ავტორი:

"მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს" - როგორ ემზადება აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში ჩამოსასვლელად

"მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს" - როგორ ემზადება აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში ჩამოსასვლელად

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო. ცერემონიას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც დაესწრო.

აშშ-ს საელჩო საქართველოში ახალი ელჩის ფიცის ვრცელ ტექსტს ავრცელებს. გთავაზობთ ამონარიდებს ტექსტიდან:

"განსაკუთრებით, მინდა მივესალმო ელჩ დავით ბაქრაძეს, საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. გასულ ორშაბათს დავითმა და მისმა მეუღლე ანამ მე და დაგს არაჩვეულებრივ საღამოზე გვიმასპინძლეს. ახლა უკვე შევიგრძენით ის საოცარი სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ქართველები ესოდენ ცნობილი არიან და მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს. დიდი მადლობა, დავით!

ჩემს კარიერაში ამ ეტაპამდე მოსვლისთვის აქ მყოფმა ყველა ადამიანმა წვლილი შეიტანა. მე ნამდვილად ვალში ვარ თქვენთან, იმისათვის, რაც მასწავლეთ და როგორც მიჭერდით მხარს წლების განმავლობაში - ჩემი ოჯახი, მეგობრები, კოლეგები და მისაბაძი ადამიანები...

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება. ახლა ერთად ვიბრძვით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია.

ამერიკელთა მსგავსად, ქართველებს სურთ ბიზნეს საქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა, აღმსარებლობის თავისუფლება და შვილების ისეთ ქვეყანაში გაზრდა, სადაც კანონი უზენაესია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ მსგავსებას ვნახავ ქართველებსა და ამერიკელებს შორის, რაც უფრო დიდხანს ვიცხოვრებ იქ.

ელჩად მსახური უნიკალური შანსია, მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად. აშშ-ის ელჩის რანგში ჩემი მთავარი მოვალეობა ამერიკის ინტერესების ხელშეწყობა და დაცვაა, რასაც დიდი ენთუზიაზმით გავაკეთებ.

მე, ასევე, მოწადინებული ვარ, გაგრძელდეს ამერიკის მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კუთხით. ერთობლივი წვრთნებითა და სწვალებებით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს უნარს, დაიცვას საკუთარი საზღვრები. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი ამერიკის მტკიცე ერთგულების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

ჩვენი მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის USAID-ის ძლიერი მისია, ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მხარს უჭერს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს აშშ-სა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დონეს ზრდის, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას უწყობს ხელს და საქართველოს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად უკეთ ამზადებს.

თქვენ, შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) და საქართველო 2006 წელს გაერთიანდნენ, რათა უკეთესი საგანმანათლებლო შესაძლებლობები შეექმნათ, განსაკუთრებით, ზუსტი მეცნიერებების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველო იმდენად კარგი პარტნიორი იყო, რომ MCC-მ ახლახან მეორე კომპაქტიც დაასრულა.

...მაშინ, როდესაც იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოს მომავალს, ღირს გავიხსენოთ, საიდან დაიწყო საქართველომ და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად.

ქართველებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქციეს ფუნქციურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ეს პატარა საქმე არ არის. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების სიმარტივით, კორუფციასთან ბრძოლითა და დემოკრატიის მხარდასაჭერად აუცილებელი ინსტიტუტების მშენებლობით.

...საქართველოს ბევრი საამაყო აქვს და შეერთებული შტატებისთვის პატივია ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომა.ჩვენ ძლიერი მოტივაცია გვაქვს და როგორც ელჩი, მე ერთგული ვარ ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცის შენარჩუნებისა ამ ნათელი მომავლის გზაზე, რის მიღწევასაც ყველა ქართველი იმსახურებს.

დავასრულებ პირადი ნოტით. მე არ დამისახავს მიზნად, რომ ელჩი გავმხდარიყავი. მაგრამ, როდესაც გიყვარს, რასაც აკეთებ, როდესაც გჯერა იმისი, რასაც აკეთებ და იმ ადამიანების, რომლებთან მუშაობის პატივი გხვდება წილად, ზოგჯერ გასაოცარი ამბებიც ხდება.

აქ მყოფი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების, განსაკუთრებით ქალების გასაგონად ვიტყვი. მე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ბევრი იმისთვის, რისიც გწამთ და იყოთ ერთგული ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისა: გულწრფელობის, პატიოსნების და ქვეყნის მსახურების. ეს გაგაძლიერებთ. ეს არის ის, რამაც გახადა ამერიკა ძლიერი და რითიც გაგრძელდება ამერიკის ლიდერობის აღმავლობა მთელ მსოფლიოში" - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა საქართველოსთან დაკავშირებით მის გეგმებზე საუბრისას.

კელი დეგნანი ბოლოს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მოღვაწეობდა. ამ პოზიციის დაკავებამდე მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში.

25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ.

მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.

სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო  სტანდარტის  შესაბამისი ხარისხის მართვის  სისტემა ინერგება

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში - სად გათოვდება, სად იწვიმებს და სად იქნება ყველაზე დაბალი ტემპერატურა

რისგან იცავს მამაკაცებს წინადაცვეთა და სქესობრივი გზით გადამდები რომელი ინფექციებია საშიში - რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციები