პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების გამო დაზარალებულებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით შეუძლიათ მოითხოვონ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. პრეზიდენტის მიერ ყვარელში გამართული სხდომის დროს გამოყენებული ფრაზები - "გაქსუებული", "გაზულუქებული", "ერთ ადგილას მახათის გაყრა" - იურისტების განცხადებით, არა მხოლოდ კონკრეტული ჩინოვნიკების პატივსა და ღირსებას ლახავს, არამედ პრესის შესახებ კანონის დაღვევაა, სადაც მითითებულია, რომ უხამსობა აკრძალულია საჯარო გამოსვლებისას.
"რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, თუ ვინ უწერს პრეზიდენტს საჯარო გამოსვლის ტექსტებს; შეიცავდა თუ არა ზემოთ ხსენებულ ფრაზებს ყვარელში მთავრობის გასვლითი სხდომისას ან ბოლო დღეებში სხვადასხვა სამინისტროებში სტუმრობისას პრეზიდენტისათვის მომზადებული ტექსტები (თუკი ასეთი ტექსტები მართლაც იყო წინასწარ მომზადებული), თუ ეს ფრაზები სააკაშვილმა იმპროვიზირებულად ჩაურთო თავის გამოსვლებში. თუმცა, გუშინ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მის ხელმძღვანელებთან დაკავშირება და ამ საკითხზე კომენტარის მიღება, ხანგრძლივი მცდელობების მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
იურისტები აცხადებენ, რომ მოქალაქეებს, რომლებიც თავს მიიჩნევენ დაზარალებულად, რადგან მათ მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული გამონათქვამების მოსმენა მოუხდათ, შეუძლიათ პრეზიდენტს უჩივლონ. ზიანი მათ მიერ მოთხოვნილი თანხის მიხედვით განისაზღვრება, რომელზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ეკონომიკის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას - "აბა, ჩვენ ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით", - იურისტები ამბობენ, რომ ამ ტიპის განცხადება კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, თუმცა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან კონკრეტული მუხლი არ მოიძებნება. თუმცა, იურისტთა განცხადებით, პრეზიდენტს მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება.
როგორც იურისტი და ასოციაციის "კანონი ხალხისათვის" ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ყვარლის ტბის პირას გამართულ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება, სადაც მინისტრები და ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი გაქსუებულად და გათავხედებულად მოიხსენია, სამოქალაქო კოდექისის დარღვევაა. მისი თქმით, თუ მთავრობის რომელიმე წევრს მიაჩნია, რომ მისი ღირსება შეილახა, შეუძლია უჩივლოს პრეზიდენტს და სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.
"მომჩივანს მოუწევს დამტკიცება, რომ შეურაცხყვეს ამ განცხადებით და ამ შემთხვევაში პატივისა და ღირსების შელახვისათვის შეუძლიათ მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ, რაც გამოიხატება მათ მიერ დასახელებულ თანხაში. გააჩნია, ისინი თავიანთ პატივსა და ღირსებას როგორ აფასებენ - ერთ ლარად, ას ლარად თუ ასი ათას ლარად", - ამბობს ქუცნაშვილი.
რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა ასეთი ფრაზა გამოიყენა: "აბა, ჩვენ ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით" - ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ეს დისკრიმინაციული ხასიათის განცხადებაა.
"ამ შემთხვევაში დაზარალებული არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის თავს მიიჩნევენ დისკრიმინირებულად. იქედან გამომდინარე, რომ დაზარალებულ პირთა წრე საქართველოში თითქმის არ არ არსებობს და ძალიან ცოტამ შეიძლება მიიჩნიოს თავი დაზარლებულად, შესაბამისად, სამართლებრივი დავის პერსპექტივა დაბალია, მაგრამ აქ მორალური პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.
"ძალიან ღრმად ფოლოსოფიურად თუ მიუდგებით, ამ ტიპის განცხადება კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, თუმცა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს", - ამბობს ქუცნაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ უხამსობა აკრძალულია მედიისა და პრესის შესახებ კანონით. ხოლო, ის რაც საზოგადოებამ პრეზიდენტისგან მოისმინა - უხამსობაა, კონკრეტულად გრიგოლ გობეჯიშვილის შემთხვევაში კი - პატივისა და ღირსების შელახვა.
"ჩვენ გობეჯიშვილს მივმართეთ და შევთავაზეთ საადვოკატო მომსახურება პატივისა და ღირსების შელახვის გამო. საინტერესოა, თვითონ ის როგორ თვლის და მიაჩნია თუ არა თავის პატივსა და ღირსებას შელახულად. ეკონომიკის სამინისტროში გაკეთებული განცხადება არის საჯარო პირის მიერ გამომჟღავნებული რასიზმი - მან აფროამერიკელი და ველური გააიგივა", - ამბობს მუხაშავრია.
მისი თქმით, ქართული კანონმდებლობაში არაა მუხლი, რომელიც რასიზმს მიესადაგება, თუმცა, მუხაშავრია თვლის, რომ ეთნიკური შუღლის გაღვივების მუხლი შეიძლება მიესადაგოს ამ გამონათქვამს.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ფინანსთა სამინისტროში შეხვედრისას გაკეთებულ გამონათქვამთან დაკავშირებით გუშინ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის წარმოთქმულ სიტყვებს არავითარი კავშირი არა აქვს რომელიმე რასასთან და იგი არ ყოფილა გამოყენებული რასობრივი დისკრიმინაციის კონტექსტში.
პრესსამსახური იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამი შეგნებულად იყო არასწორად ინტერპრეტირებული ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ და განმარტავს, რომ ქართულ იდიომატურ გამოთქმას არავითარი კავშირი არა აქვს არც რასასთან და არც რასებს შორის განსხვავებასთან.
"საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმულ ქართულ გამონათქვამს, რომელიც, როგორც წესი, არ გამოიყენება და არც ამ შემთხვევაში ყოფილა გამოყენებული რასობრივ კონტექსტში, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ შეგნებულად მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია და რასობრივი კონოტაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ჩინოვნიკი უჩივლებს პრეზიდენტს, არის თუ არა მზად მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგეს, ჩვენ ამ კითხვით გვსურდა პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძისათვის მიგვემართა, თუმცა ის გუშინ ზარებს არ პასუხობდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის, ალანა გაგლოევას განცხადებით კი, ჩვენთვის საინტერესო საკითხის კომენტირება მის კომპეტენციაში არ შედის.
გიორგი ფუტკარაძე