სამოქალაქო მოძრაობამ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" პენიტენციური სისტემის ხუთთვიანი მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა და 7 - პუნქტიანი დასკვნა დადო, სადაც ნათქვამია, რომ პენიტენციურ სისტემაში ვითარება ძალიან მძიმეა.
მოძრაობის მიერ შესწავლილი 300 პატიმრის საქმის მიხედვით (ბათუმის საპყრობილეში, რუსთავის N2, N1 კოლონიაში, რუსთავის მე-6 საპყრობილეში, გეგუთის N8 კოლონიაში. გლდანის N6 საპყრობილეში) გაკეთებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ძირითადი პრობლემა არის საპატიმრო ადგილების გადატვირთვა, პატიმრებს მორიგეობით სძინავთ.
ამასთან, საპატიმროებში პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ცემის, უფლებების დარღვევის ფაქტებმა იმატა. საპატიმროებში მაღალია პატიმართა სიკვდილიანობის რიცხვი, ასევე, პატიმრებს არ უტარდებათ ადექვატური საჭირო სამედიცინო დახმარება. მათი უმრავლესობა ვერ სარგებლობს ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლების უფლებით და ამით სარგებლობენ პრივილეგირებული პატიმრები.
დასკვნაში მითითებულია, რომ მძიმე ავადმყოფი პატიმრების მიმართ არ იყენებენ სასჯელის გადავადების უფლებას. ასევე, ხშირია მსჯავრდებულთა გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში რეჟიმის დარღვევით და ისე, რომ ოჯახის ინფორმირება და ამგვარი გადაწყვეტილების დასაბუთება არ ხდება.
მოძრაობის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში "რენესანსის ხანა" არ დამდგარა, როგორც ეს სამინისტროში სტუმრობისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"ხუთთვიანი მონიტორიგის შედეგები გულისხმობდა კონკრეტული საქმეების შესწავლას და დასკვნა ყველაზე მწავე პრობლემებს ეხება. საბოლოო შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ არც ერთი წარმატებული რეფორმა ამ სისტემაში არ გვაქვს, ყველაზე მძიმე პრობლემებია სახეზე", - ამბობს ბესელია.
მისი თქმით, პატიმართა მიმართ ცუდი მოპყრობის ფაქტები ხშირია, ასევე იშვიათად ხდება სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც. პატიმრის ოჯახები ინახავენ მათ ოჯახის წევრებს და მკურნალობისა და კვების ხარჯებსაც ხშირად იხდიან ხოლმე.
"უმძიმესი ვითარებაა პენიტენციურ სისტემაში და ჩვენი მოძრაობის ფარგლებში ვიძლეოდით რეკომენდაციებს, სამინისტროსაც მივმართავდით, ევროსასამართლოსთვის საქმეების მომზადებით და ა.შ.
"ძირითადი პრობლემა კვლავ საპატიმრო ადგილების გადატვირთვაა, პატიმრებს მორიგეობით სძინავთ. იმატა ციხეებში პატიმართა ცემის, უფლებების დარღვევებისა და სიკვდილიანობის ფაქტებმა. პატიმრების უმრავლესობა ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლების უფლებით ვერ სარგებლობს, ამ უფლებით მხოლოდ პრივილეგირებული პატიმრები სარგებლობენ", - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას განცხადებით, კითხვები, რომლებიც პატიმრების საქმეების შესწავლის შედეგად გაუჩნდათ, სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს გაუგზავნეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მონიტორინგის პროცესი გაგრძელდება და 3-4 თვის შემდეგ ახალი დასკვნა დაიდება.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში კი აღნიშნულ დასკვნას არ ეთანხმებიან. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა სუხიშვილი ამბობს, რომ რეალური სურათი სხვანაირია.
"დასკვნა არ შეესაბამება სიმართლეს. ორი ახალი საპყრობილე გაიხსნა, მესამეც მალე გაიხსნება. ყველაფერი კი იმას ემსახურება, რომ ვითარება გამოსწორდეს, რადგან მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობა მოჰყვება ამ სისტემას. უწყება და საპყრობილეები გადავიდა დასავლურ სტანდარტებზე და ეს დასკვნა არ ასახავს რელობას", - ამბობს სუხიშვილი.
გიორგი ფუტკარაძე