით უამრავი ადამიანი მოხიბლა. მაკომ კარიერა ტელევიზიაში გააგრძელა და "რუსთავი 2"-ზე ჯერ ღამის გადაცემა მიჰყავდა და ახლა კი "დილის ეთერის" წამყვანი ჟურნალისტია.

"ლილოს ჩანთების" ახალი სიცოცხლე და მაღალ მოდაში გადმოტანილი მტკივნეული წარსული - "ტვირთთან ერთად ჩვენს კულტურას და მოგონებებს ატარებს"

ბრედ პიტის ამაღელვებელი საქციელი - ჰოლივუდის ვარსკვლავმა მანქანიდან საკვებით სავსე ყუთები თავად ჩამოტვირთა და გაჭირვებულებს საკუთარი ხელით დაურიგა

ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა