ავტორი:

პრინცების ერთობლივი განცხადება და დედოფლის პირველი კომენტარი სამეფო სკანდალზე - "გვერჩივნა, უარი არ ეთქვათ სტატუსზე"

პრინცების ერთობლივი განცხადება და დედოფლის პირველი კომენტარი სამეფო სკანდალზე - "გვერჩივნა, უარი არ ეთქვათ  სტატუსზე"

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალი გრძელდება. მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა, მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის წევრის სტატუსსა და პრივილეგიებზე უარი განაცხადეს, მედიაში უინძორების ოჯახში არსებულ უთანხმოებაზე ბევრს წერენ.

განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა ინფორმაცია პრინც უილიამსა და პრინც ჰარის შორის არსებულ კონფლიქტზე, რომლის შესახებაც სხვადასხვა გავლენიანი ბეჭდური და ონლაინ გამოცემები წერდნენ.

"ახლა მას ვეღარ ჩავეხუტები ისე, როგორც ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდით. ერთმანეთს დავშორდით. ამის გამო ძალიან სევდიანი ვარ. ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია და რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მათი მხარდაჭერაა და იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, როცა ჩვენ ისევ ერთ ხმაზე ვიმღერებთ. მე მინდა, რომ ყველა ერთ გუნდში ვიყოთ“, - ციტირებდა "ჰარპერსბაზარი“ პრინც უილიამის სიტყვებს.

ასევე, ზოგიერთმა გამოცემამ ისიც დაწერა, რომ პრინცი ჰარი ძმის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო სამეფო კარზე შედარებით დაბალი რანგის გამო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჰარიმ სამეფო ოჯახის დატოვება.

თუმცა უინძორების სპიკერი ყველა ამ ინფორმაციას ყალბს უწოდებს და ძმების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია დადასტურებული არ იყო, დიდი ბრიტანეთის გაზეთები და ონლაინ გამოცემები სპეკულირებენ სასექსისა და კემბრიჯის ჰერცოგებს შორის ურთიერთობით. ძმებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით ზრუნავენ ერთმანეთის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ასეთი ინფორმაციის გავრცელება, შეურაცხმყოფელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ძმების განცხადება დედოფალ ელისაბედთან ოჯახური აუდიენციის შემდეგ გამოქვეყნდა. ოჯახურ თათბირზე პრინცი ჰარი სკანდალური გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ პირველად შეხვდა ბებიას და დედოფალმაც პირველად გააცნო საზოგადოებას ამ ამბავთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება.

დედოფალი ელისაბედ მეორე პრინც ჰარისა და მისი მეუღლის მეგან მარკლისათვის “გარდამავალ პერიოდს“ დასთანხმდა, რომლის მიხედვითაც, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დროს კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში გაატარებენ.

“მე და მთელი ჩემი ოჯახი მხარს ვუჭერთ ჰარისა და მეგანის სურვილს, რომ შექმნან ახალი ცხოვრება, როგორც ახალგაზრდა ოჯახმა. თუმცა ჩვენ გვერჩივნა, რომ მათ უარი არ ეთქვათ სამეფო სტატუსზე. ჩვენ პატივს ვცემთ და გვესმის მათი სურვილი, იცხოვრონ უფრო დამოუკიდებლად“, - ამბობს დედოფალი.

გასულ კვირას პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრებას ნაწილობრივ ჩამოშორდებიან. აღნიშნულის გამო მონარქმა მთავრობას და მრჩევლებს დაავალა მომხდარიდან გამოსავალი იპოვონ.

პრინცი ჰარი, რომელიც 35 წლისაა, რიგით მეექვსე ტახტის მემკვიდრე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია სამეფო ოჯახის წევრებს შორის.

ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი და 70 წელი "ცოლის ჩრდილში"  - პრინც ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი პრინცს ემშვიდობება

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა