ავტორი:

"ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს" - საქართველო ირანში ბოლო 2 კვირაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტულ ღონისძიებებს განახორციელებს

"ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს" - საქართველო ირანში ბოლო 2 კვირაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტულ ღონისძიებებს განახორციელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა, მეტ საფრთხეს თეირანი წარმოადგენდეს. როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ვირუსთან საბრძოლველად მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია.

„საქართველოში გვქონდა 24 შესაძლო შემთხვევა, მათი ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურდა, მაგრამ ჩვენთან მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს თეირანი", - განაცხადა გამყრელიძემ.

იგი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, აუცილებელი საჭიროების გარდა, ჩინეთში და იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს. ამირან გამყრელიძემ ასევე მედიას სთხოვა, კორონავირუსთან დაკავშირებით ნუ გამოიყენებენ ტერმინს "მკვლელი ვირუსი".

მისი განმარტებით, საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.

გამყრელიძის თქმით, ღონისძიებები სავარაუდოდ, ასევე გატარდება სხვა რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ პირებზეც.

„ეპიდსიტუაციის რისკი საკმაოდ მომატებული და გაზრდილია ირანში. როგორც მოგეხსენებათ, ფრენები, რომელიც საკმაოდ ინტენსიური იყო, შევწყვიტეთ. ასევე გადადგმული იქნება სხვა შემზღუდველი ნაბიჯები. ამ ეტაპზე ვართ შეკავების ფაზაში, რათა მაქსიმალურად შევაკავოთ ინფექციის იმპორტი ქვეყანაში. გამომდინარე აქედან, საქართველოში ჩვენ ვაძლიერებთ მზადყოფნის რეჟიმს, ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს. კერძოდ, დღევანდელი დღით, ის ღონისძიებები, რაც ხორციელდებოდა საქართველოს საზღვრებზე ჩინეთში მოგზაურობის მქონე ადამიანებზე, უტარდებოდათ თერმოსკრინინგი და ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ეს ვრცელდება დღეიდან ირანიდან და ირანში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ნამყოფ ადამიანებზე. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა იგივე პროცედურის განხორციელებაზე სხვა მაღალი დასნებოვნების მქონე ქვეყნებიდანაც. შესაბამისი გადაწყვეტილება ალბათ, ამასთან დაკავშირებითაც იქნება მიღებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი.

„მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ირანთან დაკავშირებით იცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე (იტალიასთან მიმართებით) მიმდინარეობს მსჯელობა, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების რისკი მომატებულია. მისი განმარტებით, საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის გამო იტალიასთან დაკავშირებით ავიამიმოსვლის შეზღუდვის ან სხვა პრევენციული ზომების მიღების საკითხის განხილვა ძალიან კომპლექსურად უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, იტალია ქვეყნის შიგნით პრევენციულ ზომებს ატარებს და შესაძლო რისკები მოვლენათა განვითარების შემდგომ უნდა შეფასდეს.

„იტალია, იმ ადგილებში, სადაც შემთხვევები არის, ატარებს იმ ღონისძიებებს, რაც ჩინეთმა უხანთან დაკავშირებით ჩაატარა. მაღალი ვარაუდით, შეკავება ამ ეტაპზე მოხდება, ანუ ეს არის ის მოცემულობა, რაც დღეისთვის გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციაში უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მოულოდნელად გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს ისე, რომ არ იცოდეს გავრცელების არეალში რა ხდება“, - განაცხადა ზახაშვილმა.

გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და მათ შორის იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

„ერთი თხოვნა და მოწოდება მაქვს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობასთან. რამდენჯერმე გაჟღერდა ჩვენგან ეს მოწოდება ჩინეთთან მიმართებით, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ ჩინეთში მოგზაურობას. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ მოგზაურობას ირანში, სამხრეთ კორეაში, ასევე მაღალ დასენიანებულ ადგილებში. სამწუხაროდ, აქ შევიდა ასევე იტალია და განსაკუთრებით, მისი ჩრდილოეთ ნაწილი. ხაზს ვუსვამ, ეს აკრძალული არ არის, თუმცა თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, თავი შევიკავოთ მოგზაურობისგან. იგივე რეკომენდაციას იძლევა ევროპისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩინეთში მოგზაურობაზე გამოცხადებულია გაფრთხილების ე.წ. მესამე დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის რეკომენდირებული ჩინეთში მოგზაურობა", - განაცხადა გამყრელიძემ.

ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსით სულ მცირე 50 ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო ILNA ქვეყნის დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, დეპუტატმა ახმად ამირაბად ფარახანიმ, არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს დააკისრა.

ყუმი საშინელ მდგომარეობაშია. იქ ყოველ დღე დაახლოებით 10 ადამიანი კვდება. მთავრობა ვერ აკონტროლებს კორონავირუსის გავრცელებას. სწორია, რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისე მოვიქცეთ თითქოს არაფერი მომხდარა. კორონავირუსი ყუმში სამი კვირის წინ გაჩნდა, მაგრამ ამის შესახებ საკმაოდ გვიან განაცხადეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ამ დრომდე, სამედიცინო პერსონალს რეგიონში სათანადო ეკიპირება არ მიუღია და ისე უწევთ პაციენტების მკურნალობა.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ირანის ჯანდაცვის სამინისტრო. მათი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"