ავტორი:

"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს

"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს

ქართველი მოსწავლე ლუკა ბუსკივაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვანდერბილტის უნივერსიტეტში (Vanderbilt University) სწავლას სრული დაფინანსებით გააგრძელებს. 17 წლის ლუკამ, რომელსაც კომაროვის სკოლა ჯერ არ დაუმთავრებია, წელიწადში 80 ათასი დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

ვანდერბილტის უნივერსიტეტში სწავლა აგვისტოს ბოლოს იწყება, გაგზავნილ აპლიკაციაზე კი ლუკამ დადებითი პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღო.

წარმატებული მოსწავლე საკუთარ ამბავს AMBEBI.GE-ს უყვება:

- რატომ აირჩიე ვანდერბილტის უნივერსიტეტი და როგორ მიიღე დაფინანსება?

- ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როცა ვანდერბილტის უნივერსიტეტის შესახებ გავიგე, მეგობრის, ლუკა გურგენიძისგან, რომელიც იქ სწავლობს და პირველი ქართველი მოსწავლეა. ლუკაც კომაროველი იყო და მან ამერიკაში წასვლის შესაძლებლობაზე მომიყვა. სწორედ ამის მერე დავიწყე მზადება. საჭირო იყო საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება - TOEFL, რომლითაც ინგლისური ენის ცოდნას ამოწმებენ, და SAT - უნარები ინგლისურად.

ამ გამოცდებში მაღალი ქულები მივიღე, შემდეგ იყო აპლიკაციის გაგზავნის ეტაპი, რაც მოიცავდა ესსეს, მასწავლებლების რეკომენდაციებს, აქტივობებს, უნივერსიტეტთან ინტერვიუებს, ასევე, საფინანსო ფორმებს, თუ რა დაფინანსება მჭირდებოდა და რამდენის გადახდა შეგვეძლო.

ვანდერბილტი ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტია ამერიკაში, ამიტომ, ძვირია - წელიწადში დაახლოებით 74 ათასი დოლარი ღირს. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას ამდენის გადახდა არ შეუძლია, არც ჩემს ოჯახს შეეძლო. მივუთითე, რომ წელიწადში 1700 დოლარის გადახდას შევძლებდი, რაც 74 000 დოლართან შედარებით ძალიან ცოტაა და ნიშნავდა, რომ დიდი დაფინანსება მჭირდებოდა.

უნივერსიტეტიც ბიზნესია და რაც უფრო ნაკლებს იხდი, მით ნაკლები შანსი გაქვს, მოხვდე, თანაც - ქართველი ამერიკაში... საბოლოო ჯამში, 13 თებერვალს პასუხი მომივიდა, რომ მხოლოდ 74 ათასს კი არა, 4 წლის განმავლობაში ყოველ წელს 80 000 დოლარს მაძლევენ, რათა ჯანმრთელობის დაზღვევა და მგზავრობის ფულიც მქონდეს. სწავლის საფასური ყოველწლიურად იზრდება და შეიძლება, დაფინანსების თანხაც ყოველ წელს გაიზარდოს.

- სკოლას წელს ამთავრებ?

- დიახ, მე-12 კლასში ვარ, ატესტატი არც მაქვს. მთხოვენ, რომ წლის ბოლოს მიღებული ნიშნებიც გავუგზავნო, რათა იცოდნენ, რომ ისევე წარმატებით დავამთავრე სკოლა, არ მოვდუნდი. იმ შეთხვევაში, თუ 5-ები და 6-ები გამომყვება, რაც ძალიან დაბალი ნიშნებია, შეიძლება, უარი მითხრან, შენ მოუკელი სწავლას და აღარ გვინდა ჩამოხვიდეო. მაგრამ ახლა მიღებული ვარ და წესით, სტუდენტი ვარ.

აპლიკაციები ბევრმა გავაგზავნეთ, მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, რადგან ხედავენ, რამხელა წარმატებას აღწევენ ის ბავშვები, ვინც აპლიკაციებს ამერიკაში გზავნიან. სხვა სკოლებიდან ჯერ არ მსმენია, მაგრამ როგორც ვიცი, მე-12 კლასელებს შორის კომაროვიდან ჯერჯერობით მარტო მე ვარ, ვინც ამერიკაში მიდის.

- სად მდებარეობს ვანდერბილტის უნივერსიტეტი, ძირითადად, რა ფაკულტეტებია და შენ რომელი მიმართულება აირჩიე?

- ტენესის შტატის დედაქალაქში, ნეშვილში მივდივარ სასწავლებლად. უნივერსიტეტში ყველა ფაკულტეტია, თუმცა არჩევა პირველივე წელს არ ხდება. ინჟინერიის სკოლა ავირჩიე და ალბათ, კომპიუტერულ მეცნიერებას, მათემატიკას და ბიზნესს ერთდროულად ვისწავლი.

- სკოლაში ალბათ, ძალიან კარგად სწავლობდი... სხვა რა ინტერესები გქონდა, თუნდაც სანამ ამ უნივერსიტეტის შესახებ გაიგებდი?

- სიმართლე გითხრათ, ამერიკაში სწავლის გაგრძელება რომ შესაძლებელი იყო, არც ვიცოდი. მეგონა, ყველაზე მეტი ფული ვისაც ჰქონდა, ის მიდიოდა, მეტი არაფერი ვიცოდი არც TOEFL-ის და არც - SAT-ის შესახებ. უბრალოდ, მეგობარმა მომიყვა...

სამწუხაროდ, მეათე კლასამდე საშუალო დონის მოსწავლე ვიყავი, მაღალი ნიშნები არ მქონდა, ამიტომაც ვამბობ - ჩემი ისტორია იმითაა განსაკუთრებული, რომ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია, ის გააკეთოს, რაც მე გავაკეთე, რადგან სხვისგან გამორჩეული არ ვყოფილვარ

მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის საუკეთესო მოსწავლეებს სახელმწიფო კომპიუტერს აძლევს, ჩემთვის კი ესეც არ მოუციათ, რადგან მეათე კლასამდე მაღალი ნიშნები არ მქონდა, მაგრამ მერე, როდესაც უკვე კონკრეტული მიზანი დავისახე და ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მედალოსანიც გავხდი.

თუმცა, ისინი მხოლოდ ნიშნებს არ აქცევენ ყურადღებას, ითვალისწინებენ, რას აკეთებ სკოლის გარეთ, როგორი ესსე დაწერე, მასწავლებლები როგორ გახასიათებენ და ინტერვიუზე როგორი ადამიანი ჩანხარ.

აშშ-ს უნივერსიტეტებში გაცილებით დიდი პროცესი მიმდინარეობს, ეძებენ ბავშვებს, რომლებზეც ფიქრობენ, რომ მათ შეიძლება რამე შეცვალონ. მრავალმხრივ კარგ ბავშვს ირჩევენ, ამიტომ საბოლოო ჯამში, ნიშნების და ქულების გამო არ ავურჩევივარ, თუმცა ესეც დამეხმარა, რადგან გამოცდებში ძალიან მაღალი ქულები მქონდა.

- შეგიძლია, გამოყო, კიდევ როგორ წარმოაჩინე თავი, მაგალითად, სკოლის გარეთ არსებული ინტერესებით?

- სკოლის თვითმმართველი ვარ, თავმჯდომარე ვარ, ასე ვთქვათ ბავშვების "მთავრობის". სკოლაში რა პროცესებიც მიმდინარეობს, იქნება კლუბები თუ ფესტივალები, ოლიმპიადები - ამ ყველაფრის მთავარი ორგანიზატორი გახლავართ. ეს ერთ-ერთი იყო, რაც დამეხმარა. ასევე, პოლიტიკის და დებატების ტურნირებში ვიღებდი მონაწილეობას, რომელშიც ყოველთვის ვიმარჯვებდი ან ძალიან მაღალ პოზიციას ვიკავებდი.

