ავტორი:

"დღეს ჩემი და აწამეს და მოკლეს, ხვალ სხვის დას თუ შვილს მოკლავენ..." - ძალადობის მსხვერპლი ქალის ცხედარზე ექსპერტიზამ ფიზიკური ძალადობის კვალი ვერ დაადგინა

"დღეს ჩემი და აწამეს და მოკლეს, ხვალ სხვის დას თუ შვილს მოკლავენ..." - ძალადობის მსხვერპლი ქალის ცხედარზე ექსპერტიზამ ფიზიკური ძალადობის კვალი ვერ დაადგინა

2019 წლის 28 დეკემბერს სამეგრელოში, სოფელ შამგონაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ცნობილია.

ესპერტიზამ 32 წლის ეკა მიქავას ცხედარზე ფიზიკური ძალადობის კვალი ვერ დაადგინა.

AMBEBI.GE-მ ამ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით მოამზადა სტატია, რომელსაც თან ერთვოდა ახალგაზრდა ქალის ცხედრის ფოტომასალა. ფოტოებში ჩანს, რომ გარდაცვლილს თავზე აქვს უმძიმესი დაზიანებები, მთელ ტანზე სისხლნაჟღენთები და დალურჯებები აღენიშნება, მკლავზე კი ნაკბენი აქვს.

დაზიანებები ეკა მიქავას ცხედარზე

"საფარის" ადვოკატი ელისო რუხაძე, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ინეტერესებს იცავს, სამხარაულის ექსპერტიზის შესახებ კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ შეფასებას მხოლოდ მაშინ გააკეთებს, როცა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ექნება ხელთ. თუმცა, როგორც ცნობილია, ალტერნატიული ექსპერტიზა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და საეჭვოა, გარდაცვლილის ოჯახმა მისი ჩატარება შეძლოს.

ექსპერტიზა ამბობს, რომ დაზიანებები, რომლებიც ფოტოებში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, გვამური კვეთის დროსაა მიღებული.

ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები სამხარაულის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ. გარდაცვლილის ძმის, ნუკრი მიქავას თქმით, ექსპერტიზის შედეგები ოჯახისთვის შოკისმომგვრელი იყო.

"ექსპერტიზამ, ფაქტობრივად, არ დაადგინა რაიმე სახის ფიზიკური ძალადობა ჩემს დაზე და სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. თავი რომ ჰქონდა გაგლეჯილი და მთელ ზურგზე დალურჯებები აღენიშნებოდა, ასევე ხელი რომ მოტეხილი ჰქონდა ეს გვამური კვეთის დროს მოხდა?! ალბათ ექთანმა უხეშად იმუშავაო. წარმოგიდგენიათ?! ექსპერტიზის შემდეგ მე გადავიყვანე სახლში, გადავუღე ფოტოები ყველგან, სადაც დაზიანებები ჰქონდა და მაქვს ყველაფერი შენახული.

კარგი, სხეული გაჭრეს, თავიც გაჭრეს და გაკერეს, მაგრამ ნაკბენი რომ აქვს მკლავზე, იმას რით ხსნიან? ან თავზე გაკვეთილისგან მოშორებით ჩანარტყამი და ჩაზნექილი რომ აქვს, ეს რას მივაწეროთ? ხელი აქვს მოტეხილი და ხელმოტეხილმა ადამიანმა თავი როგორ ჩამოიხრჩო?!

ჩვენ, მთელი ოჯახი ვართ დაწმუნებული, რომ ჩემს ყოფილ სიძეს შემოაკვდა და მერე ჩამოკიდა, თვითმკვლელობის სცენა გაათამაშა. ჩემი და არ იყო ის ადამიანი, რომელიც თავს მოიკლავდა. ინგლისურის პედაგოგი იყო, ძალიან გაწონასწორებული და მყარი ფსიქიკის ადამიანი. არასოდეს არ ამბობდა რა უჭირდა. ჩვენთვის არასოდეს უთქვამს, რომ მისი ქმარი ძალადობდა, სულ გულჩათხრობილი კი იყო. მისი ბაღის თანამშრომლებიც ამბობდნენ, ეკა სულ მოწყენილი დადიოდაო..." - ყვება AMBEBI.GE-სთან საუბარში ნუკრი მიქავა.

გარდაცვლილის ძმა უკმაყოფილოა სასამართლო პროცესების მიმდინარეობითაც. ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ გარდაცვლილის ქმარს, რომელსაც გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ოჯახურ ძალადობას ედავება, სათანადო სასჯელს არ შეუფარდებენ.

"ჩემი ყოფილი სიძე აღიარებს, რომ ძალადობდა ცოლზე და ამბობს, რომ მის გამო მოიკლა თავი ჩემმა დამ. თუმცა, მკვლელობას არ აღიარებს. ჩვენ კი გვგონია, რომ მას ცემაში შემოაკვდა. დღეს ჩემი და აწამეს და მოკლეს, ხვალ სხვის დას თუ შვილს მოკლავენ, თუ ხმა არ ამოვიღეთ ყველამ ეს არასოდეს დასრულდება! მე არ ვაპირებ გაჩერებას" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში ნუკრი მიქავა.

სამი შვილის დედა, 32 წლის ეკა მიქავა, მეზობლის ეზოში მდებარე ნაგებობაში 2019 წლის 28 დეკემბერს ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მომხდარიდან მალევე დანაშაულის ურთიერთსაპირისპირო ვერსიები გავრცელდა: გარდაცვლილის ძმა და მამა სუიციდს გამორიცხავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ჯერ სასიკვდილოდ სცემა, შემდეგ კი მეზობლის ბოსელში ჩამოკიდა. ხოლო მეზობლები, თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავდნენ. მათი ნაამბობით, ეკა მიქავა ყვირილით თხოვდა დახმარებას მეზობლებს, ერთმა ურჩია ერთ-ერთ სახლში შეეფარებინა თავი და ბოლოს სწორედ იმ ეზოსკენ მიმავალი ნახეს ახალგაზრდა ქალი...

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება, სსკ-ის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 126-ე (ოჯახური ძალადობა) მუხლებით დაიწყო. საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი 31 მარტს გაიმართება.

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა