ავტორი:

"აფხაზი იანუკოვიჩი" და რეგიონის გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი - როგორ აფასებს "არჩევნების" შედეგებს აფხაზური მედია

"აფხაზი იანუკოვიჩი" და რეგიონის გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი - როგორ აფასებს "არჩევნების" შედეგებს აფხაზური მედია

"ხაჯიმბას ბუმერანგი" ასე აფასებს აფხაზური მედია რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი 22 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს. რეგიონი სიახლის მოლოდინშია, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები.

"იძულებით მშვიდობიანად წასული პრეზიდენტი" - წერენ ადგილობრივი ჟურნალისტები, რომელთა ცნობითაც, ხაჯიმბას მომავალი ჯერ ისევ გაურკვეველია.

"2014 წლიდან დღემდე, აფხაზ საზოგადოებაში ბევრი რამ შეიცვალა - თუ მაშინ ალექსანდრე ანქვაბმა გუდაუთაში, რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი, ახლა რაულ ხაჯიმბა აღმოსავლეთით სახელმწიფო აგარაკზე განმარტოვდა და რამდენიმე დღის განმავლობაში იქიდან ცდილობდა სახელმწიფო უწყებების მართვას. ანქვაბისგან განსხვავებით, ხაჯიმბას ძალიან მალე შემოეცალა მხარდამჭერები - ისინი ან ჩუმად იყვნენ, ან ასლან ბჟანიას მხარეს გადავიდნენ", - წერს აფხაზი ჟურნალისტი ვიტალი შარია.

მისივე ცნობით, ახლა რეგიონში ყველაზე რეალური კანდიდატი 56 წლის ასლან ბჟანიაა, რომელიც გასულ წელს ე.წ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოწამლა, თუმცა ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ბოლო ხანებში მის პოლიტიკურ კარიერაში მკვეთრი აღმასვლა დაიწყო.

რეგიონში კიდევ ერთ კანდიდატს განიხილავენ - ეს არის 45 წლის კანა კვარჩია, რომელიც სოხუმის მერის თანამდებობას იკავებდა და სწორედ ამ დროის განმავლობაში გახდა პოპულარული. მან ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საკმაოდ ბევრი გააკეთა და ადგილობრივი ელიტის მოწონება დაიმსახურა.

ასევე აქტიურად განიხილება 50 წლის ზურაბ მარღანია, რომელიც ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსი იყო. წლების წინ, როდესაც აფხაზები ე.წ. ენგურის საზღვართან "ბერლინის კედლის" აშენებაზე საუბრობდნენ, მან ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ "აფხაზურ-ქართულ ნათესაურ კავშირებსა და ადამიანურ ურთიერთობებს შორის ჩადგომა ძალზედ არაჰუმანური აქტი იქნებოდა".

საკუთარ "საპრეზიდენტო" ამბიციაზე ისაუბრა 59 წლის ლეონიდ ძიაპშბამ, რომელიც ბოლო ორ არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა "ლიდერთა სამეულში" ვერცერთხელ მოხვდა.

მთელი აფხაზეთი მსჯელობს, ვისზე დადებდა ფსონს ყოფილი "პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი. ცნობილია, რომ ის ყოველთვის ასაკოვან და გამოცდილ კადრზე აკეთებს არჩევანს. "რკინის ალიკას" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მოგების ყველაზე დიდი შანსი ექნება, თუმცა ის ჯერჯერობით დუმს და, როგორც აფხაზეთში ამბობენ, მათ ქმედებებს აკვირდება.

რუსეთი, ერთი შეხედვით, აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა და მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება. რუსეთის "საელჩომ" აფხაზეთში მყოფ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რამაც აფხაზები გააღიზიანა - "ომს არ ვაპირებთ!" - წერდნენ აფხაზები პასუხად სოციალურ ქსელებში.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა "ТАСС"- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში თითქოს ჩაწყნარებული სიტუაცია სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა - მთელი სირთულე წინ არის. კოსაჩოვთან ინტერვიუს apsadgil.info აქვეყნებს.

"ყველაფრის მიუხედავად, აფხაზეთში ვითარება ისე ვითარდება, როგორც მათ სურთ, რადგან ეს მათი შიდა საქმეა. თუმცა 22 მარტამდე საკმაოდ დიდი დროა, რაც ნიშნავს, რომ დაპირისპირების ყველა კერა ღიაა", - აცხადებს რუსი სენატორი, რომლის თქმითაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ აფხაზეთს რუსეთის მხარდაჭერა დასჭირდება, არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

"არ გვჯერა, რუსეთი ხომ ჩვენი მთავარი მეგობარია, რომელიც გვაყვედრის, რომ მის იქით გზა არ გვაქვს, თითქოს ჩვენ არ ვჭირდებოდეთ..."

"მერე სად გაათეთრებენ ფულს, თუ არა აფხაზეთში, სადაც ამდენ სიკეთეს აკეთებენ..." - ასეთი ირონიული შეფასებებით ეხმაურებიან აფხაზები კოსაჩოვის მიმართვას.

"არ ვერევით აფხაზეთში მიმდინარე პროცესებშიო, რადგან თქვენს სუვერენიტეტს პატივს ვცემთო, მაგრამ აღშფოთებას ვერ მალავენ, რადგან შევძელით და მათი კადრი უარვყავით. ასეთი თანადგომა მესმის", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ირაკლი სუხუმსკი".

"აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობა მაშინ იქნება სრულფასოვანი, როდესაც კრემლში გააცნობიერებენ, რომ "აფხაზი იანუკოვიჩები" არ გვჭირდება", - წერს ლუიზა კილბა.

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი

სერგეი შამბა - საუბარი იმაზე, რომ დიალოგი საჭირო არ არის, სისულელეა