როგორ გავაჩუქოთ ქონება

როგორ გავაჩუქოთ ქონება

ყველა ადამიანს უხარია, როცა სიურპრიზებით ანებივრებენ და საჩუქრებს უძღვნიან. საყვარელი ადამიანი ნებისმიერი ნივთით შეიძლება გაახაროთ, მაგრამ თუკი მისთვის უძრავი ქონების ჩუქება გსურთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, ოფიციალური მხარის მოგვარება ყველაზე მნიშვნელოვანია და დოკუმენტი ნოტარიალურად შედგენილი უნდა იყოს.

ბუნებრივია, სამოქალაქო კოდექსში არის შესაბამისი მუხლები, რომლითაც ჩუქების ხელშეკრულება რეგულირდება. ამასთან, ისიც უნდა გახსოვდეთ -გარკვეული დროის შემდეგ თუ მჩუქებელმა მიიჩნია, რომ ამ საჩუქარს მისი საყვარელი ადამიანი არ იმსახურებდა, მას შეუძლია, უმადურ ადამიანს ნაჩუქარი ქონება წაართვას. ცნობილ ადვოკატს, ციცინო ცხვედიანს სწორედ ჩუქების ხელშეკრულებაზე ვესაუბრეთ.

-ქალბატონო ციცინო, თუ ადამიანი ქონების გაჩუქებას გადაწყვეტს, აუცილებლად ნოტარიუსს უნდა მიმართოს?

-სამოქალაქო კოდექსი ამ საკითხს არეგულირებს. შეიძლება, ადამიანს ნებისმიერი ნივთი უპრობლემოდ აჩუქო და გაახარო; აჩუქო, როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება. ნივთის ჩუქებას აღარ სჭირდება არც წერილობითი და არც ნოტარიალური გაფორმება. მაგრამ თუკი საკითხი უძრავ ქონებას ეხება, ასეთ დროს აუცილებელია, კანონით დადგენილი ფორმა დაიცვათ. ჩუქების ხელშეკრულება მხარეებს შორის წერილობითი ფორმით ფორმდება და შემდგომ, საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია აუცილებელია. ისიც უნდა იცოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის ორმხრივი ხელშეკრულების დადებაა საჭირო. მარტო მჩუქებლის ნება -რომ მას სურს, ადამიანს აჩუქოს თავისი ქონება -საკმარისი არ არის; მნიშვნელობა ენიჭება დასაჩუქრებულის აზრს და პარალელურად, მისი თანხმობაც უნდა არსებობდეს.

-საჩუქარზე ალბათ უარს არავინ იტყვის. თუ არის გამონაკლისი შემთხვევები?

-რატომ?! შეიძლება, ადამიანს არ უნდოდეს ამ საჩუქრის მიღება; გააჩნია, რა ქონებაზეა ლაპარაკი. შეიძლება ამ საჩუქარმა რაღაც პრობლემები შეგიქმნას და ამიტომ, სულ არ გინდოდეს მიღება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დასაჩუქრებულისთვის რა შედეგს გამოიღებს. კანონი მჩუქებელს ვალდებულებასაც უწესებს: თუკი შეჰპირდება ადამიანი ვინმეს, რომ ქონებას გადასცემს და თუკი ნოტარიალურად დამოწმებულია ეს შეთანხმება, მაშინ მჩუქებელი ვალდებულია, დოკუმენტში მითითებული პირობა ზედმიწევნით შეასრულოს და დასახელებული ქონება დასაჩუქრებულს გადასცეს.

-ბუნებრივია, მხარეებს შორის დადებულ სიტყვიერ შეთანხმებას ძალა არ ექნება, არა?

-დიახ. საჩუქრის დაპირება ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ წარმოშობს, თუ იგი სანოტარო წესით დადასტურებულია. კანონი შეზღუდვებსაც უწესებს მჩუქებელს. მაგალითად, პირს არა აქვს ქონების გაჩუქების უფლება იმ შემთხვევაში, თუკი ქონების გაჩუქება თავად მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს საარსებო წყაროს უსპობს.

-ქონების გაჩუქების შემთხვევაში, მჩუქებლის ოჯახის წევრების თანხმობა საჭიროა?

-კანონში არ არის მითითებული, რომ სხვების თანხმობა საჭიროა, მაგრამ თვითონ ხომ იცის მჩუქებელმა, თუ ვინ დაზარალდება ქონების გაჩუქებით. თუ დაზარალებული მხარე სარჩელს შეიტანს და ჩუქების ხელშეკრულების გაბათილებას მოითხოვს, ასეთ დროს ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება. კანონით, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ შემთხვევაშიცაა შესაძლებელი, ლაპარაკი თუ დასაჩუქრებული უმადურობას გამოიჩენს, რაც ადრე მოქმედ კოდექსში არ იყო. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული შეურაცხოფას მიაყენებს ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლისა თუ მისი ახლო ნათესავის მიმართ; ოღონდ არ არსებობს კანონის ნორმაში კონკრეტული ჩამონათვალი დოკუმენტებისა ან პირობებისა -თუ რა მიიჩნევა დიდ უმადურობად; ეს სასამართლოს შესაფასებელია; სასამართლო თავად აფასებს იმას, გამოიხატა თუ არა უმადურობა.

-მხარეს ხელშეკრულების გაუქმება ნებისმიერ დროს შეუძლია?

-კანონით დაწესებულია, თუ რამდენ ხანში შეიძლება გაუქმდეს ჩუქება. თუკი დასაჩუქრებული შეურაცხყოფას მიაყენებს მჩუქებელს, ან ის შეიტყობს, რომ დასაჩუქრებულმა დიდი უმადურობა გამოიჩინა, ამ დროიდან ერთი წლის განმავლობაში მჩუქებელს შეუძლია, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვოს. თუკი სასამართლო დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას, შესაბამისად, ქონება უკან დაუბრუნდება. გარდა ამისა, კანონით, ქონების უკან დაბრუნება მჩუქებელს შეუძლია მაშინაც, თუკი მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და მას არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. ასეთ დროს უფლება აქვს, უკვე გაჩუქებული ქონების დაბრუნება მოითხოვოს, ოღონდ ამან დასაჩუქრებული უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს.

-თუ ქონების დაბრუნებით დასაჩუქრებულიც ზარალდება, ასეთ დროს, უპირატესობა ვის ენიჭება?

-თუკი დასაჩუქრებული მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება, კანონი უპირატესობას დასაჩუქრებულს ანიჭებს. ფაქტობრივად, თვით ჩუქების ხელშეკრულებაც არ არის მყარი ხელშეკრულება, რომელიც შემდგომში ხელუხლებელი რჩება. გაჩუქებული ნივთი არ შეიძლება გამოითხოვონ, თუკი გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიყენა თავი მძიმე მდგომარეობაში. -ვთქვათ, ორი ბინა ჰქონდა, ერთი გააჩუქა, მეორე გაყიდა ან გაასხვისა, შემდეგ კი თქვა, -იცით, აღარაფერი მაქვს და ჩემი გაჩუქებული ნივთი უკან დამიბრუნონო... თუ აღმოჩნდა, რომ მან ეს მდგომარეობა ხელოვნურად შექმნა, მაშინ ნივთი არ დაუბრუნდება. ჩუქების ხელშეკრულება სანოტარო წესით ფორმდება, სადაც მითითებულია, თუ ვინ არის მჩუქებელი, ვინ არის დასაჩუქრებული, რა ქონება გადაიცემა და რომ ქონება ნამდვილად, მჩუქებელს ეკუთვნის. როგორც წესი, ნოტარიუსი დასაჩუქრებულს აფრთხილებს და განუმარტავს -თუკი მომავალში ის უმადურობას გამოიჩენს ან შეურაცხყოფას მიაყენებს მჩუქებელს, ამას ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

-როგორი შინაარსის საჩივრები შედის სასამართლოში?

-ძირითადად ჩივიან იმის გამო, რომ ხელმოწერა არ ეკუთვნის ქონების პატრონს. ასევე ბევრი სარჩელი შედის დასაჩუქრებულის უმადურობის გამო. ცხადია, ეს სასამართლოს შესაფასებელია: როცა აშკარად ჩანს უმადურობა, სარჩელი დაკმაყოფილებულია. ადვოკატისთვის უფრო იოლია დასაჩუქრებულის დაცვა, ვიდრე მჩუქებლის. მე პირადად, უფრო ხშირად, დასაჩუქრებული დამიცავს და პროცესი მომიგია.

-თუ გქონიათ შემთხვევა, როცა ოჯახის წევრები გაჩუქებულ ქონებაზე დაობდნენ?

