ავტორი:

"ჩინეთიდან შემოსული ტანსაცმელი და ნივთები საშიში არ არის" - ეპიდემიოლოგი კორონავირუსსა და საქართველოში მისი გავრცელების რისკებზე

"ჩინეთიდან შემოსული ტანსაცმელი და ნივთები საშიში არ არის" - ეპიდემიოლოგი კორონავირუსსა და საქართველოში  მისი გავრცელების რისკებზე

ჩინეთში ახალი ვირუსის გავრცელების შესახებ, მსოფლიომ იანვრის შუა რიცხვებში შეიტყო, თუმცა ქვეყნები პანიკამ მას შემდეგ მოიცვა, რაც კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილების რიცხვმა იმატა. ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვა უკვე 100-ს გადააჭარბა, ვირუსი ელვის სისწრაფით ვრცელდება და უკვე დაფიქსირდა საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში.

ეპიდემიოლოგი ეკა რუხაძე დეტალურად გვესაუბრება კორონავირუსის შესახებ და მოსახლეობას ამშვიდებს, რომ ძალიან მცირეა შანსი, ვირუსმა საქართველომდე მოაღწიოს.

- პირველ რიგში კორონავირუსის გარშემო ატეხილ პანიკაზე გკითხავთ, როგორც ეპიდემიოლოგს, ამ ეტაპზე რა ინფორმაცია გაქვს ვირუსის შესახებ?

- კორონავირუსები ვირუსების საკმაოდ დიდი ოჯახია (აერთიანებს 40 სახის ვირუსს), რომლებიც იწვევენ დაავადებას ადამიანებსა და ცხოველებში. სახელწოდება ამ ვირუსებმა მისი ფორმიდან გამომდინარე მიიღეს (ძალიან წააგავს გვირგვინს).

პირველად ვირუსის გამოყოფა 1965 წელს მოხდა პაციენტიდან, რომელსაც ჰქონდა მწვავე რინიტი. დაავადებათა უმრავლესობა, რომლებსაც კორონავირუსები იწვევენ, უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგალითად ე.წ. ჩვეულებრივი გაციება. თუმცა ზოგიერთი შტამი სერიოზულ გართულებებს იწვევს, მაგალითად, როგორიცაა მწვავე რესპირატორული სინდრომი, იგივე ატიპიური პნევმონია, 21-ე საუკუნის პირველი ახლადაღმოცენებული ინფექციური დაავადება.

პირველი შემთხვევა გამოვლენილ იქნა 2002 წლის ნოემბერში ჩინეთის პროვინცია გუანდონგში. მაშინ ვირუსი სწრაფად გავრცელდა მეზობელ ჰონკონგში და ვიეტნამში, შემდეგ სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე. ამ ეპიდემიის დროს დაფიქსირდა დაავადების 8 437 შემთხვევა, საიდანაც 800-მდე ლეტალური გამოსავლით დამთავრდა. საქართველოში ამ დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კორონავირუსებს გააჩნია სწრაფი მუტაციის უნარი, სწორედ ამით აიხსნება მისგან გამოწვეული ეპიდემიის უეცარი აფეთქებები. ინფიცირებული ცხოველებიდან ვირუსი გადაეცემა ადამიანებს და მუტაციის შედეგად იძენს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარს, რაც მოხდა 2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთის პროვინციის ქალაქ უხანში აღმოცენებული ახალი კორონავირუსის შემთხვევაში.

თავდაპირველად ვირუსს გააჩნდა მხოლოდ ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის უნარი, 2020 წლის 20 იანვარს კი დადასტურდა, რომ მან უკვე შეიძინა ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით გავცელების უნარი.

- რამდენად არის საფრთხე რომ ვირუსმა მოაღწიოს საქართველომდე?

- საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც არსებობს ვირუსის გავრცელების რეალური საფრთხე, მაგრამ მინიმალური ალბათობა იმისა, რომ კორონავირუსმა ჩვენს ქვეყანაშიც შემოაღწიოს, არის. ჯერჯერობით, საქართველოში შემოსულ მგზავრებს შორის აღნიშნული დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

- ქართველები პანიკამ მოიცვა, უკვე იმაზეც დაიწყეს საუბარი, რომ ჩინური არაფერი ვჭამოთ, არ დავლიოთ, არ ჩავიცვათ, რომ ვირუსი არ გადაგვედოსო...

- რაც შეეხება ჩინურ პროდუქციასთან დაკავშირებულ პანიკას: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წამსვლელთათვის, კერძოდ, მოერიდონ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი), ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს).

რაც შეეხება ჩინეთიდან შემოსულ პროდუქციას, ტანსაცმელი და სხვადასხვა ტიპის მოხმარების ნივთები არ არის საშიში

- რეალურად, რამდენად საშიშია ეს ვირუსი და რა ვიცით მისი სიმპტომების შესახებ?

- დაავადების სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე. ასეთივე სიმპტომატიკა ახასიათებს სხვა ტიპის ვირუსებსაც, ამიტომ ნუ ჩავარდებით პანიკაში, დროულად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებებს, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

საქართველოში ამჟამად გავრცელებული ყველაზე საშიში შტამებია A ტიპის ვირუსის 2 და B ტიპის ვირუსის 2 შტამი. ამათგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა A ტიპის H1N1 შტამით გამოწვეულ დაავადებას ახასიათებს, დანარჩენები შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. აღნიშნული შტამების საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს, რომლითაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აიცრა.

აქედან გამომდინარე კორონავირუსი, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, უფრო საშიშია, რა თქმა უნდა.

- როგორ ფიქრობთ, მსოფლიოში ვირუსის მასობრივად გავრცელების შემთხვევაში, რა შედეგებამდე მივალთ?

- მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების რეალური საფრთხე ნამდვილად არსებობს, თუმცა ექსტრემალური რეაგირების, კარანტინისა და დაავადებულთა იზოლაციის შედეგად, ვირუსთან გამკლავება შესაძლებელი იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს პანდემიის თავიდან ასაცილებლად, ასევე ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაა ჩართული პროცესში. იმედი ვიქონიოთ, ერთიანი ძალებით მსოფლიო თავიდან აიცილებს პანდემიას.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ შექმნილა. არაერთი ქვეყანა მუშაობს ამ საკითხზე, მათ შორის ჩინეთიც

არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლებელი გახდა ვირუსის გამოყოფა, თუმცა ვაქცინის შექმნის ზუსტი დრო არ სახელდება.

- როდის გადაივლის ეპიდემიის პერიოდი, სეზონურობა თუ ახასიათებს?

- წინასწარი პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა გავიხსენებ, რომ 2002 -2003 წლების ეპიდემიის დროს, პირველი შემთხვევა გამოვლინდა 2002 წლის ნოემბერში, ბოლო დაფიქსირდა 2003 წლის ივნისში.

- რა რჩევებს მისცემდით მოსახლეობას ვირუსებთან საბრძოლველად და კონკრეტულად კორონავირუსთან დაკავშირებით?

- ზოგადად, ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციის შემთხვევაში, ეფექტურია სტანდარტული ჰიგიენური რეკომენდაციები - ყველაზე მნიშვნელოვანია:

  • დაიცავით ხელების ჰიგიენა - რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება
  • არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით სახეს (თვალებს, ცხვირს, პირს)
  • ხშირად გაანიავეთ დახურული სივრცე, სადაც იმყოფებით
  • მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს
  • ატარეთ ქირურგიული ნიღაბი (თუმცა ნიღაბი არ არის ვირუსისგან 100%-იანი დაცვის გარანტია).

"ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს" - საქართველო ირანში ბოლო 2 კვირაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტულ ღონისძიებებს განახორციელებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

28-29 თებერვალს ექსპოჯორჯიაში მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება