ავტორი:

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი დიმიტრი დბარი, პრეზიდენტ ასლან ბჟანიას რამდენიმე დღის წინანდელ ნარატივს იმეორებს და აცხადებს, რომ "შსს" ქურდულ სამყაროს ლიდერებს აკონტროლებს.

"საქმე ეხება, როგორც იმ კრიმინალებს, რომლებიც გარედან აგვარებენ საქმეებს, ასევე ადგილობრივებს" - აცხადებს დბარი.

ადგილობრივების თქმით, ბჟანია-ანქვაბის გუნდის გამოცოცხლება ტურისტული სეზონის დაწყებას უკავშირდება და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება, რადგან როდესაც სჭირდებათ, მათ დახმარებაზე თავადაც არ ამბობენ უარს.

ადგილობრივი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი თავის პუბლიკაციაში წერს, რომ მათი გააქტიურება ბიჭვინთის ელიტურ პანსიონატ "Самшитовая роща"-ში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, როდესაც ადგილობრივმა დმიტრი ფილიამ ორ რუს ტურისტს გოგონას გამო წამოწყებული კამთისას ესროლა და დაჭრა.

"ამ ფაქტმა რუსულ მედიაში წარმოუდგენელი აგრესია და ანტიპიარი გამოიწვია... ბჟანიამ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, შს მინისტრი კი, იარაღის უკანონო ტარებისათვის კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა..." - წერს ხაშიგი.

თუმცა, ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ფილია კანონით გათვალისწინებული სასჯელის ნაცვლად პირობითი სასჯელით გამოვა, როგორც ეს აქამდე არაერთხელ მომხდარა. გააჩნია ვინ ჩაერევა მის საქმეში, რადგან აფხაზეთში სამართლიანობის ტრიუმფი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გარედან ფული არ წამოვიდა...

"ჩვენთან აპრობირებულია ასეთი მეთოდები - სრულიად შესაძლებელია ექიმისგან ყალბი ცნობა იყიდო, თითქოს მსჯავრდებული მძიმე ჯანრმთელობის მდგომარეობის გამო, კვდება და სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, ოღონდ საზღვარგარეთ კლინიკაში. ჰოდა, ის თავისუფალია, თან იმ პირობით, რომ ცხოვრების სხვა ქვეყანაში გაგრძელება შეუძლია... ან რაღაც თანხის თანახმად, სულაც შეუთანხმდე ციხის ხელმღვანელობას და გაქცევის იმიტაციას მოუწყობენ" - მიაჩნია ხაშიგს.

რუსული გამოცემა riafan.ru-ს ცნობით, ყველა პრეზიდენტი ჰპირდება რუს ტურისტებს უსაფრთხო გარემოს, თუმცა წლის ბოლოს იღებენ სტატისტიკას, რამდენი რუსი ტურისტი დააყაჩაღეს, გააუპატიურეს და მოკლეს აფხაზეთში სეზონის განმავლობაში.

"2015 წელს, სოხუმში რუსი ტურისტი ვლადისლავ კერპოვი მოკლეს, უფრო ადრე, აფხაზმა კრიმინალებმა ესროლეს რუსეთის ვიცე-კონსულს დმიტრი ვიშერნევს, რომელიც ცოლთან ერთად იყო... რუსეთის არასახელისუფლებლო მედიის ჟურნალისტებმა გამოიძიეს მათი საქმეები და აღმოჩნდა, რომ ყველა დამნშავის უკან, აფხაზი კრიმინალები იდგნენ. შესაბამისად, საქმის შემსრულებლები ან ძალიან მალე შეიწყალეს, ან ყალბი სამედიცინო ცნობის საფუძველზე ციხიდან გაათავისუფლეს. იყო შემთხვევა, როდესაც ციხის ადმინისტრაციას პირდაპირ მოსთხოვეს, მიუთითეს დამნაშავის გათავისუფლება და მანაც შეასრულა" - წერს გამოცემა.

ადგილობრივები ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსული მედიის ანტიაფხაზური დარყტმები კიდევ ერთ ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრო არ აპირებს რუსეთს გადასცეს ე.წ. კრიმინალის ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე "იაპონჩიკის" მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

ვიაჩესლავ ივანკოვი, იგივე "იაპონჩიკი"

აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ადგილობრივი პროკურატურა კანონსა და კონსტიტუციას იშველიებს და უარს ამბობს დააკავოს და მოსკოვს გადასცეს ე.წ. კრიმინალები ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარის მტკიცებით, ორივე მათგანს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და მათი რუსეთისთვის გადაცემა კანონდარღვევა სულაც არ არის...

Интерфакс -ის ცნობით, "იაპონჩიკის" მკვლელობის შემდეგ, ბუთბამ და პაპავამ რუსეთი დატოვეს, რადგან მათზე ძებნა იყო გამოცხადებული. გამოძიების ვერსიით, 2009 წლის 28 ივლისს, ბუთბამ სნაიპერული შაშხანიდან ესროლა "იაპონჩიკს", როდესაც ის მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოდიოდა. გამოძიების ინფორმაციით, პაპავაც ბუთბასთან ერთად მოქმედებდა.

აფხაზების ცნობით, საქმის სიმწვავის მიუხედავად, ბუთბა და პაპავა, აფხაზეთში უსაფრთხოდ განაგრძობენ ცხოვრებას, რაც მათი გავლენიანი მფარველის დამსახურებაა.

შესაბამისად, ადგილობრივებს არ სჯერათ, რომ ბჟანია-ანქვაბის გუნდი თუნდაც მხოლოდ ერთ, რაულ ბარცბასა და მის კლანს უკან დაახევინებს. მათი გავლენები წლების განმავლობაში დამკვიდრებული სახელები, მათი სასახლეები და პრივილეგიების გათვალისწინებით ე.წ. ქურდული სამყარო ადგილობრივ ახალგაზრდებში ძალზე რომანტიზებულია.

"ამ დანაშაულებრივმა სამყარომ ერთი თაობა წაგვართვა... როდესაც უყურებენ, როგორც მიდიან ჩვენი მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა თანამდებობის პირები მათ გალავანშემორტყმულ სახლებთან, როგორც ამერიკულ ფილმებშია, ყველაფერს აკეთებენ, რომ იმ სამყაროში მოხვდნენ" - წერს ადგილობრივი დიანა გაბნია.

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ცნობით, ბოლო წლებში მკვლელობის და გატაცების 128 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 7 შემთხვევა მხოლოდ 2021 წელს მოხდა.

"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის პროვოცირებაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

"ძალიან ცუდი სტატისტიკაა... ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია, რომელთაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადააქვთ" - აფხაზეთსა და ცხინვალში "ინდური შტამი" გამოჩნდა