ავტორი:

დაშლა თუ ახალი პარტიის ჩამოყალიბება? - რა პროცესები ვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში"

დაშლა თუ ახალი პარტიის ჩამოყალიბება? - რა პროცესები ვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში"

2017 წლის შემდეგ, როცა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმეთვიანი შიდადაპირისპირების შემდეგ პარტიის ლიდერები გამოაკლდნენ, ახლა, 2020 წელს მოძრაობის დაშლის მორიგი ეტაპი იწყება - რამდენიმე დღის წინ პარტიის დატოვების შესახებ ზაზა ბიბილაშვილმა, ნინო კალანდაძემ და მარიამ გერსამიამ განაცხადეს.

ამ სამეულის განცხადებას მალევე მოჰყვა "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ძველი სახის - ჩიორა თაქთაქიშვილის მიმართვა პარტიის დატოვების შესახებ.

ბიბილაშვილი, კალანდაძე და გერსამია პოლიტიკურ აქტიურობას აღარ გეგმავენ და როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, არ აპირებენ არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას:

"დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას. წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას.

ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე,“ - ნათქვამია ბიბილაშვილის გუნდის განცხადებაში.

რაც შეეხება ორი მოწვევის პარლამენტარ ჩიორა თაქთაშვილს, რომელიც წლებია ამერიკაში გადაბარგდა საცხოვრებლად, "ნაციონალებიდან" წასვლის მიზეზად იმას ასახელებს, რომ საკუთარ პარტიაში ბევრი თანამოაზრე აღარ დარჩა.

"ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას. წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს.

ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენთან ერთად გატარებული წლებით, საერთო ბრძოლით, საქმით, დისკუსიებით, კამათით, თუნდაც ზოგჯერ, მცირე ან მნიშვნელოვან დეტალებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. მჯერა, რომ გესმით და გრძნობთ, ეს უბრალო სიტყვები არაა!" - დაწერა თაქთაქიშვილმა საკმაოდ ვრცელ მიმართვა-ანგარიშში.

კულუარებში საუბრობენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის შესახებაც, რასაც მან სისულელე უწოდა:

"არ წავსულვარ არსად, წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები. ყველა სისულელეს რატომ უსმენთ? როგორ წარმოგიდგენიათ ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი ისე, რომ ვიღაცამ იცის" - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასობაში, "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი მარტიდან „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე მისი პირადი შტაბის გახსნა დააანონსა. ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, შტაბში "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნით კიდევ მეტ საფუძველს, რომ დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა".

რა პროცესები ვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში"? - ამ თემით AMBEBI.GE დაინტერესდა და პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს მიმართა:

"კალანდაძემ და ბიბილაშვილმა ძალიან ნათელი განცხადება გააკეთეს. თქვეს, რომ 2 წელია არ არიან პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართულნი, ამიტომ შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია და არ აპირებენ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ამაზე ნათლად რა უნდა ყოფილიყო ახსნილი? ვუსურვებ მათ წარმატებებს.

"ნაციონალური მოძრაობა“ კი ყოველთვის ახლდებოდა და ახლაც განახლდება, იხილავთ ახალ სახეებს. ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფი შემოგვიერთდა, სხვადასხვა სპეციალობები, ადამიანები... ასე რომ, პარტიას დაშლა არ ემუქრება, ხდება ახალი სახეების მიღება" - გვითხრა გოცირიძემ.

იმაში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაიშლება და არჩევნებზე ბარიერის გადალახვაც არ გაუჭირდება, დარწმუნებულია ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, პარტიიდან წასული სახეები, მალე შესაძლოა სააკაშვილის შტაბში ვიხილოთ.

"ნაციონალური მოძრაობა" დაშლის ზღვარზე კი არა, ახალი პარტიის ჩამოყალიბების ზღვარზეა. ბიბილაშვილი, კალანდაძე და გერსამია ის ხალხია, რომლებიც მომავალში მიხეილ სააკაშვილის შტაბში გადავლენ. "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული ნაწილი ალბათ გადავა სააკაშვილთან და ეს ის ხალხი იქნება, ვინც მის ყველა კაპრიზს უსიტყვოდ დაემორჩილება. ნაწილი დარჩება "ნაციონალური მოძრაობის" გუნდში, მაგრამ ვის რა შანსები ექნება არჩევნებში, ეს კამათის საგანია.

დარწმუნებული ვარ, ბარიერის გადალახვა არც სააკაშვილის ახლად შექნილ ჯგუფს გაუჭირდება და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა, როგორც ხედავთ ყოფილ პრეზიდენტს პრეტენზია აქვს არა მარტო ბარიერის გადალახვაზე, არამედ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად ჩამოყალიბებაზეც, რისი წინააღმდეგობაც აქვს „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით.

გვახსოვს, 2016 წლიდან მოყოლებული სააკაშვილი ითხოვს რადიკალურ ქმედებებს, რის გამოც "ევროპული საქართველო" გამოეყო მათ რიგებს, ანალოგიური ვითარება იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, როდესაც აცხადებდა, არჩევნები გაყალბდა და არიქა, დავიწყოთ აქციებიო. როგორც ჩანს, ამ ტიპის პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს სააკაშვილი", - გვითხრა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, სააკაშვილი ინარჩუნებს გავლენას "ნაციონალებზე", თუმცა ამჟამად, ცალკე გასვლა და მისი პერსონის ირგვლივ საზოგადოების მობილიზება სურს:

"უკვე რვა წელია ირაკლი კობახიძე გვპირდება "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას, მაგრამ დაშლის მაგივრად უკუშედეგს ვიღებთ არჩევნებზე. "ნაციონალური მოძრაობა", ისევე როგორც „ქართული ოცნება“, ერთ ადამიანზე აგებული პარტიებია, ასე რომ, თუ ვიღაცეები წავლენ და მოვლენ, ამით არაფერი იცვლება.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ - ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ვინც არ უნდა წავიდეს და მოვიდეს პარტიაში, არაფერი იცვლება სანამ სააკაშვილი იქნება ლიდერი. ის ინარჩუნებს გავლენას „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ორპოლუსიანობის აგება "ნაციონალების" მეშვეობით აღარ გამოდის, ცდილობს ზეპარტიული ელემენტი გააჩინოს პოლიტიკურ ტაქტიკაში, შიდა და გარე ჯგუფებზე იმუშაოს და კონსოლიდაცია მოახდინოს.

ამისთვის ტაქტიკურად მას სჭირდება დისტანცირება, რომ საზოგადოების საპროტესტო ნაწილში ფართო კონსოლიდაცია მოახდინოს, ვიდრე ეს "ნაციონალების" ფარგლებშია შესაძლებელი" - განუცხადა ხუხაშვილმა AMBEBI.GE-ს.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით კი, სააკაშვილის პირადი შტაბის მოწყობა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და დაყოფით ვერც "ნაციონალური მოძრაობა" და ვერც შტაბი ვერ გაძლიერდება:

"როგორც ჩანს, სააკაშვილს უკრაინაში საქმეები გამოელია. საერთოდ, ბიბლიოთეკაში შტაბის მოწყობა ოდიორზურ ვარიანტად გამოიყენება. ძნელია მისი გეგმების განჭვრეტა, რადგან იმ განაცხადში, რაც მან გააკეთა, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები არ იქნა გათვალისწინებული. თითქოს საერთოდ გვერდზე გადგა თავისივე პარტიიდან, რაც მაინც და მინც არ მჯერა. მეეჭვება, რომ ეს ქმედება პარტიის გაძლიერებას ემსახურებოდეს, პირიქით, ეს ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს..." - გვითხრა საყვარელიძემ.

რომან გოცირიძე: "IRI-ის კვლევა გვიჩვენებს,  რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა"

"IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ ბოიკოტს უკვე აზრი აღარ აქვს.. რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია,  ცუდი პოლიტიკოსი ხარ" - ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"