-რა თქმა უნდა, არის ასეთი ფაქტები. დედამ ქონება ერთ შვილს აჩუქა და მეორე დაობდა. ძმა ამბობდა, -დედამ ჩემს დას აჩუქა ბინა, მან კი დედაჩემის მიმართ უმადურობა გამოიჩინაო. შეიძლება, ეს სიმართლეა, მაგრამ ასეთ დროს ძმა არასათანადო მხარეა, რადგან სასამართლოში დედამ უნდა იჩივლოს. ხშირად მხარე ამბობს, რომ მშობელს არ ჰქონდა უფლება, ბინა გაეჩუქებინა. თუკი შვილს მიაჩნია, რომ მასაც ეკუთვნოდა ამ ბინიდან წილი, ამ დროს დედამ შელახა მისი უფლება, მაშინ ისინი სათანადო მომჩივანები არიან, მაგრამ რამდენად დაადასტურებს ამ გარემოებას პროცესზე, ეს უკვე სულ სხვა საქმეა. პრივატიზებული ბინა მამის სახელზე ირიცხებოდა; მან ერთ ქალიშვილს აჩუქა და მეორე ისე დატოვა. მეორე მოითხოვდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ბინაზე თანამესაკუთრეობას, რადგან იმ პერიოდში ბინაში რეგისტრირებული იყო და თვითონაც იქ ცხოვრობდა. ამ შემთხვევაში, მომჩივანმა შვილმა მოიგო. მასაც ეკუთვნოდა ბინის გარკვეული ნაწილი, მამის კუთვნილი ქონება ისევ დარჩა დასაჩუქრებულ შვილს, დანარჩენ ნაწილში კი ხელშეკრულება გაუქმდა, ამით ნაჩუქარი ქონება შეუმცირდა და დაუსაჩუქრებელ დას თავისი წილი დაუბრუნდა.

-კონკრეტული ფაქტები იქნებ კიდევ გაიხსენეთ?

-მჩუქებელმა ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ მიზეზით, რომ დასაჩუქრებული ყურადღებას აღარ აქცევდა და აღარ ეპყრობოდა ისეთი პატივისცემით, როგორითაც ადრე. აქვე მინდა განვმარტო: თუკი ადამიანი ქონებით ასაჩუქრებს პირს იმის გამო, რომ დასაჩუქრებულისგან მატერიალური დახმარება სჭირდება, მან უნდა იცოდეს -ასეთ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულება კი არა, სამუდამო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს. ჩუქების ხელშეკრულებაში დასაჩუქრებულს არანაირი ვალდებულება არ ეკისრება. ჩვენი საქმე განიხილა სასამართლომ და გაირკვა, რომ დასაჩუქრებულს არც შეურაცხყოფა მიუყენებია მჩუქებლისთვის და არც ცუდად მოჰქცევია, ამიტომ პროცესი მოვიგეთ და ქონება დასაჩუქრებულს დარჩა.

-თუ გქონიათ დავა სასამართლოში, გაჩუქებულ მოძრავ ნივთთან დაკავშირებით?

-არა, ასეთი შემთხვევა არ მქონია. როგორც ჩანს, ამას მხარეები უპრობლემოდ არეგულირებენ.

-თუ პირს მანქანის გაჩუქება სურს, მანაც ნოტარიალურად უნდა გააფორმოს ხელშეკრულება?

-რაც შეეხება მანქანის გაჩუქებას, -ამ დროსაც საჭიროა ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულება და ესეც ისე ფორმდება, როგორც უძრავი ქონება.

-როგორც ვიცი, ჩუქების ხელშეკრულების დროს მხარეს საკმაო თანხის გადახდა უწევს და ამის გამო ხშირად, ამ ხელშეკრულების დადებისგან თავს იკავებენ. ხომ ვერ გვეტყვით, რა თანხის გადახდა ეკისრება მხარეს?

-სანოტარო მოქმედებისთვის თანხა გადასახდელია. ნოტარიუსს განსაზღვრული ტარიფები აქვს. გადასახადი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ ვინ არიან ერთმანეთისთვის მჩუქებელი და გამჩუქებელი. თუ ქონებას პირველი ჯგუფის მემკვიდრეებს გადასცემენ, მაშინ ისინი შეღავათებით სარგებლობენ, თუ არამემკვიდრეებს, მაშინ შეღავათი არ არის გათვალისწინებული. ასეთი ხელშეკრულებები ძირითადად, ნათესავებს შორის ფორმდება; იშვიათია, როცა არანათესავს გადასცემენ საჩუქრად ქონებას.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