ავტორი:

"21-ე საუკუნეში "გეტოს" აშენებას გილოცავთ ბატონებო!" - დაცარიელებული ახალგორი და ოსების გამოხმაურება გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე

"21-ე საუკუნეში "გეტოს" აშენებას გილოცავთ ბატონებო!" - დაცარიელებული ახალგორი და ოსების გამოხმაურება გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე

ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობამ ახალგორთან დამაკავშირებელი გზა ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტა... ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ინფორმაციისა და პრესის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მარია კოტაევას ინფორმაციით, "რაზდახანი", რომელიც 6 თებერვალს დაიხურა, ორი თვის შემდეგ გაიხსნება, როგორც ამას მანამდე მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს.

მისი თქმით, პუნქტი 2 თებერვალს უნდა დახურულიყო, მაგრამ, „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობამ მისი 6 თებერვალს დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

კოტაევას ინფორმაციით, ახალგორში არავითარი სამრეწველო კრიზისი არ არსებობს და არასწორია ინფორმაცია საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებულ დეფიციტზე, საავადმყოფოებსა და აფთიაქებს ყველა საჭირო მედიკამენტი გააჩნიათ.

"უფრო მეტიც, რაიონის მცხოვრებლები, რომლებიც საქართველოში ნათესავებთან მიემგზავრებოდნენ, თან ჰქონდათ უზარმაზარი ჩანთები და საკუთარი ნაკვეთებიდან ხილ-ბოსტნეულით დატვირთული ტომრები",- განაცხადა კოტაევამ.

ცნობისთვის, გასული წლის 2 დეკემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალგორის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის და უკან დაბრუნების საშუალება ორ თვეში ერთხელ მისცენ.

რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა აქტივისტმა თამარ მეარაყაშვილმა სოციალურ ქსელში დაცარიელებული ახალგორის ფოტოები დადო წარწერით, "ეს უხანი არ არის, ახალგორია".

მეარაყიშვილის თქმით, შერჩევით გაიცემა საშვები, რომლებსაც ე.წ. ხელისუფლება პენსიონერებს ქართულ მხარეზე გადასასვლელად აძლევს. როგორც სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, ხალხის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა.

“არადა, სხვა ადამიანებსაც ჰყავთ მეორე მხარეს ახლობლები, მათაც სჭირდებათ დახმარება, ექიმთან ვიზიტი... ცხინვალის “ხელმძღვანელობის” ასეთი დამოკიდებულება უკვე იმდენად აბსურდულია, რომ ვერაფრით იმართლებენ თავს. ჩვენ ასეთ დამოკიდებულებას ვერ შევეგუებით. თავისუფალი გადაადგილება - ეს ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ცხოველები ხომ არ ვართ, ჩაკეტილ სივრცეში ვყავდეთ. ამას არ შევეგუებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ "რაზდახანი" ძველებურ რეჟიმში მუშაობდეს... ამ რამდენიმე დღის წინ ვისეირენ ახალგორში, კორპუსები ცარიელია, თითო მოსახლე თუ დარჩა, უნდა გვიხაროდეს. ასე მეგონა უხანსა ან ჩერნობილს ვსტუმრობდი. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ქუჩებში ადამიანის ჭაჭანება არ არის ” – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

“ახლობლებს მივაბარე სახლი... სანამ შეძლებენ მოუვლიან. გული და სული მეწვის, იმის გაფიქრებაზეც, რომ არც ვიცი, როდის ვნახავ ჩემს გაფხავებული სახლის კედლებს, ჩემი მიცვალებულების საფლავებს... იქ ყველა ქართველი ჩვენია, სანთლის დანთებას რომ ვახერხებდით, ასე მეგონა, მადლს ვისხამდი... ახლა ვცხოვრობ იმედით, რომ ვიდრე ხელახლა გახსნიან გზას, ცოტა ჯანმრთელობითაც მოვღონიერდები და ისევ გადავალ, უფრო მოზმადებული და მოყოჩაღებული, რომ ჩემს მიტოვებულ სახლ-კარს მივხედო... იმედია საგაზაფხულო სამუშაობს დაწყებამდე მოვახერხებ გადასვლას ” – ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი ახალგორელი.

ბიბილოვის გაჯიუტების მიზეზს ვერც ცხინვალის რეგიონის ოსური მოსახლეობა ხსნის. ისინი გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

"ახლა ცხინვალის ხელისუფლება ერთხელ ნათქვამს ვერ ცვლის, თორემ ხვდება, რომ ამ უბრალო ადამიანების წვალებით ვერაფერს იგებს. ქართული მხარე არ იღებს იმ საგუშაგოებს, თავად კი, სამარცხვინოდ ექცევიან მათ, სიკვდილზე ეთამაშებიან უდანაშაულო ადამიანებს, რომელთაც ექიმი და მკურნალობა სჭირდებათ. მათ შორის ოსებსაც... ქართველებმა კი, ომის შემდეგ, აქეთ მხარეს დარჩენა არჩიეს... 21-ე საუკუნეში "გეტოს" აშენებას გილოცავთ ბატონებო!" - წერენ ოსები სოციალურ ქსელში.

ფოტოები: თამარ მეარაყიშვილი

"გვეუბნებიან, როგორ იმარაგებენ ქართულ მხარეს სურსათს... ჩვენ რა მოვიმარაგოთ, როცა არაფერია?!" - ახალგორი კორონავირუსის საფრთხის წინაშე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ პერევის ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა

"საზღვარი საიმედოდაა ჩაკეტილი, რომ თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხი არ მოაწყდეს უფრო დაცულ ქვეყნებს" - დიმიტრი მედოევი