ავტორი:

"არ გაყიდულა ჩვენგან ბავშვი..." - "მთავარის" ინფორმაციით, ახალშობილის გაყიდვას კლინიკა "ბაიები"-დან ცდილობდნენ

"არ გაყიდულა ჩვენგან ბავშვი..." - "მთავარის" ინფორმაციით, ახალშობილის გაყიდვას კლინიკა "ბაიები"-დან ცდილობდნენ

ტელეკომპანია "მთავარის" ინფორმაციით, ახალშობილი ჩვილის გაყიდვას დედა და ექიმები სამშობიარო სახლ "ბაიებიდან" ცდილობდნენ.

არასრულწლოვანით ვაჭრობა-ტრეფიკინგის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სავარაუდოდ, სწორედ ამ კლინიკის ორი ექიმი და ბავშვის დედა დააკავეს. სულ საქმეზე დაკავებულია შვიდი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოიძიეს პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარის გადახდა. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

"ბაიების" თანამშრომლები კატეგორიულად უარყოფენ კლინიკიდან ბავშვის გაყიდვის ფაქტს, თუმცა ადასტურებენ, რომ ქალმა მათთან იმშობიარა:

"არ გაყიდულა ჩვენგან ბავშვი, ყველანაირად ვემიჯნებით მსგავს ფაქტებს. ჩვეულებრივად მივიღეთ პაციენტი, აქ იმშობიარა ქალმა, გავუკეთეთ საკეისრო და იმის შემდეგ რა მოხდა, ვერ გეტყვით" - აღნიშნა "მთავართან" საუბარში კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ამასთან, საავადმყოფოს თანამშრომლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ "ბაიების" ხელმძღვანელი ჩართული იყო ტრეფიკინგის ფაქტში.

გენერალური დირექტორი ნია ონიაშვილი უარყოფს, რომ ფაქტთან დაკავშირებით მისი თანამშრომლები არიან დაკავებულნი:

"არავინ არ დაუკავებიათ, ჩემს გარეთ თუ რამე მოხდა არ ვიცი, მაგრამ ჩემთან არ მომხდარა. ჩემი თანამშრომლები არ არიან დაკავებულნი. მერე რა რომ ჩემთან იმშობიარა? გავიდა პაციენტი და ჩემი თანამშრომლები არაფერ შუაში არ არიან" - აღნიშნა ჟურნალისტთან საუბარში ონიაშვილმა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. ბრალდებულებს 14-დან 17-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

მკვლელობა დმანისში - ნაპოვნია ქალის ცხედარი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება

აღმაშენებლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მოძრაობა შეფერხებულია

მესტიაში, თეთნულდზე უკრაინელ ტურისტს ეძებენ