ავტორი:

ადექი, გამოფხიზლდი და ცხელი გულით იმოქმედე - ღმერთით სავსე გულით

ადექი, გამოფხიზლდი და ცხელი გულით იმოქმედე - ღმერთით სავსე გულით

17 თებერვლიდან წიგნების სერიის „ბიბლია განმარტებებით“ VI ტომი გამოვიდა. მასში ბიბლიის შემდეგი წიგნების მუხლობრივ განმარტებებს გაეცნობით: მეორე ეზრა, ტობითი, ივდითი, ესთერი და იობი...

პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი კვლავ გვთავაზობს თავის მცირე ჩანაწერებს:

***

ალბათ გსმენიათ იობის შესახებ, საშინელი ტანჯვა-წამება რომ გამოიარა და ვერაფრით ხსნიდა, უფლის მორჩილი და წესების აღმსრულებელი კაცი, ასე რისთვის ისჯებოდა. წიგნის ბოლოს ეუბნება უფალს: თურმე აქამდე ყურმოკვრით მსმენოდა შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილეო - ტანჯვაგამოვლილი ეუბნება ამას, გულშეძრული და სულგამთბარი. მხოლოდ უფალმა იცის, რა რისთვის ხდება! ღმერთმა მოგვცეს სიმშვიდე და სიყვარული...

***

რაც უფრო მეტ ცეცხლსა და მდუღარეს უძლებს, რაც მეტს ითმენს ადამიანი ღვთის შეწევნით, მით მეტი სულიერების მატარებელია. რომ არ გავბოროტდებით, არ შევიცვლებით - აი, ეგ არის დათმენა. ამ სიმძიმის ღირსეულად მტვირთველი კი ძალიან დიდი წყალობის ღირსი ხდება...

ხოდა ჩემ ქვეყანაზე ვფიქრობდი: რამდენ ტკივილს უძლებ, შენი ჭირიმე, რამდენი დარდი დაგაქვს გულით, რამდენი ჭიაღუა გასევია ხელფეხშეკრულს, გასკდა გული რა. და მაინც ისევ ისეთი სიკეთით და სიყვარულით სავსე ხარ, მოდიხარ და მოგაქვს შენი ხალასი ქართული სული, ღვთის ერთგულება და სიმართლე. უფალი დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილას! შეუძლებელია ეს უსამართლობა ასე გაგრძელდეს! ძალიან მალე იზეიმებს სამართალი! ძრწოდნენ შენი მტრები და სისხლისმწოველები! ვაი მას, ვისაც არ ესმის - რას სჩადის და ვის ემტერება!!!

***

მიდის, მიდის, მიდის და დამთვრდება, გესმის? რამე თუ არ შეცვალე, თუ არ იმოქმედე, ასე გაირბენს და დამთავრდება... იმას თბილი სიტყვა უთხარი, ამას მოეფერე, აგერ მესამეს - ხედავ როგორ უჭირს და მიეხმარე, იქით დაცემული წამოაყენე, გაამხნევე, როგორც შეგიძლია... იჩქარე და გახსენი ეგ გაყინული გული, შეუშვი სითბო დროზე, ვიდრე გაირბენს ეს ცხოვრება, ვიდრე დასრულდება... რომ ჩაკეტილხარ საკუთარ ნაჭუჭში და ელოდები - რას ელოდები შენ, ჩემო თავო? გგონია, სხვა მოვა და შენ მაგივრად შეცვლის რამეს? მერე რა, რომ დამძიმდა ყოველდღიურობა და შენც უამრავი პრობლემა გაქვს, მერე რა, რომ ბევრი რამ გტკენს გულს... ადექი, გამოფხიზლდი და ცხელი გულით იმოქმედე - ღმერთით სავსე გულით, თორემ ეგეთი გულგრილობით ყინულადვე დარჩები და დამთვრება შენი დროც... ისე დამთავრდება, რომ შენი წილი სამყარო უღმერთოდ გაილევა... და დარჩება სიცარიელე... იმოქმედე რა! ნუ გაჩერებულხარ! იმოქმედე...

***

როცა რაღაცას ვერ ვაღწევთ, როცა მნიშვნელოვანი საქმე გვიცუდდება, შედეგს ვერ ვღებულობთ და ვფიქრობთ, რომ ამით დასრულდა ყველაფერი, ბოლო შანსიც ხელიდან გავუშვით, გამოსავალი არსად არის და რაღა გვეშველება - აი, ამას როცა ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ბოლო შანსი, არ სრულდება იმედი, რადგან უსასრულობაა ღმერთი, დაუსაბამო და დაუსრულებელი.

მატერიაში ვერგანხორციელებული ამბებით არ მთავრდება მარადისობა. იუდა გასცემს მაცხოვარს - და რა უნდა დამთავრებულიყო ამაზე მეტი? - ქრისტეს დაატყვევებენ, მერე კი დაბრმავებული ხალხი ერთად იტყვის, რომ იგი დამნაშავეა და 2 დღეში ადამიანები ღმერთს ჯვარზე გააკრავენ.

ალბათ ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე დიდი დასასრული ყველა დასასრულისა, მაგრამ როგორი უსასრულოც არის თავად ღმერთი, ასეთივე უსასრულოა მისი მოწყალება, სიყვარული და მიმტევებლობა ადამიანისადმი და იგი ჩავა ჯოჯოხეთში, დალეწავს ბჭენს, დასთრგუნავს სიკვდილს და აღდგება!

ნუ გეშინია, ადამიანო! ნურაფრის ნუ გეშინია, რადგან ქრისტე აღდგა იმისთვის, რომ შენ აღარ გეშინოდეს არც ტკივილის, არც განსაცდელის, არც ღალატის და არც სიკვდილის. ნუ გეშინია, რადგან ღმერთი არს ჩვენთან!

„ბიბლუსში“ Lupen-ის პროდუქციაზე 25%-იანი ფასდაკლება გელოდებათ

"გარდასულები" - თქვენს თაროზე "გარდასული" წიგნი

რომელი წიგნებით ინტერესდებიან ქართველი თინეიჯერები და როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება