ქურდული ტრადიციების მიმდევრობისთვის დაპატიმრებული სამი პიროვნებიდან ერთი - სოდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი მისირელი - გათავისუფლებულია.
პატიმრობაში რჩებიან ესპანეთის პრიმერადივიზიონის ლეგიონერი გიორგი დემეტრაძე და დავით გაგნიძე. დაცვის მხარეს დღემდე არ აძლევენ საქმის მასალების გაცნობის საშუალებას, რითაც დაცვის უფლება ირღვევა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დემეტრაძესთან საკანში შესულმა სამართალდამცველებმა მას გამოძიებასთან თანამშრომლობა შესთავაზეს და ულტიმატუმი წაუყენეს. "ყველა სიახლე" გიორგი დემეტრაძის, დავით გაგნიძის და თავის დროზე ვატო ყიფიანის ადვოკატ გიგი ზირაქიშვილს ესაუბრა.
- ბატონო გიგი, რის საფუძველზე გაათავისუფლეს გიორგი მისირელი?
- მისირელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების საფუძველზე გაათავისუფლეს. ასეთი რამ არ ხდება. ათავისუფლებენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ დანიშნულა.
არავინ უარყოფს, რომ იგი დაჭრილი იყო და ავადმყოფობდა, მაგრამ დაკავებული ფარატინა ქაღალდის საფუძველზე არასოდეს გაუთავისუფლებიათ. მისირელი ღირსების ორდენის კავალერია, პოლიციის პოლკოვნიკი და არაერთხელ დაუჯილდოებიათ სამსახურებრივი მოვალეობის კარგად შესრულებისთვის. ალბათ, უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ - 5 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
- რატომ არ იგრძნეს უხერხულად თავი იმავე დემეტრაძის შემთხვევაში, ის ვერ გადაიხდიდა ხუთი ათას ლარს?
- გიორგი ავად არ არის. ჩვენ ვამზადებთ პირად თავდებობებს, დემეტრაძეს და გაგნიძეს ცნობილი ადამიანები დაუდგებიან თავდებში, მათ შორის კახა კალაძე და ინგა გრიგოლია. დემეტრაძე იმიტომ დასაჯეს, რომ მის ბინაში, კიევში ვატო ყიფიანი ცხოვრობს. ჩვენ მივმართეთ მთავარ პროკურატურას საჩივრით, დარღვეულია უამრავი მუხლი, მათ შორის დაცვის მხარის უფლებები. არ შეგვიძლია დავიცვათ ეს ადამიანები, რადგან არ ვიცით, რას ემყარება მათი მტკიცებულებები.
ჩნდება ეჭვი, რომ გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს და არ სურთ ამის გახმაურება. გამომძიებლის თვალწინ მოხდა საშინელება: სამმართველოში შემოვარდა ვიღაც, უცერემონიოდ გამოგვგლიჯა ხელიდან საქმის მასალები და დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების საგამოძიებოს უფროს დიმიტრი შაორშაძესთან შეიტანა. შაორშაძემ განგვიმარტა, საქმე პროკურორმა მოითხოვა და როცა შევძლებთ, მაშინ გაგაცნობთო.
- იმიტომ ისჯება დემეტრაძე, რომ მან ბინა დაუთმო ვატო ყიფიანს თუ, როგორც ამბობენ, კახი კალაძეზე უნდათ კომპრომატების მოგროვება?
- ეს ჭორია. კახი, ისევე როგორც გიორგი, ცნობილი ფეხბურთელები არიან და ყველაფერი შრომით აქვთ მოპოვებული. მას აბსოლუტურად ვეთანხმები, - ამ ხელისუფლებამ ვატო ყიფიანი კანონის სრული დაცვით გამოუშვა ციხიდან ვადამდე და უკრაინაში კანონიერად იმყოფებოდა. იგი არც ძებნილი იყო, არც - დამნაშავე და ასეთი ადამიანი რომ შეეშვა სახლში, რა არის დასაძრახი? მათი მამები დიდი ხანია ახლობლობენ.
- რას მოითხოვდნენ დემეტრაძისგან მასთან შესული სამართალდამცველები?
- გიორგისგან სამართალდამცველები მოითხოვდნენ თანამშრომლობას. მას უნდა ეღიარებინა, თითქოს დათო კვიჟინაძე მან დააკავშირა ვატო ყიფიანთან. გიორგი გაოგნდა, თუ ვინმეს ვინმესთან უნდა დაახლოება, მე რა შუაში ვარო? ვინაიდან თავს დამნაშავედ არ ცნობს, სამართალდამცველებთან თანამშრომლობას არ დათანხმდა.
- ლაპარაკია კალაძისა და დემეტრაძის მეგობარ დათო კვიჟინაძეზე?
- ვერაფერს გეტყვით. ხომ გითხარით, საქმის მასალებს არ გვაცნობენ-მეთქი.
- რას საქმიანობს უკრაინაში ვატო ყიფიანი?
- მცირე ბიზნესი აქვს, ვატო ყიფიანი ფულს არავის სძალავდა, პირიქით, იმ ჩანაწერის მიხედვით გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი თვითონ აძლევდა ვიღაცებს ფულს.
- მის ძმას, კონსტანტინეს რა ბიზნესი აქვს?
- კოტე ყიფიანი საქართველოს კოლორიტია თავისი ადამიანობით და ხასიათით. ყოველთვის მზადაა, მეგობრისთვის და სამშობლოსთვის ყველაფერი გაიღოს.
- და არის ამ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირიც...
- კოტე ყიფიანზე შეიძლება ითქვას, რომ ის იძულებით არის წასული საქართველოდან. კოტემ ტელეფონზე საუბრისას მითხრა, ნეტა მომახერხებინა და ამ ხელისუფლების წარმომადგენელთან შემახვედრა, ავუხსნიდი, ჩემი ძმა არავის ერჩის, ეჭვებს გავუქარვებდიო.
- იმასაც ამბობენ, რომ ვატო ყიფიანი, შესაძლოა, დუდუ დადიანის და კახი ასათიანის მკვლელობაშიც დაადანაშაულონო.
- ესეც ჭორია. წლებია, მისი ადვოკატი ვარ და ასეთი აბსურდული ვერსია პირველად მესმის. ბრალი წაუყენეს ვიქტორ ჯაფარიძის მკვლელობისთვის და სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა, ამ ხელისუფლების დროს.
- სად და რა პირობებში იმყოფებიან დემეტრაძე და გაგნიძე?
- აქამდე ორივე გლდანის მერვე საპყრობილის კარანტინში, "პადვალში" ჰყავდათ, როგორც იქნა, ახლახან აიყვანეს კორპუსში.
PS: კახი კალაძის მეგობარი დათო კვიჟინაძე ტოტალიზატორ "მაქსიმუმის" ყოფილი დირექტორია. ის ერთხელ უკვე დააპატიმრეს და 150 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც ჩანს, მის დაპატიმრებას კვლავ აპირებენ და ამისთვის სერიოზული კომპრომატები სჭირდებათ. ამბობენ, რომ ამის შემდეგ ჯერი კახა კალაძეზე მიდგებაო.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)