ავტორი:

"ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით" - რას მოგვითხრობს "ფეხბურთის მოთამაშე"

"ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით" - რას მოგვითხრობს "ფეხბურთის მოთამაშე"

„ჩემი წიგნის თემა ამბოხია – იმ ადამიანის ამბოხი, რომელიც ვეღარ იტანს სიყალბეს და გაურბის მას. უფრო სწორად, კი არ გაურბის, თავიდან იშორებს და ახალ ცხოვრებას იწყებს, სხვა ადამიანი ხდება“, – აღნიშნავს არჩილ ფირიაშვილი, რომელიც გვიამბობს, თუ როგორ დაიწერა "ფეხბურთის მოთამაშე", რა არის მისი წიგნის ძირითადი მოტივი და როგორ გახდა ის ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019–ის" ჟიურის რჩეული.

- არჩილ, რატომ შეარჩიეთ ეს თემა? ხომ არ იყო ეს ფურცელზე გადმოცემული თქვენი პროტესტი რეალობის მიმართ?

- ის, რაც დავწერე, რაც ბოლოს წიგნად იქცა, ნახევრად ბიოგრაფიულია, რა თქმა უნდა _ მხატვრულად გადმოცემული, მაგრამ შეგრძნების დონეზე ძალიან რეალური და გულწრფელი. არ დავმჯდარვარ და არ მიფიქრია თემის შერჩევაზე, უბრალოდ, რაც ჩემს თავში ხდებოდა და რასაც ვგრძნობდი, ის გადმოვეცი. ვიტყვი, რომ თემა მე არ შემირჩევია, ალბათ, უფრო პირიქით მოხდა. კი, ეს არის ამბოხი, ეს არის პროტესტი, ოღონდ, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. თანამედროვე სამყაროზე, ჩვენს ყოველდღიურობაზე ხშირად ვამბობთ, რომ გახდა უსულო, უშინაარსო, რუტინული და სინამდვილისგან დაცლილი. მაგრამ ერთი მთავარი რამ გვავიწყდება _ რომ სამყარო ასე ცაკლე აღებულად არ არსებობს. ჩვენ, ადამიანები ვქმნით სამყაროს ჩვენთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. არავინ გვაძალებს ვიყოთ მატერიალური სიმდიდრის მდევრები, არავინ გვაძალებს მთავარ ღირებულებად დიდი სახლი და ძვირი მანქანა გვქონდეს, არავინ გვაძალებს ცხოვრების 90% სამსახურში გავატაროთ იმავე სახლის და მანქანის გამო. ამიტომ, თუ ვინმეს მიმართ უნდა გაგვიჩნდეს პროტესტის გრძნობა, უპირველესად, ისევ და ისევ, საკუთარი თავის მიმართ. ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით.

– რას აღმოაჩენს მკითხველი "ფეხბურთის მოთამაშეში"?

- იდეალურ შემთხვევაში, თავის თავს დაინახავს. სურვილი მაქვს, რომ თავისი ნაწილი იპოვონ. თუ ამას მოახერხებს, მერე უკვე კითხვებიც უნდა გაუჩნდეს. თუ კითხვებიც გაუჩნდება _ საკუთარ თავთან კითხვები, ესე იგი, შეიძლება ყველაფერი ბოლოს კარგადაც დამთავრდეს. იქნებ მათ, ჩემნაირებს, ჩვენნაირებს, ამის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდეთ გრძნობა, რომ მარტოები არ არიან. ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ, უბრალოდ, უნდა გავახილოთ თვალები და გავბედოთ ერთმანეთის დანახვა.

– როგორი ტიპაჟია მთავარი გმირი და რატომ, როგორ მოხვდა იმ ყალბ გარემოში, რომელმაც შემდეგ მასში ეს პროტესტი გამოიწვია?

- მთავარი გმირის ყველაზე კარგი დახასიათება, რომელიც მე ძალიან მომწონს, ასეთია - „ისეთი, როგორიც ყველა“. ჩვენ, ერთის მხრივ, უნიკალურები ვართ, მეორეს მხრივ კი ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მთავარი გმირიც ზუსტად ასეთია. ყალბ გარემოში ის არ აღმოჩნდა, ჩვენ ყველანი მანდ ვართ ერთად და მეგობრულად და ძალიან ცოტას შეუძლია დაანგრიოს ეს, იმიტომ, რომ ასე გავიზარდეთ, იმიტომ, რომ შეჩვეულები ვართ, იმიტომ, რომ ვხედავთ - ყველა ასეა. არადა, ეს ცხოვრება შეიძლება მართლაც ვაქციოთ „დაუსრულებელ თავგადასავლად“. ვფიქრობ, ჩემი წიგნი 25 ან 30 წელს გადაცილებული მკითხველისთვისაა. როცა ვწერდი, რატომღაც ვფიქრობდი, რომ უფრო „კაცური“ რომანი გამომდიოდა. თუმცა, ვხედავ, რომ ქალებსაც ძალიან მოსწონთ - შეიძლება უფრო მეტადაც.

- რას საქმიანობდით მანამ, სანამ ლიტერატურული მიმართულებით აღმოაჩენდით საკუთარ შესაძლებლობებს?

- განათლებითაც და საქმითაც ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი ვარ. შეიძლება, ასეთი მწვავე პროტესტიც ამ სფეროში ყოფნის „დამსახურება“ იყოს, რადგან ბიზნესი ყველაზე უფრო მეტად კაპიტალისტურია, მატერიალურ სიმდიდრეზე ორიენტერებული. ეს ცუდია თუ კარგი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, ბიზნესი ფულზე ნადირობაა.

– "არჩილ ფირიაშვილის სახით, ჩვენ ჩამოყალიბებული მწერალი შევიძინეთ. ავტორმა იმდენად მაღალი კლასი აჩვენა, რომ, მასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჟიური ერთსულოვანი იყო~ _ ეს სიტყვები `გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის. არჩილ, რას ნიშნავს თქვენთვის მისი ეს შეფასება?

- ეს შეფასება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ზოგადად, ძალიან თვითკრიტიკული ვარ, როცა რომანის წერა დავასრულე და ხელახლა წავიკითხე თავიდან ბოლომდე, ვიფიქრე, რომ ეს არის ჩემი ბოდვა და შეუძლებელია, ვინმეს მოეწონოს. ვინანე კიდეც, რომ გაგზავნილი მქონდა კონკურსში. შენი თავი შეაფასო, როგორც მწერალი, კიდევ უფრო რთულია, რადგან არ არსებობს მკაცრი კრიტერიუმები, გამოცდაზე ვერ გახვალ და ქულებს ვერ მიიღებ. სხვაგვარად რომ ვთქვა, აქ არ არსებობს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომლებიდანაც ერთ-ერთი სწორია. ლევან ბერძენიშვილის აზრი კი ჩემთვის ლიტერატურაში ყველაზე ავტორიტეტულია. როცა წლებია, მის ლექციებს უსმენ პირდაღებული და გაოგნებული, თან ხვდები, რომ ეს კაცი ლიტერატურის საუკეთესო მცოდნე და შემფასებელია, და მერე, ერთ დღეს, მოულოდნელად, შენს დაწერილ წიგნზე აკეთებს ამგვარ შეფასებას, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია, დაჯერებაც კი მიჭირდა! მადლობა მას და ჟიურის დანარჩენ წევრებს ამისთვის. ჩემთვის ეს შეფასება ყველაფერს ნიშნავს.

_ როგორ მოხვდით პროექტში?

_ პატივცემული "გუგლის" მეშვეობით. ინტერნეტში მოვძებნე თუ არსებობს ისეთი სივრცე, სადაც შენს ნამუშევარს გაგზავნი და იქიდან რამეს გეტყვიან, ან კარგს, ან ცუდს. საქართველოში ასეთი ერთადერთი აღმოჩნდა სწორედ ეს პროექტი.

- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში კორკურსმა "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"? რა მოგიტანათ? 37 წლის ასაკში, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება ჩავთვალოთ? საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენად?

- დიახ, უკეთ გავიცანი ჩემი თავი - ვინ ვარ. ხალხმაც უკეთ გამიცნო, ნაცნობებმაც და უცნობებმაც. თითქოს ახლიდან გამოვიგონე ჩემი თავი.

– არჩილ, როგორია თქვენი სამომავლო ლიტერატურული გეგმები?

- ჯერჯერობით გეგმები არ მაქვს, თუმცა, ვნახოთ, არც ეს წიგნი შედიოდა ჩემს გეგმებში. "ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით" - "გაქცევა" ყალბი რეალობიდან.

ავტორი: თამთა დადეშელი

უფასო მიტანის სერვისი – „ბიბლუსი“ საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებლებს წიგნებს უფასოდ მიუტანს

ელექტრონული წიგნების ერთთვიანი პაკეტი უფასო იქნება - „გამომცელობა პალიტრა L“ ინიციატივას უერთდება

გამომცემლობა "პალიტრა L" - არდადეგებზე მყოფი ბავშვებისთვის აუდიოწიგნები უფასო გახდება