"ვოცნებობ ავტომობილზე, რომელსაც ფრენა შეეძლება"

"ვოცნებობ ავტომობილზე, რომელსაც ფრენა შეეძლება"

ყოფილმა ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა უკვე რვა ავტომობილის გამოცვლა მოასწრო და როგორც იქნა, იპოვა მანქანა, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს.

- სალომე, როდის ისწავლე მართვა?

- მართვა 14 წლისამ ვისწავლე ბაბუაჩემის ავტომობილზე. პირველი ავტომანქანა დედამ მიყიდა, უფრო სწორად, დიდხანს მპირდებოდა და არ დააყენა საშველი. ამიტომ მე თვითონ წავედი ბაზრობაზე, ამოვირჩიე ავტომანქანა და დედას პირდაპირ სახლში მივაყენე.

- ახლა რა მანქანა გყავს?

- რიგით მერვე მანქანა - "ნისან ტიდა", რომელიც ძალიან მომწონს. მეგობრის დახმარებით "ნისანის" ცენტრიდან გამოვიყვანე სულ ახალი.

- რატომ ამოირჩიე მაინცდამაინც ეს ავტომობილი?

- ძალიან ლამაზია, ქალური და, ამასთანავე, როგორც ამბობენ, მუშა. ბედნიერი ვარ, რომ წამდაუწუმ პროფილაქტორიუმში სირბილი არ მიწევს, საწვავსაც ძალიან ცოტას ითხოვს: ქალაქში - 10 ლიტრს, ხოლო გზატკეცილზე - 7-ს.

- პატრული ხშირად გაჩერებს?

- ბოლო ხანს მოუხშირეს.

- რატომ, ხშირად არღვევ წესებს?

- არაფერს ვაშავებ და ამიტომ მაშინვე მიშვებენ ხოლმე, ასე რომ, პატრულთა შორის ბევრი მეგობარი გავიჩინე.

- რას შეადარებ შენს ავტომობილს?

- განუყრელ მეგობარს, რომელიც, სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის ჩემთან არის

- ავტომანქანის ფერსა და ნომერს თუ აქვს შენთვის მნიშვნელობა?

- რა თქმა უნდა. მუქ ავტომობილებს უფრო ვიხდენ, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება ნომერს, თუ საშუალება მაქვს, რატომაც არა - მირჩევნია, კარგი და იოლად დასამახსოვრებელი ნომერი შევიძინო, მაგრამ თუ არ მაქვს, არც ამაზე ვდარდობ. მთავარი ნომერი კი არ არის, არამედ ის, ვინ ზის მანქანაში.

- სალომე, ეთანხმები მამაკაცების მოსაზრებას, რომ ავტომობილს, რომლის საჭესაც ქალი უზის, უნდა უფრთხილდე?

- ქალებს მამაკაცები ყველგან უნდა უფრთხილდნენ (იცინის). არა, არ ვეთანხმები, რადგან არიან ქალები, რომლებიც მამაკაცებზე გაცილებით უკეთესად მართავენ ავტომობილს.

- რომელია შენი ოცნების მანქანა?

- ავტომობილი, რომელსაც ფრენაც შეეძლება.

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)