ავტორი:

"ივანიშვილი წკიპზე იყო..." - რა იგულისხმა სააკაშვილმა ხმაურიან განცხადებაში და რეალურად, რას შეისწავლის შსს

"ივანიშვილი წკიპზე იყო..." - რა იგულისხმა სააკაშვილმა ხმაურიან განცხადებაში და რეალურად, რას შეისწავლის შსს

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თუ ხმაურიანი პოლიტიკური განცხადება? - 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების შესწავლა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

სააკაშვილის განცხადებას, რომ "20 ივნისს ივანიშვილი წკიპზე გადარჩა და ოპოზიციამ შანსი გაუშვა", პოლიტოლოგები სერიოზულად არ აღიქვამენ და არც რეალური გამოძიების დაწყებას ვარაუდობენ.

სამაგიეროდ, ყოფილი პრეზიდენტის ფრაზა "ოცნების" ხელისუფლების სახეებმა აღიქვეს სერიოზულად - პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამით სააკაშვილმა "პრაქტიკულად დაადასტურა, რომ 20 ივნისის საღამოს საპროტესტო აქციის ძალადობრივ ფორმებში გადასვლა, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, იყო დესტაბილიზაციის მიზნით მოწყობილი".

"თვეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი შეტევა, თითქოს ამას არ ჰქონდა დესტაბილიზაციის მიზანი. მათმა ლიდერმა კი პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მიზანი ამ საღამოს აქციის, ნამდვილად იყო დესტაბილიზაცია... მე თუ მკითხავთ, ეს არის დამატებითი არგუმენტი დაწყებულ გამოძიებაზე იმ მიმართულებით, რომ ადამიანები აორგანიზებდნენ ძალადობრივ შეტევას" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება ამ შანსს გამოიყენებს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ახალი ტალღა ააგოროს:

"ნაციონალური მოძრაობის" ამოცანაა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ხოლო ხელისუფლების ამოცანაა მუდმივად იყვიროს - "მგელი მოდის, მგელიო" და რაღაც შეთქმულების თეორია განავითაროს. რეალურად, სახელმწიფო გადატრიალებაზე ხელისუფლებას 4 საქმე აქვს აღძრული, ამას იყენებენ, ხალხს აგდებენ ისტერიკაში და მერე მტვერი ედება საქმეებს.

ახლაც ანალოგიურ ისტორიასთან გვაქვს საქმე - არც არავინაა ამის გამომძიებელი და რეალურად, არც არსებობს გამოძიების საფუძველი.

ეს არის სულელური თამაში, საიდანაც ორივე მხარე ეძებს თავის სარგებელს, მაგრამ უკვე იმდენჯერ ითამაშეს, გაცვდა, ამის აღარავის სჯერა. აღარ იქნება ეფექტური ხელისუფლების მხრიდან ყვირილი - "მგელი მოდის".

სააკაშვილის განცხადება არაფერს ნიშნავს. ის ექსცენტრიკულია, პირველად ხომ არ გაუკეთებია მსგავსი განცხადება?! ამაზე ბევრად უარესი განცხადებები გაუკეთებია. მან თქვა თავისი აზრი, რომ "წკიპზე იყო ხელისუფლება". კი ბატონო, ასეთი ინტერპრეტაციაც შეიძლება მისცეს ვინმემ, ხელისუფლებასაც ესმის ეს, მაგრამ მორიგ ჯერზე იყენებს ამ განცხადებას ტალღის ასაგორებლად" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სააკაშვილის განცხადება ნამდვილად ცუდია, თუმცა გადატრიალება, ან რევოლუცია პარლამენტში შევარდნით და დაუგეგმავად ვერ განხორციელდებოდა:

"თუ ვერსიას დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, მაშინ მთელი ლოგიკური ჯაჭვი უნდა ავაგოთ: ანუ, მათ ჩამოიყვანეს გავრილოვი თბილისში და ისიც წინასწარ ჩააწყვეს, რომ კობახიძის სავარძელში ჩამჯდარიყო. მერე ამას პროტესტი უნდა მოჰყოლოდა და პარლამენტში ხალხი მაშინვე გაჩენილიყო და ა.შ.

სააკაშვილის განცხადება, რა თქმა უნდა, ცუდი ნათქვამია, მაგრამ რასაც მე ვუსმინე, იქ ლაპარაკი იმაზე კი არ იყო, რომ რაღაც მზადდებოდა, ლაპარაკია იმაზე, რომ ის კრიზისი რაც შეიქმნა, ოპოზიციას უნდა გამოეყენებინა. ცუდია და პრინციპში დაუშვებელი, ასეთი განცხადებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა წინასწარ ამზადებდა გადატრიალებას.

სხვათაშორის, აქ კიდევ ერთი სიტუაციაა - პარლამენტში შევარდნით გადატრიალება ვერ განხორციელდებოდა. ეს ესე მარტივად არ ხდება. იქნებოდა აჟიოტაჟი რა თქმა უნდა, გაცილებით მძიმე ვითარება, მაგრამ პარლამენტში რომ შევიდოდნენ და დააკავებდნენ, მერე რაღას იზამდნენ?!

2003 და 2019 წლებს შორის დიდი განსხვავებაა, მაშინ მართლა იყო პროცესი და თან, ამასთან დაკავშირებით მთელი 1 თვე მიმდინარეობდა მზადება.

სააკაშვილის ეს განცხადება "ნაციონალებისთვის" არის წამგებიანი, პროვოკაციული განცხადებაა ანუ კიდევ რაღაც კრიზისი თუ შეიქმნა, უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, მაგრამ ესე მარტივია? ასეთ ქმედებას გამართლება ვერ ექნება" - გვითხრა ძაბირაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, სად მიმართავს შსს სააკაშვილის აღნიშნული განცხადებით დაინტერესებას. უწყებაში აცხადებენ, რომ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"

პრემიერის პრესსამსახური: "გახარია მიუნხენში გაემგზავრა, თუმცა სიცრუეა, რომ მისი და ლავროვის შეხვედრა იგეგმება"

ოთარ კახიძე - ევროპარლამენტმა "ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო