ავტორი:

"აფთიაქებში საჭირო მედიკამენტი არ არის და ძებნაში გადის თვეები" - რატომ ვერ სარგებლობენ პაციენტები იაფი წამლების სახელმწიფო პროგრამით?

"აფთიაქებში საჭირო მედიკამენტი არ არის და ძებნაში გადის თვეები" - რატომ ვერ სარგებლობენ პაციენტები იაფი წამლების სახელმწიფო პროგრამით?

ბოლო პერიოდში, სულ უფრო აქტიურად საუბრობენ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდება.

იმის გათვალისწინებით, რომ მედიკამენტებზე ფასები სულ უფრო იმატებს, სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებს აფინანსებს, წესით დიდი მოთხოვნა უნდა იყოს, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა მცირდება, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, პროგრამის ეფექტურობასა და ხარისხთან დაკავშირებით.

2019 წლის 11 თვის მონაცემებით, მედიკამენტების პროგრამაზე გამოყოფილი 14 მილიონი ლარიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ 7 მლნ ლარი ჰქონდა ათვისებული

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული იკლებს მედიკამენტების პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა, მაშინ როდესაც წამლის ყიდვა ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.

"2019 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად პროგრამაში 4 ათასამდე ახალი მოსარგებლე რეგისტრირდებოდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წლის აგვისტოში ეს რიცხვი უცბად 26 ათასი გახდა, რამაც იმედი ჩაგვისახა, რომ პროგრამა მართლაც მასობრივი გახდებოდა.

სამწუხაროდ, ნოემბერში ეს რიცხვი 6 ათასამდე დავიდა. გაუმართლებელია, როდესაც ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი რჩება, ათასობით ადამიანი კი ამ დროს წამალს ვერ ყიდულობს. იგივე პრობლემა იდგა 2017-2018 წლებშიც და ჯანდაცვის სამინისტრომ მესამე წელსაც ვერ მოახერხა, წამლის პროგრამა მოქალაქეთა დიდი ნაწილის დახმარების ინსტრუმენტად ექცია" - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა" 2017 წელიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდება.

პროგრამის ფარგლებში, ქრონიკული დაავადების მქონე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს (რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება) 35 დასახელების მედიკამენტი უფინანსდებათ.

ნინო გიგიშვილის ოჯახის წევრები პროგრამის ბენეფიციარები არიან. რესპონდენტი AMBEBI.GE-ს უყვება იმ ბარიერებზე, რომელსაც სერვისით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.

"სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც პენსიონერებს 1 ლარად შეუძლიათ მედიკამენტების მიღება, მეგობრისგან შემთხვევით გავიგე, რომელმაც ასევე შემთხვევით გაიგო სხვისგან. ამ პროგრამის ფარგლებში ჩემი ოჯახის სამი წევრი სარგებლობს. დედა, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონში ცხოვრობს, უპრობლემოდ სარგებლობს, ცხადია, მასაც მე გავაგებინე. აქვს ხელსმისაწვდომობა დანიშნულ პრეპარატებზე.

რაც შეეხება ოჯახის კიდევ ორ წევრს, რომლებიც დედაქალაქში ცხოვრობენ, მთელი რიგი დაბრკოლება შეხვდათ. რამდენიმე მედიკამენტზე კვირების განმავლობაში მოუწიათ ლოდინი რომ შემოსულიყო აფთიაქებში, ამ პერიოდში მუდმივად ვამოწმებდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, ხომ არ იყო შემოსული პრეპარატი, ვამოწმებდით აფთიაქებში სად შეგვეძლო შეძენა, აღმოჩნდებოდა რომ არ იყო მარაგში ან უბრალოდ დამთავრდა.

ერთ-ერთი პრეპარატი დღემდე არაა შემოსული ორი თვეა ველოდებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს პრეპარატები არ შემოდის იმ სავაჭრო დასახელებით, რასაც ექიმი გიწერს, უნდა მოიძებნოს პროგრამაში მისი ანალოგი, რომ მოხდეს წამლის გამოწერა

მედიკამენტებს აქვს სპეციალური კოდები მინიჭებული. მაგალითად, ერთ-ერთ მედიკამენტზე სამჯერ მოუწია ჩემ ოჯახის წევრს ექიმთან მისვლა, რადგან კოდი იყო არასწორად ჩაწერილი. აქვე გეტყვით, რომ მედიკამენტების ყიდვა რეგიონებში უფროა შესაძლებელი, რადგან სავარაუდოდ, რეგიონში მცხოვრებთ ინფორმაცია ნაკლებად აქვთ და უფრო ნაკლებია პროკრამაში ჩართული" - გვიყვება ნინო გიგიშვილი.

მედიკამენტების დეფიციტის გარდა, პრობლემაა ისიც, რომ დაბალია ინფორმირებულობა, შესაბამისად პროგრამით მოსახლეობის მცირე ნაწილი სარგებლობს.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინე ბერიძე რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას - მათ შორის, მმართველობის არაეფექტურობასა და ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზებაზე:

"კარგი იდეაა, კარგი წამოწყებაა, მაგრამ ვერ ხორციელდება შესაბამისად, რადგან არ გვაქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები და თუნდაც, ფარმაცევტული კომპანიები. პროგრამის ეფექტურობას არამხოლოდ ჯანდაცვის ექსპერტები უნდა აფასებდნენ, არამედ თავად სამინისტრო უნდა აწოდებდეს საზოგადოებას შეჯამებულ შეფასებას, თუ რამდენად ეფექტურია პროგრამა. სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს უწყვეტი.

თუ ჩვენ გამოვკითხავთ პაციენტებს, გვეტყვიან, რომ როდესაც მიდიან აფთიაქებში, იქ არ არის საჭირო მედიკამენტი ადგილზე და ძებნაში გადის, კვირეები და თვეები

სხვა ქვეყნებში სისტემურად ხდება ამ ყველაფრის გაკონტროლება და მართვა. სწორედ მმართველობითი პრობლემაა ყველაზე დიდი პრობლემა. ასევე, არსებობს ინფორმირებულობის პრობლემაც. რატომ არ ავრცელებენ ინფორმაციას, არ იციან, რომ ეს აუცილებელია? სხვა რამეშია საქმე...

აი, მაგალითად შედიხარ აფთიაქში და ითხოვ სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ მედიკამენტს. არის შემთხვევები, როცა დაუმალავთ მედიკამენტი და უთქვამთ, რომ აღარ არის, ამოიწურა მარაგი. მაშინ როდესაც სხვა პაციენტისთვის, რომელსაც არ უფინანსდება იგივე მედიკამენტი, მიუციათ, რადგან იგი იხდის ფულს. ამაზეა საუბარი.

არც მსგავსი შემთხვევების კონტროლი და მონიტორინგი არ ხდება სამინისტროს მხრიდან. კერძო ფარმაცევტულ ორგანიზაციას, რა თქმა უნდა არ აწყობს მედიკამენტის ლარად გაყიდვა. ფარმაცევტული სექტორი არის მონოპოლიზებული და არ არის ჯანსაღი კონკურენცია. ამ წამლების აღება შესაძლებელია მხოლოდ PSP-ს აფთიაქები და არა სხვაგან. ამ აფთიაქის მფლობელი კი ზის საკანონმდებლო ორგანოში. პირდაპირ არაფრის მტკიცება შეიძლება, მაგრამ ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს", - საუბრობს ჯანდაცვის ექსპერტი.

სააფთიაქო ქსელ PSP-ს წარმომადგენელმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება იმ აფთიაქების რაოდენობა, რომლებიც მომხმარებლებს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ მედიკამენტებს მიაწვდის.

"სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული მედიკამენტების 1 ლარად მიწოდების პროგრამას თავდაპირველად მხოლოდ PSP-ს აფთიაქები ახორცილებდნენ, რადგან მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გასამარტივებლად მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ PSP-მ შესთავაზა სახელმწიფოს პროგრამის უსასყიდლოდ მომსახურება. პროგრამის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ PSP აღარ არის ამ მედიკამენტების ერთადერთი პროვაიდერი, თითქმის ყველა დიდი ქსელის აფთიაქი ემსახურება დღეს ამ სახელმწიფო პროგრამას", - აცხადებენ PSP-ში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აღიარებს, რომ პროგრამას გარკვეული "უხერხულობები" ახლავს თან და სერვისის გაუმჯობესებისთვის ნაბიჯებია გადასადგმელი.

გაბუნიას განცხადებით, იანვრის თვიდან "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდება, რაც პროგრამას უფრო მასშტაბურს და ხელმისაწვდომს გახდის.

"დაწყების პირველი დღიდან პროგრამამ ცვლილებები განიცადა, განვითარდა. აღსანიშნავია, ფინანსური ბარიერის შემცირება, ასევე გასული წლის სექტემბრიდან განსაკუთრებით გააქტიურდა საინფორმაციო კამპანია, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაეგო პროგრამის შესახებ.

თუმცა, პროგრამის შესწავლამ გამოავლინა სხვა საჭიროებებიც. ბევრად უფრო ეფექტური იქნება მისი მუშაობა, თუ ინტეგრირებას მოვახდენთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან. სამინისტროს უწევდა 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა, დასაწყობება, დისტრიბუცია და ა.შ. რაც რთული იყო განსახორციელებლად და იწვევდა ზოგიერთ შემთხვევაში დეფიციტს, ხშირად ტენდერი ვერ შედგა იმ ვადაში რაც დაგეგმილი იყო, ყველა ამ უხერხულობის თავიდან ასარიდებლად შეუერთდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

გვაქვს მოლოდინი, რომ იანვრის ბოლოს ფორმალური პროცედურები სრულად იქნება დასრულებული და თებერვლიდან უკვე პაციენტებს შეეძლებათ, მიმართონ აფთიაქებს, რომელთა რაოდენობა გაიზრდება და იქნება გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი. აქამდე ჩვენ გვქონდა 108 აფთიაქი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან მოკლე ხანში უფრო კონკრეტული სიახლეები გექნება და მომხმარებლებს ვაცნობებთ, ზუსტად სად შეიძლება აიღონ საჭირო მედიკამენტები" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე:

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
  • დიაბეტი (ტიპი II);
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები
  • ეპილეფსია;
  • პარკინსონის დაავადება

როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში?

  • მოსარგებლემ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და გაიაროს რეგისტრაცია ერთჯერადად;
  • ბენეფიციარმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა რეგისტრაციისთვის, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა). ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით უნდა ფლობდეს საკუთარ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს ორიგინალი;
  • ფორმა N IV-100/ა-ში მითითებული უნდა იყოს ქრონიკული დაავადების დადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისი ICD-10 კოდის მითითებით, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტ(ებ)ის სახეობა და დღიური დოზა (დღიური დოზის მითითება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო ვერ დაარეგისტრირებს ბენეფიციარს);
  • რეგისტრაციის შემდეგ, მედიკამენტის მისაღებად, პირი მიმართავს აფთიაქს(აფთიაქების ჩამონათვალი იხილეთ ბმულში),სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექიმი - სპეციალისტი) მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტ(ებ)ს;
  • მომხმარებელს შეუძლია ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 (სამი) თვის სამყოფი მედიკამენტი;
  • დიაგნოზის და/ან მედიკამენტის და/ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განახლებული ფორმა N IV-100/ა, რომლის საფუძველზეც განახლდება რეგისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.

ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება - თენგიზ ცერცვაძე ინფექციურში მოთავსებულ ჩინელებზე

ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს