ავტორი:

"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომლის გადასარჩენად საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ ათასობით ადამიანი გაერთიანდა, ინდოეთის კლინიკაში 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ, 31 იანვარს გარდაიცვალა. ბავშვი სამშობლოში 2 თებერვალს ჩამოასვენეს. გოგონა თვეების განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა სამწუხაროდ, მისი ურთულესი დაავადების დამარცხება ვერ მოხერხდა...

ანიტას უმძიმესი დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინეს. მას ესაჭიროებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა. ფაცაციების ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე. ბოლოს გოგონა ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ანიტას მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ფაცაციების ოჯახის ახლობლები წერდნენ, რომ ანიტას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ ბავშვის ორგანიზმი ვეღარ ეგუებოდა გულის მუშაობის მასტიმულირებელ ეკმოს აპარატს. 2 წლის გოგონას სეფსისიც განუვითარდა და საბოლოოდ, მისი ორგანიზმი ვეღარ მოერია დაავადებას...

ანიტას მშობლები მარიკო სადრაძე და გიორგი ფაცაცია "ნანუკას შოუს" სტუმრობდნენ. მათ მადლობა გადაუხადეს მთელ საქართველოს, საქართველოს მთავრობას და ეკლესიას, ემიგრანტებს, ოჯახის მეგობრებს და ათასობით სრულიად უცნობ ადამიანს, რომლებიც დროს, მთელ ძალასა და ყველა ადამიანურ რესურსს იყენებდნენ, რათა ბავშვი გადაერჩინათ.

"ქართველებს ხშირად გვჩვევია ჩვენს ნაკლოვანებებზე ხაზის გასმა, ხშირად ვამობთ, რომ "მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს რაღაც ცუდი", მაგრამ მე მგონია, რომ მხოლოდ საქართველოში შეგვიძლია ასე დავუდგეთ გვერდით ერთმანეთს, შეგვიძლია, რომ ჩვენს ოჯახს, ჩვენს შვილებს მოვაკლოთ რაღაც და სრულიად უცნობ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით. ეს იყო უპრეცედენტო სიკეთის მაგალითი... მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც ქართველმა ემიგრანტებმა გააკეთეს ჩვენთვის ავსტრიაში. ავსტრიელი ექიმები მხრებს იჩეჩავდნენ, ვერ გაიგეს, რა ხდებოდა, იმიტომ რომ უწყვეტი რაოდენობით შემოდიოდა საჩუქრები, სათამაშოები, ხაჭაპურები. გვეკითხებოდნენ, ამდენი მეგობარი გყავთ ავსტრიაშიო და ვპასუხობდით, რომ არა თუ მეგობარი, ნაცნობიც კი არ გვყავდა... ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ მაძლევთ მე იმ ძალას, რომ ახლა საერთოდ ფეხზე ვიდგე და ვისაუბრო", - განაცხადა მარიკო სადრაძემ გადაცემაში სტუმრობისას.

როგორც გიორგი ფაცაციამ აღნიშნა, ინდოეთში მშობლები ბავშვის ოპერაციისთვის საჭირო დონორის მოსაძიებლად ჩავიდნენ, თუმცა ტრაგიკულ ფინალს ნამდვილად არ ელოდნენ. გადაცემაში მარიკო სადრაძემ სამომავლო მიზნების შესახებაც ისაუბრა, რომელსაც ანიტას სახელის უკვდავსაყოფად გეგმავენ.

"ერთი წამითაც, არასოდეს არ დამიშვია ეს ფინალი, ყველაფერი მქონდა განხილული, მინიმუმ სამოცი წელი მქონდა გათვლილი, ჩემი სიკვდილის შემდეგ რა უნდა გაეკეთებინა, ისიც კი მქონდა გათვლილი, მაგრამ ეს ფინალი არა... ყოველ დილით ხდებოდა ექიმთან გასაუბრება და ბოლო დღეს, როდესაც შევედი ექიმთან, მან მითხრა, რომ ძალიან მცირე იყო გადარჩენის შანსი. და მაშინაც არ დამიშვია რაიმე... მითხრეს, რომ იყო გადარჩენის 1% და ვთქვი, რომ ამ ერთ პროცენტს ჩვენ გადავაქცევდით 100%-ად. არავისთვის ეს არ მითქვამს, გამოვედი და ყველას ვთხოვე, რომ ლოცვა დაეწყოთ. და პირველად ანიტას მისამართით გამოვიყენე სიტყვა გადარჩენა, ვამბობდი "ჩვენ რა გვჭირს გადასარჩენი, ჩვენ გადარჩენილები ვართ". როდესაც ასეთი რამ მითხრა ექიმმა, მაშინ მე ვუთხარი ღმერთს: გთხოვ არ წამართვა, იმიტომ რომ იცი მე ამას ვერ გადავიტან. და როდესაც ასეთი ფინალი გვქონდა, მე მქონდა პროტესტი.. ძალიან გავბრაზდი... მაგრამ შემდეგ მივხვდი. რომ ამით ღმერთმა მე ნდობა გამომიცხადა, მან მითხრა, რომ შენ გადაიტან და იცოდა, რომ მე ღირსეულად გადავიტანდი ამას. დღეს შეიძლება სულელურად ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი და შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მწუხარებისგან ამ ადამიანმა ცოტა აურიაო... მე დღეს მაქვს ერთდაერთი ემოცია, უბრალოდ ვარ ბედნიერი, რომ ღრმერთმა მე ამომირჩია ანიტას დედად. მე ვარ ამაყი, რომ მე ვარ ანიტას დედა. მან მითხრა, რომ "შენ გენდობი, რომ შენ ამ მისიას წარმატებით გაართმევ თავს". შესაბამისად, მე მადლობელი ვარ, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადა ღრმერთმა...

ანიტას ფენომენი ვერ ამოვხსენი, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ... ვერ ამოვხსენი, რა მოხდა ანიტას გარშემო, მისი ეს თვალები, რომელიც აქადე ოჯახის წევრებს გვაგიჟებდა და გვეგონა, რომ ჩვენია და გვიყვარს და იმიტომ მოგვწონს... თურმე, ამ ბავშვის თვალებმა მთელი სამყარო დაიტია... და ამ ბავშვის თვალებში არის მილიონი სიცოცხლე... და ამ ბავშვთან რა კავშირშია სიტყვა სიკვდილი, გლოვა და ტირილი, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას?!... არაფერ კავშირში არ არის... ბევრი მწერს, რომ ტირის... არ იტიროთ, ხალხო. მე დედა ვარ და მეპატიება, რომ ვტირი. თქვენ არ იტიროთ, ანიტასთან კავშირშია მარტო სიკეთე, მარტო სიყვარული და ანიტას გარშემო საქართველო ვართ ერთ დიდ ოჯახად გაერთიანებული, სადაც არის მარტო სიკეთე, სადაც ერთ აგრესიას, ერთ ნეგატიურ კომენტარს ვერ შეხვდებით... ჩვენ შეგვიძლია სიკეთის კეთება. უბრალოდ გთხოვთ, რომ შემოგვერთდეთ ანიტას ჯგუფში, დაამატეთ თქვენი მეგობრებიც და უფრო მასშტაბურ სიკეთის კამპანიას ვგეგმავთ.. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, მე ანიტამ დამავალა, რომ მისი სახელით სიკეთე არასდროს გაჩერდეს.. იგეგმება ძალიან ბევრი კარგი რამ, რის შესახებაც ინფორმაციას ისევ ამ ჯგუფიდან შეიტყობთ.... ეს ბავშვი არის სიკეთის სიყვარულის და სიცოცხლის მაგალითი... მე ვარ ამაყი, რომ ვარ ანიტას დედა და ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო ღირსეული მისი გულისთვის, ისეთი ღირსეული, როგორც ანიტას შეეფერება", - აღნიშნა მარიკო სადრაძემ.

ცნობისთვის, ფეისბუქ-ჯგუფმა - "ანიტასთვის", რომელიც გოგონას ნათლიებმა ოპერაციისთვის საქველმოქმედო თანხების შესაგროვებლად შექმნეს, 80 000-მდე ადამიანია გაერთიანებული.

როგორ უნდა იმოძრაონ ავტომობილებმა ჭავჭავაძის გამზირზე - თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

"1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 3 იმპორტირებულია...", - ამირან გამყრელიძე ახალი ინფიცირებულების წყაროების შესახებ

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა