რუსეთის მიმართ უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ეს ქვეყანა საქართველოს დამოუკიდებლობას პატივს არ სცემს. ამის შესახებ ამერიკული ინსტიტუტის "The Heritage Foundation" -ის კვლევის შედეგებშია ნათქვამი.
ინსტიტუტმა 10 მიზეზი დაადგინა, რომელთა გამოც რუსეთის ნდობა არ შეიძლება. კვლევის შედეგი ინსტიტუტის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
რუსეთის მიმართ უნდობლობის ერთ-ერთი - მეექვსე მიზეზი ის არის, რომ ეს ქვეყანა პატივს არ სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას.
"რუსეთმა არაერთხელ დაარღვია დაპირება, რომ საქართველოდან და მოლდოვადან ჯარებს გაიყვანდა. როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ამით ევროპის უსაფრთხოების მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული წესები გადაასწორა. რუსეთმა უარყო ჰელსინკის 1975 წლის შეთანხმება, რომელშიც ევროპის საზღვრების უსაფრთხოებაა აღიარებული. რუსეთმა დაარღვია იმ ქვეყნის სუვერენიტეტი, რომელიც ნატო-ში შესვლისკენ ისწრაფვის და ევროსაბჭოს წევრია", - ნათქვამია კვლევის შედეგების მეექვსე პუნქტში.
მასალის დასაწყისის მიხედვით კი, მოქმედმა რუსულმა რეჟიმმა დაამტკიცა, რომ სრულიად არასანდო პარტნიორია და ამ ქვეყანასთან არც აშშ-ის მიერ ბირთვული ხელშეკრულების გაფორმებას აქვს აზრი, რის გაკეთებასაც პრეზიდენტი ობამა ცდილობს.
რუსეთის მიმართ უნდობლობის პირველ მიზეზი ამ ქვეყნის მიერ შეიარაღების კონტროლის შეთანხმებების მუდმივი დარღვევაა. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ რუსეთმა ჩაატარა კონტინენტთაშორისი რაკეტების ცდები ჯერ კიდევ მაშინ, როცა შეტევითი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმება ძალაში იყო.
მეორე მიზეზად "The Heritage Foundation" იმას ასახელებს, რომ დასავლეთი რუსეთისთვის კვლავ უპირველესი საფრთხეა. კერძოდ, რუსეთს აშშ და ნატო მთავარ მოწინააღმდეგეებად მიაჩნია და საკუთარ შეიარაღებულ ძალებს იმგვარად აყალიბებს, რომ მათ წინაღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ოპერაციები ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე განახორციელოს.
მესამე მიზეზი ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის დახმარებაა, მეოთხე - მიზეზი ბირთვული არსენალის გაძლიერება, მეხუთე - რუსეთის მიერ სხვა შეთანხმებების, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციების დარღვევა, მეექვსე - საქართველოს დამოუკიდებლობის უპატივცემულობა, მეშვიდე კი - თავდაცვით ზომებზე რუსეთის აგრესიული რეაგირება, მერვე მიზეზი ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის ჰამასთან და ჰეზბოლასთან კონტაქტებია, მეცხრე მიზეზი - ბუნებრივი გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, მეათე მიზეზი კი ავტორიტარული რეჟიმია.