ავტორი:

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით, ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს დაამონტაჟებენ. ქაცარავამ ამის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელა:

"ოკუპანტებისთვის დათმობილია ახალი ტერიტორია ჩორჩანა-პერევის მიმართულებით. უახლოეს ხანში ასეულობით ჰექტარი ტყე მოექცევა ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაში საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობის ხელშეწყობით.

დამადასტურებელი ფოტო მასალა ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიამ" გადაადგილების შეზღუდვების და მუდმივი თვალთვალის მიუხედავად რამდენიმე საათის წინ მოიპოვა. სამწუხაროდ, ხელისუფლების საგანგაშო დუმილისა და "არგაღიზიანების პოლიტიკის" გამო, ბოლო ერთ წელიწადში უკვე მეორედ გვიწევს ჩავატაროთ პრეზენტაცია, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიას წარმოგიდგენთ, რომელიც არასდროს, თვით სსრ კავშირის დროსაც კი, არ შედიოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში.

ამჯერად ოკუპანტებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით, კარგად ნაცად მეთოდს მიმართეს: ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ. საღებავებით მონიშვნასთან ერთად, ოკუპანტებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ტყეში მოხვედრის შემთხვევაში ადგილობრივები გააფრთხილონ ასეთი წარწერით (კადრში ჩანს აბრა) და მიანიშნონ არარსებულ საზღვარზე.

ამ და სხვა ნიშნულების გამოვლენისა და პრევენციის ნაცვლად, ხელისუფლება ჩვენი შეზღუდვითაა დაკავებული, თუმცა, ატოციდან ჩვენი გაყვანისა და საოკუპაციო ზოლზე გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, ჩვენი გუნდი აგრძელებს 940 დღის წინ დაწყებულ სამოქალაქო პატრულირებას და წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას" - ეს ინფორმაცია და ფოტომასალა გაავრცელა გუშინ დავით ქაცარავამ.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა მიმდინარეობს:

"მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ( EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელს იქნა აღმოჩენილი.

საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი ხეებზე დატანილ მონიშვნებთან დაკავშირებით" - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

გაგრასა და გუდაუთაში ტყის მასივები იწვის - "სპეციალური აღჭურვილობის არ ქონის გამო, ხანძარი მაღალმთიან რაიონში გავრცელდა"

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების გაცვლის პროცესი დაიწყო

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება "საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაზე" განცხადებას ავრცელებს