ავტორი:

"თავზე აქვს უმძიმესი დაზიანებები, ტანზე - დალურჯებები, მკლავზე დაკბენილია..." - რა ეტაპზეა გამოძიება 32 წლის ქალის თვითმკვლელობის საქმეზე

"თავზე აქვს უმძიმესი დაზიანებები, ტანზე - დალურჯებები, მკლავზე დაკბენილია..." - რა ეტაპზეა გამოძიება 32 წლის ქალის თვითმკვლელობის საქმეზე

მასალა შეიცავს მძიმე ფოტოებს

ახალი წლის დადგომამდე სამი დღით ადრე, სოფელ შამგონაში მომხდარ გაუგონარ ტრაგედიაზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თავის მხრივ, საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი“ სწავლობს.

შემზარავი ტრაგედია სამეგრელოს სოფელში 2019 წლის 28 დეკემბერს მოხდა. სამი შვილის დედა, 32 წლის ეკა მიქავა, მეზობლის ეზოში მდებარე ნაგებობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მომხდარიდან მალევე დანაშაულის ურთიერთსაპირისპირო ვერსიები გავრცელდა: გარდაცვლილის ძმა და მამა სუიციდს გამორიცხავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ჯერ სასიკვდილოდ სცემა, შემდეგ კი მეზობლის ბოსელში ჩამოკიდა. ხოლო მეზობლები, თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავდნენ. მათი ნაამბობით, ეკა მიქავა ყვირილით თხოვდა დახმარებას მეზობლებს, ერთმა ურჩია ერთ-ერთ სახლში შეეფარებინა თავი და ბოლოს სწორედ იმ ეზოსკენ მიმავალი ნახეს ახალგაზრდა ქალი მეზობლებმა...

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება, სსკ-ის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 126-ე (ოჯახური ძალადობა) მუხლებით დაიწყო. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს გარდაცვლილის მეუღლე - ბაკურ სორდია, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 31 დეკემბერს პატიმრობა შეუფარდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის“ ადვოკატი ელისო რუხაძე ცოტა ხნის წინ პირველად გაეცნო საქმის მასალებს და AMBEBI.GE-ს გამოძიების პროცესზე, ასევე საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზე ესაუბრა.

რუხაძე საქმის მასალების მიხედვით, ტრაგედიის ღამეს მომხდარ მოვლენებს აღწერს:

"იმ ღამეს ბაკურ სორდია მთვრალი მივიდა სახლში. საქმის მასალების მიხედვით, ყველა მოწმე ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ძალიან ცუდი და აგრესიული სიმთვრალე. ამას არ უარყოფს თავად ბრალდებულიც. ძალადობას უკავშირებს უმუშევრობას და უსახსრობას, ვინაიდან იყო გაღიზიანებული.

ტრაგედიის დღეს კონკრეტულ ადგილას სთხოვდა ცოლს წაყოლას, თუმცა იმდენად უგონოდ მთვრალი იყო, ქალმა უარი უთხრა. შემდეგ ფულს სთხოვდა. ესეც რომ ვერ მიიღო, გადავიდა ფიზიკურ ძალადობაზე. სიტუაციის განეიტრალების მიზნით მათ შორის ჩადგა ბრალდებულის დედა, რომელიც სცემა ბრალდებულმა და დივანზე დააგდო. მამაკაცს დედის მიმართ ძალადობისთვისაც აქვს წაყენებული ბრალი.

ამის შემდეგ, ეკა მიქავა გამოესარჩლა დედამთილს... თუმცა, მას შემდეგ რაც მეუღლე გაიქცა სახლიდან და შველას თხოვდა მეზობლებს, სორდია მიუბრუნდა დედას, რომელსაც ხელში წლინახევრის შვილიშვილი ეჭირა და ისევ სცემა ის. ამ დროს ქალს ბავშვი ხელიდან გაუვარდა და ძირს დავარდა" - უყვება AMBEBI.GE-ს უფლებადამცველი.

ჩამომხრჩვალი ეკა მიქავა მეზობელმა ზაზა ბოხუამ იპოვა საკუთარ ბოსელში. ბოხუა და მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც გარდაცვლილი თოკიდან ჩამოხსნეს, აცხადებენ, რომ გვამს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს საქმეში არსებული ფოტომასალა და გვამის დათვალიერების ოქმი.

დოკუმენტების მიხედვით, გარდაცვლილის თავზე აქვს უმძიმესი დაზიანებები, მთელ ტანზე სისხლნაჟღენთები და დალურჯებები აღენიშნება, მკლავზე კი დაკბენილია.

"საფარის" ადვოკატი აცხადებს, რომ ამ დაზიანებების გამო, ბრალდებულს ბრალი შესაძლოა კიდევ დაუმძიმდეს. ადვოკატის თქმით, აუცილებელია გამოძიება სხვა მიმართულებით წარიმართოს და ბრალი გადაკვალიფიცირდეს:

"თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, გამოძიება არ მუშაობს არცერთ სხვა ვერსიაზე. ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც წესით ერთი თვის ვადაში უნდა იყოს. შესაძლებელია ეს ყოფილიყო ჯანმრთელობის დაზიანება ან მკვლელობაც, არა?! თუ ეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, მაშინ სხვაგვარად შეიძლება შეიცვალოს სურათი.

ასევე შესაძლებელია, ძალადობის ან მკვლელობის მცდელობის მუხლებითაც წაეყენოს ბრალი დამნაშავეს. დნმ-ის ექსპერტიზა არ არის დანიშნული, გამოსაკითხია ბევრი მნიშვნელოვანი მოწმე. გამოსაკვლევია თოკზე დნმ-ის ნიმუშებიც და თუ კი მასზე აღმოჩნდა ბრალდებულის დნმ, ეს შეიძლება მიუთითებდეს მკვლელობაზე.

ბევრი რამეა გასაკეთებელი. ჩვენ მოვუწოდებთ შსს-სა და პროკურატურას, რომ სრულყოფილად ჩატარდეს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება" - აცხადებს ადვოკატი.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ამ დრომდე ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე გრძელდება.

"14 წლის ბიჭი 9 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო"  - შემზარავი დანაშაული კახეთში

"ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, მას შემდეგ გაუჩინარდა" - შსს მოქალაქეებს მიმართავს

"არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე... ეს მძიმე საყურებელია" - რას აცხადებს პროკურორი