ავტორი:

"საპროექტო ბიჭი აღმოვჩნდი..." - გაიცანით ირაკლი კაპანაძე "დიდი სცენიდან", რომელიც მეორე ლაივკონცერტის ლიდერია

"საპროექტო ბიჭი აღმოვჩნდი..." - გაიცანით ირაკლი კაპანაძე "დიდი სცენიდან", რომელიც მეორე ლაივკონცერტის ლიდერია

ირაკლი კაპანაძე „დიდი სცენის“ კონკურსანტია და მეორე ლაივკონცერტის ლიდერი. მაყურებელს მოსწონს მისი ნამღერი. ირაკლი რუსთავიდანაა და ძალიანაც უყვარს თავისი ქალაქი. „სულ რუსთავში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი, იქ ვსაქმიანობდი. რაც სტუდენტი გავხდი, თბილისშიც მიწევს ყოფნა,“ - გვეუბნება კონკურსანტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ 20 წლის გახდა... ირაკლი იმასაც გვიყვება, როდის და სად დაიწყო მუსიკის სწავლა, ასევე სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა.

„ბავშვობიდან მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით დავდიოდი, ვმღეროდი გუნდთან ერთადაც და სხვადასხვა აქტივობაში ვიყავი ჩართული... მუსიკის გარდა, მიყვარდა პროექტების წერა. ფესტივალის ორგანიზების საკითხებშიც ვმონაწილეობდი, რუსთავქალაქობაზე რომ კეთდებოდა, უფრო პროექტმენეჯმენტის განხრით, ჩემი პროფესიაც მომავალში ეს იქნება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვსწავლობ, ბიზნეს-ადმინისტრირების კუთხით, მეორე კურსზე ვარ. როგორც გითხარით, ბავშვობაში მუსიკას ვსწავლობდი, ვუკრავდი, ვმღეროდი გუნდში, სოლფეჯიოზე დავდიოდი - ეს ყველაფერი შევითვისე, ვიდრე ცალკე მღერა, სოლო-მომღერლობა. ამიტომაც ამ ყველაფერთან არ მქონდა დიდი შეხება, არასდროს არერთ კონკურსში გამოვსულვარ. თუმცა ჩემი მუსიკალური განათლებიდან გამომდინარე, მერე მივხვდი, რომ სიმღერისთვის უნდა მიმეხედა და შევქმენი ბენდი, სოლო კარიერა დავიწყე.

- ე.ი. მანამდე არ გქონდა ასეთი მისწრაფება.

- არა და ეს სურვილი 18 წლის ასაკში მოვიდა. ბენდთან ერთად, საინტერესო რაღაცებიც შევქმენი, რადგანაც მქონდა საავტორო სიმღერები.

- სიმღერებს რა ასაკიდან წერ?

- 13 წლიდან დავიწყე მელოდიების წერა სოულისა და ალტერნატიული როკის ჟანრში... ბენდში 5 კაცი ვართ. თავიდან რუსთავში ვუკრავდით, რადგანაც ადგილობრივი ბენდი იყო, ახლა სხვადასხვა ღონისძიებაში ვმონაწილეობთ და, შესაბამისად, რეპერტუარზეც ვმუშაობთ.

- პროექტში რატომ მოხვედი?

- სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე, რადგანაც ეს გამოცდილება არა მარტო სიმღერის კუთხით, სხვა აქტივობებშიც გამომადგება. ვიფიქრე, რომ შოუში მონაწილეობით ხალხს წარმოდგენა შეექმნებოდა ჩემზე. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. მერე როდესაც შოუს სარეკლამო კადრები ვნახე და გავიგე, რომ მომღერალი ნატო მეტონიძე ჟიურიში იქნებოდა, გამიხარდა, ჩავთვალე, რომ ღირსეული კონკურსი იქნებოდა და ამიტომაც მოვედი.

- კმაყოფილი ხარ?

- კონკურსანტებს დიდი თავისუფლება გვაქვს, საოცარი მხარდაჭერა თვითონ პროექტის სტაფისგან. რეპეტიციები ბენდთან ერთად გვაქვს, - ესეც დიდ გამოცდილებას გვძენს. მეგობრული გარემოა. მთელი დღე რეპეტიციებზე გვიწევს ყოფნა და არ გვბეზრდება, არ ვიღლებით, კონკურსანტებიც ვმეგობრობთ, ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ერთმანეთს ვამხნევებთ და ვგულშემატკივრობთ.

- რა მოლოდინი გაქვს?

- სცენას მიჩვეული ვიყავი, თუმცა ამხელა სცენას არა. მოულოდნელი ჯერ ის იყო, რომ საერთოდ ათეულში მოვხვდი, რადგანაც დიდი კონკურენცია იყო. რომ ვერ გადავსულიყავი, არც გამიკვირდებოდა, რადგანაც ვიცოდი, ვინც გადავიდოდა, ჩემზე ღირსეული იქნებოდა. მოკლედ, მოვხვდი და დღეს ფილარმონიაში ვმღერი, დიდი გამოცდილება და გამოწვევაა, რომ უფრო მეტად გავუმჯობესდე როგორც მომღერალი, ასევე პიროვნება - ეს პროექტი ამაში ძალიან მეხმარება. ამასთან, ხალხის საოცარ მხარდაჭერას ვხედავ და როგორც კონკურსანტს მაქვს მოთხოვნილება, ფინალშიც ვიდგე. პედაგოგები, რეჟისორი ყოველდღიურად ბევრ რამეში მეხმარებიან, რომ ჩემი თავი ვიპოვო. მოკლედ, თუ შეიძლება ასე ვთქვა - საპროექტო ბიჭი აღმოვჩნდი.

- გისმენ და დამოუკიდებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ...

- თავიდანვე მინდოდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და 14 წლიდან დავიწყე მუშაობა, - ფლაერებს ვარიგებდი, პლაკატებს ვაკრავდი, - მოხალისეობრივი სამუშაო დავიწყე. 16 წლისა ბარში ვმღეროდი, კაფეში ვუკრავდი. სულ ვცდილობდი, ჩემი ფული მქონოდა და ოჯახზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი, ამაში ოჯახიც ხელს მიწყობდა. აქტიურობისკენ მომიწოდებდნენ...

პატარა ასაკიდან დამოუკიდებლობა, ცხოვრებისეული გამოცდილება დამიგროვდა... ჰო, კიდევ რესტორანშიც ვმუშაობდი, სადაც ვმღეროდი, სადაც უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, ყველას თავისი ხედვა, მოთხოვნილება აქვს და უნდა რაღაცნაირად დააბალანსო მათი სურვილები. წარმოიდგინეთ, ღამეც მიმუშავია, დამღლელი კი იყო, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობაში დიდი გამოცდილება დავაგროვე.

გამოცდილება იმ კუთხითაც მივიღე, რომ სამი თვე ამერიკაში ვიცხოვრე - როგორც სტუდენტი გაცვლით პროგრამაში ჩავერთე. ამისთვის ბევრი ეტაპი გავიარე - ინგლისური ენის ბარიერი, დამსაქმებელთა მოლაპარაკებები, ტესტირებები. ამ პროგრამით მოვიარე - ნიუ-იორკი, ლოს ანჯელესი... სამი თვის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ყოველდღე ვმუშაობდი... ამ ყველაფრით რა კარგი ბიჭი ვარ-მეთქი, ამის თქმა კი არ მინდა... უბრალოდ, ვამბობ, რომ ჩემი აქტიურობით სხვადასხვაგვარი გამოცდილება მაქვს მიღებული და ამასთან, არასდროს ვკარგავ თვითკრიტიკის გრძნობას...

აჩი ფურცელაძემ სტამბოლში ოპერაცია გაიკეთა - "ვერ ვსუნთქავდი..."

"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა

ვინ არის ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული და როგორი გოგონები მოსწონს - ნახეთ ფოტოები