ავტორი:

"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა

"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა

"რაღაცეებს ზოგჯერ ყურადღებას არ ვაქცევთ, არადა, პროფესია გამადიდებელი შუშით ითხოვს დაკვირვებას. იმ მთავარ საქმეს, რომელმაც ჩემს გონებასა და აზრში უკვე წლებია, ფეხი მოიკიდა, სწორედაც გამადიდებელი შუშით ვაკვირდები, რა დროსაც სულ უფრო მეტ და მეტ აღმოჩენას ვაკეთებ", - გვეუბნება თეატრ "გლობუსის" (“რუსთაველის 19”) რეჟისორი დათო ბელთაძე.

დათო რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის ნამოწაფარია. როგორ აგრძელებს პედაგოგის დაწყებულ საქმეს და როგორ იხსენებს შეგირდი თავის მასწავლებელს, ამაზე ახალგაზრდა რეჟისორი დათო ბელთაძე თავად გვესაუბრება:

- თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება 2009 წელს გადავწყვიტე და მოვხვდი რეჟისორ სანდრო მრევლიშვილისა და ქალბატონ გულიკო ბუთხუზის ჯგუფში, სამსახიობო ფაკულტეტზე. ასე დაიწყო იმ პროფესიასთან პირველი შეხება, რომელიც ახლა უკვე ძალიან მერთულება... დიახ, მერთულება... როდესაც პროფესიის შესწავლას ღრმად იწყებ, ეს პროცესი არ არის ადვილი და ამ დროს პასუხისმგებლობაც შესაბამისად დიდია.

- როგორ გაიხსენებთ პედაგოგს, ვინც თქვენს პროფესიას გაზიარათ?

- პასუხს მისი ცხოვრების ბოლო, სევდიანი პერიოდიდან დავიწყებ, რადგანაც არ მავიწყდება ჩვენი ბოლო შეხვედრა ... უკვე ძალიან დაუძლურებული იყო, მაგრამ მაინც ახერხებდა საკუთარ თავში ძალა გამოენახა და ესაუბრა... უცნაური ამბავი გაიხსენა ერთ-ერთ მწერალზე, რომელიც შოტლანდიის დაბაში ცხოვრობდა. ერთხელაც სახლის ოთახის ასავსებად დიდი ოდენობით ყვავილი შეუკვეთა. მწერალი მეუღლესთან ერთად ოთახში 24 საათის განმავლობაში იჯდა და ცხოვრების ბოლო წუთებს ატარებდა. საბოლოოდ კი, 48 საათის განმავლობაში ყვავილების მოჭარბებული სურნელისაგან გამოწვეული ინტოქსიკაციით ორივე დაიღუპა. როგორი პოეტურია...

ეს ისტორია უფრო მძაფრად მაშინ გამახსენდა და ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა, როდესაც ბატონი სანდროს გარდაცვალების შემდეგ მაშინვე დაიღუპა მისი მეუღლე, ქალბატონი მანანა ჭელიძე...

დიახ, ეს ამბავი სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ამომიტივტივდა გონებაში. ამასთან, ეს იყო მასთან ბოლო კონტაქტი, როგორც ოსტატთან, შემოქმედთან. ფაქტია, რომ რაღაც ხელოვანის მძაფრ შეგრძნებასთან გვქონდა საქმე. უცნაური და ამოუხსნელი ამბავია... ქალბატონი მანანასა და ბატონი სანდროს პირადი ურთიერთობაც სხვა რამ იყო, რომლის მოწმენიც ჩვენ ყველანი ვიყავით... პოეზია თეატრში...

რაც შეეხება მასთან გატარებულ წლებს, მუდმივად მახსენდება სწავლის პერიოდი. მისგან შემოთავაზებული სწავლის მეთოდიკა იყო უჩვეულო და ავანგარდულიც... სანდრო მრევლიშვილის პერსონა, სანამ სტუდენტი გავხდებოდი, მანამდე ვიცოდი - 1974 წელს პირველი დამოუკიდებელი, კერძო თეატრი სწორედ მის ანგარიშზეა. ეს ტენდენცია დღეს უკვე უფრო დიდ ფაზაში შეინიშნება. მებრძოლი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ეს უნარი შემდეგ თითოეულ სტუდენტში გადმოიღვარა. მთავარია, რომ ამ ძალას ყოველი ჩვენგანი ვგრძნობთ... თეატრი იყო მისი მრწამსი, მაგრამ მასთან ყოველდღიური ურთიერობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საკრალური გახლდათ...

- როგორ წარიმართა თქვენი კარიერა თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?

- 2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე, ისევ სანდრო მრევლიშვილთან სარეჟისორო ფაკულტეტზე. სწორედ მაშინ, აღდგა ისტორიული სამართალიანობა და სანდრო მრევლიშვილს თეატრი - ის კულტურული მემკვიდრეობა დაუბრუნდა, რომელსაც მანამდე ქმნიდა. თეატრს სჭირდებოდა თავშესაფარი, შენობა-ნაგებობა, სადაც სპექტაკლები უნდა გვეთამაშა... ეს საწადელიც დღეს „რუსთაველის 19“-შია გამოხატული.

მოკლედ, 2012 წელს, როდესაც ბატონ სანდროს შესთავაზეს აეყვანა მაგისტრატურის ჯგუფი, გამოვხატე სურვილი, რომ მაგისტრატურაზე მასთან ვყოფილიყავი და დაიწყო იმაზე შრომატევადი საქმე, რასაც მანამდე ვეწეოდი... და როგორც, გიორგი ტოვსტონოგოვი (ბატონი სანდროს პედაგოგი) აფასებს პროფესიას მის ერთ-ერთ წერილში „ეს არის საუკუნე ატომის, დედამიწის თანამგზავრის, კიბერნეტიკისა და რეჟისურის“ - დიდი ოსტატი, სწორედ იმაზე საუბრობს, თუ რას ნიშნავს რეჟისურა, როგორი ყოვლისმომცველი სფეროა, როგორი მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო, რომ ხორცი შევასხათ ჩვენს მთავარ იდეას, რასაც რთული გზის გავლა სჭირდება...

რაც შემეხება პირადად მე, ყველაზე მეტად მხიბლავს თეატრის პირობითობის ზომა, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს და განკარგავს.

პირველი საკურსო სპექტაკლი, გოგოლის "შეშლილის წერილები" იყო, რითაც შედგა ჩემი სარეჟისორო დებიუტი. სწორედ ამ სპექტაკლით, მთავარი როლის შემსრულებელმა საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი-მსახიობის ტიტული მიიღო. ამ ყველაფრით დიდი აზარტი მოგვეცა დებიუტანტებს, რასაც მოჰყვა ჩემი შემდგომი სპექტაკლები : “დაკრძალვა კალიფორნიაში“ უ.იბრაგიმბეკოვი, ფ. დოსტოევსკის „თვინიერი“ და „ანგელოზპური“ ე. იონესკოს „სკამების“ მიხედვით.

- მოკლედ, სანდრო მრევლიშვილის დაწყებულ საქმეს თქვენ აგრძელებთ...

- ვაგრძელებთ ჩვენ! მხოლოდ მე ვერ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ კი არა, რომ მეშინია, არამედ თავს არ მივცემ ამის უფლებას, რომ „ახლა ყველაფერი ჩემზეა“ ვთქვა. სანდროს თეატრი თითოეულ ჩვენგანშია, რომელიც ქმნის ერთ დიდ მთლიანობას და ვფიქრობ, რომ საჭიროა ძალიან მალე გადაიდგას ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, რომ თეატრს სანდრო მრევლიშვილის სახელი ეწოდოს.

- გისმენთ და მახსენდება ბატონი სანდროს არაერთი ნამოწაფარი, რომლებსაც ჩემთან საუბრისას დიდი სითბოთი გაუხსენებიათ პედაგოგი...

- მართლაც ასეა. ერთხელ, საახალწლოდ ერთმანეთისათვის საჩუქრების გადაცემის ცერემონიალზე, ბატონ სანდროს ჩვენთვის ყველაზე ისტორიული სიტყვები აღმოხდა - „მე თქვენ ყველას თეატრი გაჩუქეთ“ - საშობაო ნოველაა, არა?!..

- რამდენიმე თვე გავიდა მისი გარდაცვალებიდან. როგორია მის გარეშე განვლილი ეს რამდენიმე თვე...

- განცდა იმის, რომ ის აღარ არის, არ მაქვს. სანდრო მრევლიშვილი ჩემში, უპირველესად როგორც ხელოვნება, ხელოვანი, ასე არსებობს. ახლაც სულ გვაწვდის რაღაც აზრს, ოპტიმისტური ენერგიით გვავსებს. შემოქმედებით პროცესში კი მის ფაქსიმილიას ყოველთვის ექნება ძალა.

- როგორ ცხოვრობს დღეს თქვენი თეატრი?

- კარგია, რომ თეატრში რეპერტუარია, აფიშა არსებობს. ეს კი მსახიობების და ადმინისტრაციის ერთობლივი ძალის დამსახურებაა, რომელიც მთლიანობაში ქმნის ამ პროდუქციას და ეხმარება თეატრს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრში ძალიან ბევრი პრობლემაა, უმთავრესად გადასაწყვეტია ორი საკითხი: პირველი - თეატრს ეწოდოს სანდრო მრევლიშვილის სახელი, ხოლო მეორე - შენობა. ეს კომპლექსური და რთული საკითხია, რაზეც ყველამ უნდა გამოხატოს მზაობა და შენობასთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიოთ. იმედია, ამ რთულ პროცესს ყველანი ერთად გავუმკლავდებით!

კლუბ "კოლიბრში" 25 იანვარს ამსტერდამელი მუსიკოსი San Proper დაუკრავს

"დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან ამ კონკურსში მონაწილეობა..." - "ურსას" სოლისტი "მხოლოდ ქართულიდან"

"საპროექტო ბიჭი აღმოვჩნდი..." - გაიცანით ირაკლი კაპანაძე "დიდი სცენიდან", რომელიც მეორე ლაივკონცერტის ლიდერია