ავტორი:

ორმეფობის ხანა საქართველოში და ორი დავითის შესახებ დეტალურად მოთხრობილი ისტორია

ორმეფობის ხანა საქართველოში და ორი დავითის შესახებ დეტალურად მოთხრობილი ისტორია

არაფერია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმაზე მძიმე წასაკითხი, ვიდრე სახელმწიფოს ორად გახლეჩის ამბავი. ამასთან შეგუება კიდევ უფრო გიჭირს, როცა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ბრწყინვალე მეფობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეცნობი.

გაერთიანებული და გაბრწყინებული საქართველო მე-13 საუკუნეში დაყოფისთვის იყო განწირული. 1230 წელი დგას. აღმოსავლეთ საქართველო ხვარაზმელთა ხელშია ჩავარდნილი, სამეფო კარი კი დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში გაიხიზნა, შემდეგ რუსუდანი მონღოლებთან შეთანხმებას აღწევს და შვილთან დავითთან ერთად, თბილისში ბრუნდება. რუსუდანმა იცის, რომ ტახტის მემკვიდრე მისი ძმის ლაშა-გიორგის ვაჟი დავითია, თუმცა განზრახული აქვს, მისი გამეფება არ დაუშვას. განზრახვის შესასრულებლად კი ლაშა-გიორგის ძეს რუმის სასულთნოში თავის სიძესთან გზავნის და სწერს, რომ იგი მოკლან. სასულთნოში ჩასულ დავით ულუს აპატიმრებენ და უკიდურესად მძიმე პირობებში ამყოფებენ, თუმცა ის გადარჩება და მეფის სახელსაც მიიღებს.

რუსუდანი ტახტზე შვილს დავით ნარინსაც დაისვამს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ახალ მონარქად სწორედ იგი აკურთხონ. 1245 წელი რუსუდანის მეფობის დასრულების წელია. ის გარდაიცვალა და ისედაც ბზარებშერეული, ნახევრად მტრისმიერ დამორჩილებული ქვეყანა ორ დიდ ნატეხად გადატეხას იწყებს.

დავით ნარინი რუსუდანისგან განსხვავებით ბიძაშვილის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. მეფობა მასაც სურს, ოღონდ ხელების დავით ულუს სისხლში გასვრის გარეშე. წლები გადის და დავით ულუს ტანჯვაც უნდა დასრულდეს, ის დიდებულებმა სამშობლოში უნდა დააბრუნონ და მონღოლი ბატონებისგან მისი გამეფებაც მოითხოვონ.

რა უნდა უნდოდეს მტერს იმაზე მეტად, ვიდრე ქვეყნის დაყოფა?

ამის შესაძლებლობას კი თავად ქართველები აძლევენ. დიდებული მონარქების ორივე შთამომავალს მეფობა სურს, მონღოლები კი ყარაყუმში ორივეს მეფის ტიტულს უბოძებენ. ასე დაერქვა ერთს ულუ - მონღოლურად უფროსი; მეორეს ნარინი - მონღოლურად უმცროსი.

ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო კი ათიათასობით წლის შემდეგ, დავით ულუ და დავით ნარინი, ბიძაშვილ-მამიდაშვილები საქართველოს ისტორიის გვერდებზე ცალ-ცალკე თითქმის არასდროს შეგვხვდებიან.

დავით ნარინისთვის მონღოლთა მმართველობა მისაღები არ არის. არც ის მოსწონს, უცხოტომელთა ომებში ქართველთა სისხლი რომ იღვრება. დაუმორჩილებლობის გამო შეიპყრობენ, თუმცა მტრისგან გაქცევას ახერხებს.

ნარინი დასავლეთ საქართველოში გარბის და მალე ლიხის ქედამდე მეფე ხდება. იქ გადასვლას მონღოლები ვერ ბედავენ, ამიტომ აფხაზთა მეფე ქუთაისიდან მშვიდად მართავს თავის წილ მიწა-წყალს. აღმოსვლეთში დავით ულუა, დასავლეთში - დავით ნარინი.

მალე მონღოლებს დავით ულუც აუჯანყდება, თუმცა მარცხდება და დავით ნარინთან გარბის. უმცროსი დავითი ბიძაშვილს გულთბილად მიიღებს, თუმცა გარშემომყოფებთან შეთანხმებით, ისევ გამეფებას გეგმავს.

ხალხის აზრი ორად იყოფა: ზოგს ულუ მოსწონს, ზოგს ნარინი. საბოლოოდ, უსისხლოდ და შეთანხმებით, სამეფო თავისი ხაზინიანად ორად იყოფა, ნარინი დასავლეთში რჩება, ულუ კი მონღოლებთან შეთანხმებით თბილისში ბრუნდება და აღმოსავლეთს მართავს.

საბოლოოდ, საქართველო აღმოსავლეთ საქართველოდ, სამცხედ და დასავლეთ საქართველოდ იყოფა.

ეს მოკლე ისტორიაა დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობიდან, მათი ურთიერთობებიდან, პოლიტიკური შეხედულებებიდან და პირადი მიზნებიდან. უფრო დეტალურად რომ გავშალოთ, ყველაფერი უფრო ჩახლართული იყო, ვიდრე ამ მოკლე ამბავში ჩანს. ორივე მეფეს გარშემო მოღალატე და ერთგული ხალხი ჰყავდა, მათი გავლენით ხან იცვლიდნენ აზრს, ხანაც ჯიუტად იქცეოდნენ ისე, როგორც სურდათ.

ჰქონდათ თავიანთი პირადი ცხოვრება, ჰყავდათ ძმადნაფიცები, ჰქონდათ ჰობი, უყვარდათ, სძულდათ და ორივეს ჰქონდა თავიანთი სიმართლე.

ქართველი მეფეების ისტორია მკითხველისთვის იმდენად შთამბეჭდავია, რომ მათ შესახებ ყოველი ახალი წიგნი მოთხოვნადი ხდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ იქ მეფეთა შესახებ დეტალურად არის მოთხრობილი. სწორედ მკითხველის მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გამო გრძელდება „ქართველი მეფეების“ სერია, რომელი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ყოველთვიურად გამოდის.

27 იანვრიდან 26-ე ტომი „დავით ნარინი“ გამოვიდა, სადაც რუსუდანის ძისა და მისი ბიძაშვილთან ურთიერთობის შესახებ დეტალურად არის მოთხრობილი.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, რსერიას 12 ტომი დაემატა და საბოლოოდ, 36-ტომიანი სერიით 36 ქართველი მეფის ცხოვრების შესახებ შევიტყობთ.

რომელი წიგნებით ინტერესდებიან ქართველი თინეიჯერები და როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება

„ბიბლუსი“ - სანდო პარტნიორი საკანცელარიო კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით

საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდი პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დაჯილდოვდა!