ავტორი:

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

როგორც შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ამ შეხვედრას „შემთხვევით დაესწრო“.

„დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მოვისმინე, ასევე მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. შემთხვევით დაემთხვა ისე, რომ იმ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ, შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი ამ შეხვედრას. შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო ისეთი გარემოება, ან მომხდარიყო ისეთ ფაქტი, რასაც მე მივიჩნევდი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, მე დავტოვებდი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოებაში, საუბარი იყო კონკრეტულ დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე”, - განაცხადა შოთაძემ.

მისი თქმით, მას შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, რაც დაადასტურა თავად ხაზარაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ შოთაძე შეხვედრაზე ჩუმად იჯდა.

“მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ შეხვედრაზე, რაც დასტურდება თვითონ მამუკა ხაზარაძის მონაყოლიდან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმა საერთოდ არ ამომიღია, არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არავინ მიწამებია. მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. არ მახსოვს, რა თანამდებობაზე იყო [ივანიშვილი], ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, ამ შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია“, - აღნიშნა შოთაძემ.

მისივე განცხადებით, შეხვედრის დეტალები არ ახსოვს, მხოლოდ ის დაამახსოვრდა, რომ „ამ შეხვედრის გამართვის გამო, ყველა მხარე იყო კმაყოფილი და მადლიერი”.

კახიძის კითხვაზე, რატომ იყო ივანიშვილთან ის, როგორც კერძო პირი, შოთაძე ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ბევრ კერძო პირს ხვდებოდა. რაც შეეხება ივანიშვილთან შეხვედრას, მისი თქმით, მასთან სამომავლო პროექტი განიხილა.

„ძალიან ბევრ კერძო პირს ვხვდებოდი, შეიძლება ოფისში, გარეთ, რესტორანში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი მის ბიზნესცენტრში. ეს იყო პროკურატურის საქმიანობასთან, ეს იყო კონკრეტულ პროექტზე, რასაც შესაძლოა, მართლმსაჯულებისთვის ხელი შეეწყო. მართლმსაჯულების სფეროში განათლების კუთხით გარკვეულ სასწავლო დაწესებულების, სასწავლო კურსების შემოღების საკითხზე… არავის არაფერს ვუთანხმებდი, საუბარი იყო ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე. ზოგადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აფინანსებს გარკვეულ პროექტებს და სწორედ ამ მიზნით იყო საუბარი. მზად ვარ, ნებისმიერ კერძო პირს შევხვდე და ვესაუბრო ამ საკითხზე, როგორ შეიძლება საქართველოში განვითარდეს მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული პირებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო სისტემა”, - განაცხადა შოთაძემ.

საბჭოს წევრის შოთაძის გადადგომის მიზეზებით დაინტერესდა და ჰკითხა, არჩევის შემთხვევაში, ხომ არ იყო საშიშროება ვადამდე მომავალშიც დაეტოვებინა პოსტი.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, მისი გადადგომის მიზანი იყო საქმეზე გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი, ის წასულიყო სამართლებრივი გზით და ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო.

„არაერთხელ მისაუბრია იმ მოტივებზსა და მიზეზებზე, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მივიღე პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როცა მართლაც მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა. პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეები, მიმდინარე გამოძიება, არის აქტუალური საზოგადოებაში, ხშირად ცდილობენ ამ საქმეების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას. ეს სიტუაცია და საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა მეტწილად განპირობებული იყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ ტრაგედიით მანიპულირებით, საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი. რეალურად გადაწყვეტილება იყო პირველი ინსტანციის, გრძელდებოდა მართლმსაჯულების პროცესი და ყველაფერი წინ იყო. საგამოძიებო ორგანოებს - შსს, პროკურატურას, მაშინ ვფიქრობდი, რომ დიდი სამუშაო ჰქონდათ გასაწევი, რათა ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულებულიყო. ახლა არ ვიცნობ საქმის დეტალებს“, - განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, გადადგომის მთავარი მესიჯი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ მისთვის თანამდებობა არაფერს არ წარმოადგენდა.

„ჩემი მთავარი მესიჯი ამ შემთხვევაში იყო რომ დაენახა საზოგადოებას, ჩემთვის თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა. ეს იყო შესაძლებლობა საზოგადოებისა და კანონის სამსახურში ვყოფილიყავი. მე პირადად არანაირი მოტივაცია არ მქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩამედინა და რაიმე სამსახურებრივი უფლებამოსილება კანონის საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამომეყენებინა. სწორედ ამის საჩვენებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასევე ამის მიზანი იყო ის,რომ გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი ამ საქმეზე, საქმე წასულიყო სამართლებრივი გზით და ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა ამის შესაძლებლობა და დღესაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის სასახლეში შეხვედრას გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.

"ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად" - იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

ძვირად ღირებული ავტომობილი, სახლები და მიწები გერმანიაში - რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი