ავტორი:

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი

16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. 39 წლის მ.კ, რომელიც 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ყოფილი სამხედროა.

ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე დაიცავს. AMBEBI.GE-სთან საუბარში ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმე არასწორი მუხლით არის აღიძრული და ბრალდების გადაკვალიფიცირების აუცილებლობის საკითხს აყენებს:

"ეს ადამიანი გახლავთ ძალიან ღირსეული პიროვნება, ყოფილი სამხედრო, აგვისტოს ომის მონაწილე. ძალიან მშვიდი ადამიანი, რომელიც ნასამართლევი არასოდეს ყოფილა.

დღეს გავრცელდა მედიასაშუალებებით ვიდეოკადრები, თუ როგორ ესხმის მას თავს ადამიანთა ჯგუფი, თანაც არაერთგზის და ფაქტობრივად, გასაქანს არ აძლევენ. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ჩავრთულიყავი თუ არა ამ საქმეში და როდესაც ვნახე ამჟამად ხელმისაწვდომი მტკიცებულებები, დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი თავს იცავდა და არანაირი განზრახ ჩადენილი დანაშაული არ იკვეთება აქ.

იგი იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორმაც კი არ მიიღო და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. როდესაც მივაკითხე მცხეთის საავადმყოფოში ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, საუბარიც უჭირდა, რომ მოეყოლა ჩემთვის რა მოხდა. სასტიკად არის ნაცემი. ამიტომ, საქმის ძიება აუცილებელი მოგერიების მუხლით უნდა წარიმართოს" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ტარიელ კაკაბაძემ.

რა აკავშირებდა მ.კ-ს გარდაცვლილთან და მის მეგობრებთან, ან რამ გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება - ამ და სხვა დეტალებზე საუბრისგან ადვოკატი ჯერჯერობით თავს იკავებს.

კაკაბაძის თქმით, ეჭვმიტანილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს, 16:00 საათისთვის წარუდგენენ, რის შემდეგაც დაცვის მხარეს შესაძლებლობა მიეცემა საქმის მასალებს გაეცნოს.

მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს, სადაც სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშაა. დღეს "მთავარმა არხმა" გაავრცელა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს რამდენიმე ახალგაზრდა მ.კ-ს და მას სასტიკად უსწორდება. არსებული ინფორმაციით, ამ დაპირისპირების შემდეგ მ.კ-მ მანქანიდან იარაღი აიღო და თავდამსხმელებს ესროლა.

28 წლის გორთამაშვილის მკვლელობასა და 26 წლის ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული 1981 წელს დაბადებული მ.კ. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს.

შსს საქმეს განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) მუხლებით იძიებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი ფოტო: კადრი "მთავარის" ვიდეომასალიდან

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს

გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა