ავტორი:

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანა დაიწყეს - რაზე საუბრობენ ბრიტანელი მკვლევარები და რას აცხადებს საქართველოს ელჩი

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანა დაიწყეს - რაზე საუბრობენ ბრიტანელი მკვლევარები და რას აცხადებს საქართველოს ელჩი

აშშ, საფრანგეთი და იორდანია ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოსახლეობის ევაკუაციას განახორციელებენ. ეს სახელმწიფოები აღნიშნული მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფოც.

ამასთან, ვირუსი 1400 ადამიანს დაუდასტურდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ევაკუაცია მთავრობისა და ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდება. „სახელმწიფო დეპარტამენტს მიეცა ინფორმაცია, რათა უსაფრთხოდ მოახდინოს დიპლომატების უხანიდან ევაკუაცია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩართულია დაგეგმვის პროცესში“, - განაცხადეს ცენტრში.

ლონდონის, „იმფერიალ კოლეჯის“ ინფექციური დაავადებების მკვლევარი, ექიმი ნატალი მაკდერმოტის განცხადებით, ახალი კორონავირუსი გასაკუთრებით საშიშია საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომელთაც ადრე გარკვეული დაავადებები აქვთ გადატანილი. მაკდერმოტმა ამის შესახებ „ფოქს ნიუსთან“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, რომელთაც გვერდითი დაავადებები არ აწუხებთ, ვირუსს მომაკვდინებელი შედეგები არ ექნება და ის შესაძლოა მხოლოდ „გრიპის სიმპტომებით გამოიხატოს“. ექიმის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი კორონავირუსს საჭიროების შემთხვევაში მომზადებული ხვდება.

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს, თუმცა ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს,-ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ განუცხადა.

დიპლომატის თქმით, ქალაქი უხანი საკვები პროდუქტებით, სასმელი წყლით სრულად უზრუნველყოფილია და ყველა სახის პრევენციული ღონისძიება ტარდება.

„პირადად, მუდმივ კონტაქტზე ვარ სამივე ჩვენს თანამოქალაქესთან, რომლებიც ამჟამად ქალაქ უხანში იმყოფებიან. გარდა ამისა, დღეს დილით ვესაუბრე უხანის მუნიციპალიტეტის, ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მთელ ჩინეთში მასშტაბური პრევენციული ღონისძიებები ტარდება, ეს მხოლოდ უხანს არ ეხება, რომელიც ინფიცირების წყაროა. გარდა ამისა, ქალაქი საკვებითა და სასმელი წყლითაა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, უხანში სასმელი ან საკვების რაიმე სახის დეფიციტი არ იქნება. ქალაქში თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს ყველა ობიექტის დეზინფექცია და ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ცხადია, დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს და თებერვალში, ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ამ მასშტაბური პრევენციული ღონისძიების გათვალისწინებით, ყველაფერს აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, რომ მასშტაბები და ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდეს.

გარდა ამისა, კონტაქტი გვაქვს ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში ჩვენს თანამოქალაქეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ მათთან სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით. საბედნიეროდ, ისინი ჯანმრთელად და უსაფრთხოდ არიან“,-აცხადებს არჩილ კალანდია.

კითხვაზე, არის თუ არა სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მისაღებად საკმარისი ადგილი, ელჩი პასუხობს:

„ჩინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ასეთ საფრთხეს უახლოეს პერიოდში არ ელოდებიან. მთელი ჩინეთის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულება მობილიზებულია. ჩინეთს ყველა რესურსი გააჩნია იმის, რომ ამ ეპიდემიას წინ აღუდგეს. ჩინეთის მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის პრევენციული ზომებია მიღებული. რაც მთავარია, არც ქალაქ უხანსა და არც ჩინეთში პანიკა არ არის. აკრძალვები პირველ რიგში ეხება არა იმას, რომ დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად მატულობს და ქვეყანაში პანიკა არის, არამედ პირიქით, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული ინფიცირებულთა რაოდენობა და მაქსიმალურად ეფექტურად გაატარონ პორევენციული ზომები“, - აცხადებს დიპლომატი.

ელჩი საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, გაითვალისწინონ ჩინეთის ხელისუფლების რეკომენდაციები და ამ ეტაპზე მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

„ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით კონკრეტული შეზღუდვები დაწესებული არ არის. სასურველია, რომ მოგზაურობას და ქალაქიდან ქალაქში მოძრაობას მოერიდონ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მაქსიმალურად შემცირდეს შესაძლო ინფიცირების საფრთხე. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს. თუმცა, ცხადია ყველას ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად დაიცვან ის მოთხოვნები, რასაც ხელისუფლება მათ მოუწოდებს. მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას, გარეთ გასვლისას პირბადით იარონ და მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ხელები ხშირად დაიბანონ. ეს არის ის მინიმალური მოთხოვნები, რაც აუცილებლადაა შესასრულებელი. ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. საელჩო ყველა საშუალებას იყენებს, რომ მოსახლეობას ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს. საბედნიეროდ, ყველა მხნედ არის და ერთმანეთს ამხნევებენ, რომ ამ ყველაფერს სერიოზული გართულება არ მოჰყვება. ჩვენს თანამოქალაქეებში არავითარი პანიკა არ შეინიშნება, ყველა მხნედ არის და ჩვენც საათობრივ მონიტორინგს ვახორციელებთ“, - აცხადებს არჩილ კალანდია.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ფაქტი დადასტურდა, დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 2, 000 ადამიანს მიაღწია, აქედან 1,975 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის გამო იზოლაციაში რჩება ქალაქი უხანი, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.

გუშინ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ განაცხადა, რომ ჩინეთი მძიმე მდგომარეობის წინაშეა, ვინაიდან ვირუსის გავრცელების ტემპი იზრდება.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

ჩინეთი ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდის

კორონავირუსი, შესაძლოა, გლობალურ ეპიდემიად იქცეს, ხალხი მზად უნდა იყოს - ჰონგ-კონგელი ექსპერტი

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთათვის ახალ საავადმყოფოს 10 დღეში ააშენებენ