ხშირად ვიყავი მოხალისეც, დაკავებული ვიყავი ქველმოქმედებით, ორგანიზაცია Helping Hands-შიც ვიღებდი მონაწილეობას. კიდევ რამდენიმე ღონისძიება იყო, მაგალითად, სპექტაკლები ჩავატარეთ კომაროვში, მსახიობი ვიყავი, ეს ბევრი რამ შეგროვდა და გავაგზავნე.

- რა გეგმები და მიზნები გაქვს იმ 4 წლის განმავლობაში, რა პერიოდშიც აშშ-ში ისწავლი და მას შემდეგ?

- ძალიან დიდი შესაძლებლობა მომეცა, რომ ჩემი ნიჭი და მონდომება, მიზნები უფრო კარგად წარმოვაჩინო და ასეთი შანსის გამოყენებას აუცილებლად ვაპირებ. მოტივირებული ვარ და მინდა, რომ საუკეთესო, მაქსიმალური ნიშნები მქონდეს. ამავდროულად, ზაფხულის 4-თვიან არდადეგებზე რაიმე ამერიკულ კომპანიაში დავიწყო მუშაობა, იმისთვის, რომ როდესაც ამერიკულ უნივერსიტეტს დავამთავრებ, ნიშნებთან ერთად, გარკვეული გამოცდილება მქონდეს.

რაც შეეხება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გეგმებს, როგორც ვიცი, ამერიკაში სამუშაოდ დარჩენის უფლება მხოლოდ 2 წლის განმავლობაში გვეძლევა, მას შემდეგ კი ვიზა უქმდება და საქართველოში უნდა ჩამოვიდე, ან ამერიკაში ისეთი სამსახური ვიშოვო, რომელიც ახალი ვიზის მიღებას უზრუნველყოფს. ვგეგმავ, საქართველოში ჩამოვიდე, რადგან იქ გამოცდილებისა და განათლების დაგროვება მინდა, შემდეგ კი აქ, ჩემებთან ერთად ცხოვრება მსურს.

საბოლოო მიზანი საქართველოში ჩამოსვლაა, მაგრამ მინდა, ფინანსურად ისე ვიყო, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ იყოს ჩემი შვილებისთვის ისეთი განათლების მიცემისთვის, როგორიც მე ჩემმა მშობლებმა მომცეს.

- რა რჩევებს მისცემ თანატოლებს, ვინც არ იცის მსგავსი შესაძლებლობების შესახებ, ან იცის, თუმცა სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრა სწავლის მაღალი ღირებულების გამო არარეალურად ეჩვენება?

- მე იმის მაგალითი ვარ, რომ არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი სკოლაში - სხვა ბავშვები ნაკრებებში იყვნენ და უფრო კარგ მოსწავლეებად ითვლებოდნენ, მაგრამ ჩემი მონდომებითა და შრომით დავინახე, რომ მეც მქონდა ამის შესაძლებლობა, უნივერსიტეტები სხვა რამესაც ხედავდნენ.

ახლაც ვფიქრობ, რადგან მე შევძელი და გამომივიდა, ნებისმიერს გამოუვა, თუ მოინდომებს! ამიტომ, რჩევა ერთია: თუ მართლა აქვთ მიზანი, გააგრძელონ ამერიკაში ან საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში სწავლა, ის ფიქრი დაბრკოლება არ უნდა იყოს, რომ "უკვე გვიანი ხომ არ არის, ახლა ვეღარ შევძლებ, სხვა ბავშვები მჯობნიან" და ა.შ. ეს ჩემთვის დაბრკოლება არ ყოფილა და მაინც შევძელი, რადგან მოვინდომე. მგონია, ყველამ უნდა მოინდომოს, თუ ეს მათი მიზანია და აუცილებლად გამოუვათ!

"მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია" - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა

"სასიამოვნოდ მიკვირს, რომ მედიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ღმერთი იფარავთ და არ ინფიცირდებიან" - თენგიზ ცერცვაძე